საქართველოს ევროპის ოლიმპიური კომიტეტების დროშა გადაეცა
საქართველოს, როგორც ევროპის ზამთრის
XVII ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძელ ქვეყანას ევროპის
ოლიმპიური კომიტეტების დროშა გადაეცა
ფრიული, ვენეცია, ჯულიას (იტალია)
რეგიონში დასრულდა ევროპის ზამთრის XVI ახალგაზრდული ოლიმპიური
ფესტივალი, რომელსაც იტალია 21-28 იანვრის ჩათვლით მასპინძლობდა.
ფესტივალში სპორტის 13 სახეობაში, 47 ქვეყნის სპორტსმენებმა მიიღეს
მონაწილეობა. საქართველოდან სპორტის 4 სახეობაში იასპარეზა 8
სპორტსმენმა.
ჩვენი გუნდიდან დიდ წარმატებას მიაღწია ქართველმა მოციგურავემ
კონსტანტინე სუპატაშვილმა, რომელიც ევროპის XVI ახალგაზრდულ ოლიმპიურ
ფესტივალზე ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.
დღეს ქალაქ უდინეში გაიმართა
აღნიშნული ფესტივალის დახურვის საზეიმო ცერემონია, რომელსაც
ესწრებოდნენ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ოთარ არბოლიშვილი, სეოკ-ის
პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, ვიცე-პრეზიდენტი, ,,ბაკურიანი 2025’’-ის
საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე მამუკა ხაბარელი, გენერალური
მდივანი ემზარ ზენაიშვილი, ბაკურიანის განვითარების სააგენტოს
თავმჯდომარე ეკატერინე ორჯონიკიძე და საქართველოს ოლიმპიური
დელეგაციის სხვა წევრები.
დახურვის ცერემონიალზე საქართველოს
მედროშე იყო ევროპის XVI ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ვერცხლის
მედალოსანი, ფიგურული მოციგურავე კონსტანტინე სუპატაშვილი.
ცერემონიის დასასრულს ევროპის ოლიმპიური კომიტეტების (EOC)
პრეზიდენტმა სპიროს კაპრალოსმა EOC-ის დროშა გადასცა ბორჯომის
მუნიციპალიტეტის მერს ოთარ არბოლიშვილს.
ევროპის ზამთრის XVII ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს საქართველო,
კერძოდ ბაკურიანი 2025 წელს უმასპინძლებს.
გააზიარეთ :