"პორტუგალიასთან დამარცხების შემდეგ მოტივაციამ ქართველები უფრო საშიშები გახადა" - ესპანეთის მწვრთნელი
"პორტუგალიასთან დამარცხების
შემდეგ მოტივაციამ ქართველები უფრო საშიშები გახადა" - ამის
შესახებ განცხადება ესპანეთის ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრების
მწვრთნელმა, ლუის დე ლა ფუენტემ გააკეთა.
ახალი მეტოქე დებიუტანტი ქართველების მიმართ პატივისცემას გამოხატავს
და მოახლოებული მატჩის წინ ვარაუდობს, რომ 30 ივნისს მოედანზე
დაძაბული თამაში იქნება.
"მათ მიმართ უდიდესი პატივისცემა მაქვს. ეს არის გუნდი,
რომელიც დიდ ტურნირზე თამაშობს და ამარცხებს პორტუგალიას. ჩვენ
დავინახეთ, რომ ისინი იხვეწებოდნენ და პროგრესირებდნენ თავიანთ
საქმეში. მოგვიწევს ჩვენი საუკეთესო ვერსიის ჩვენება, რათა გვქონდეს
გავლის შანსი. ძალიან დიდი სიფრთხილე გვჭირდება, რადგან
პორტუგალიასთან დამარცხების შემდეგ მოტივაციამ ისინი ახლა უფრო
საშიშები გახადა. ამ ტრაექტორიის გათვალისწინებით, მათაც ექნებათ
უსაფრთხოება. ჩვენ უნდა დავამტკიცოთ ჩვენი იდეა, ჩვენს ფეხბურთელებს
ეს ესმით", - ამბობს ესპანეთის მწვრთნელი.
ჩვენ მოვიგეთ - ზღაპარი გრძელდება. დღეს სახალხო ზეიმის დღეა.
საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მერვედ ფინალშია.
ქართველმა ფეხბურთელებმა სასწაული შეძლეს. მინიმალური შანსი ბოლომდე
გამოიყენეს, პორტუგალიელების უძლეველობის მითი დაამსხვრიეს და თამაში
გამანადგურებელი ანგარიშით დაასრულეს.
საქართველოს ნაკრებმა აუფ შალკეს მოედანზე დაამარცხა გუნდი, რომელიც
წლების წინ ევროპის ჩემპიონი გახდა. თამაშის დაწყებიდან რამდენიმე
წუთში ხვიჩა კვარაცხელიას გახსნილი ანგარიშით და გიორგი მიქაუტაძის
ზუსტად შესრულებული 11-მეტრიანი დარტყმით ახალი ისტორია დაიწერა.
ეროვნული ნაკრები ახლა ახალი ბრძოლისთვის ემზადება. მეტოქე კიდევ უფრო
ძლიერი, ესპანეთი იქნება. თამაში კიოლნში, 30 ივნისს
გაიმართება.