ბაკურიანში ევროპის თასის ეტაპებში მსოფლიო დონის სნოუბორდერები მიიღებენ მონაწილეობას
19 და 20 თებერვალს, ბაკურიანში,
საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) ეგიდით სნოუბორდში ევროპის
თასის გათამაშების ეტაპები ჩატარდება.
ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების წინ
ორგანიზატორებმა, სასტუმრო კრისტალში, საგანგებო პრესკონფერენცია
გამართეს.
ორი დღის მანძილზე სნოუბროდერები პარალელურ გიგანტურ სლალომში
იასპარეზებენ. სპორტსმენებმა პირველი არაოფიციალური ვარჯიში უკვე
გამართეს ბაკურიანის ფერდობზე.
წელს სნოუბორდის ევროპის თასზე მონაწილეობის მისაღებად 12 ქვეყნის
გამორჩეულმა სპორტსმენებმა მოიყარეს თავი. მსოფლიო პრიზიორი, 70-მდე
სნოუბორდერი, ბაკურიანში იასპარეზებს. მათ შორის ქართველი - რევაზ
ნაზღაიძეა. ასევე: ავსტრიელი სნოუბორდერი დანიელა ულბიგი - ოთხგზის
მსოფლიო თასისა და ოლიმპიური ვერცხლის მფლობელი, რომელმაც წელს
პეკინის ზამთრის ოლიმპიადაზე მოიპოვა.
ავსტრიელი სნოუბორდერი ანდრეას პრომეგერი - ორგზის მსოფლიო ჩემპიონი
და მსოფლიო თასის ოცგზის გამარჯვებული პარალელურ გიგანტურ
სლალომში.
უხუცესი სნოუბორდერი, კლაუდია რიგლერი - მსოფლიო ჩემპიონატების სამივე
სინჯის მედალს ფლობს. ის 48 წლის ასაკშიც აგრძელებს უმაღლეს დონეზე
გამოსვლას.
ბენჟამინ კარლი - ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონი სნოუბორდერი - მსოფლიო
თასებისა და ჩემპიონატების არაერთგზის პრიზიორმა ავსტრიელმა
სპორტსმენმა, სულ ცოტა ხნის წინ, პეკინის ოლიმპიურ თამაშებზეც
პარალელურ გიგანტურ სლალომში ოქროს მედალი მოიპოვა, ბაკურიანის
ევროპის თასისთვის იბრძოლებს.
საქართველოში იმყოფებიან საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის
დელეგატები და კონსულტანტები.
საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) ეგიდით საქართველოში
გამართული ყველა სატესტო ღონისძიება, 2023 წლის სათხილამურო და
სნოუბორდის ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატის ბაკურიანში გამართვის
წინაპირობაა. ქვეყანამ და საქართველოს სათხილამურო ფედერაციამ ეს
ნდობა ჯერ კიდევ 2018 წელს, საბერძნეთში, საერთაშორისო კონგრესზე
მოიპოვეს, როცა ქვეყნების დიდმა ნაწილმა მხარი დაუჭირა საქართველოს და
ჩემპიონატის ჩატარების ადგილად, უნიკალური ლანდშაფტისა და რელიეფის
მქონე უძველესი კურორტი, ბაკურიანი შეირჩა. ეს მნიშვნელოვანი მიღწევა
იყო და იმ ძალისხმევის შედეგი, რომელიც საქართველოს სათხილამურო
ფედერაციამ და მისმა გენერალურმა სპონსორმა- სილქნეტმა ერთობლივად
გასწიეს წლების განმავლობაში.
ბაკურიანი კიდევ უფრო პოპულარული ხდება მსოფლიო სპორტულ რუკაზე.
საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) ეგიდით დაგეგმილი
სავალდებულო ეტაპები მიმზიდველს და ცნობადს გახდის ისტორიულ
კურორტს.
ბოლო პერიოდში კურორტზე უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტების
განხორციელდა: აშენდა სამი ახალი საბაგირო, დამონტაჟდა ხელოვნური
გათოვლიანების სისტემის მესამე ფაზა, აიგო საშეჯიბრო ტრასა, შეძენილ
იქნა სპეც-ტექნიკა და უსაფრთხოების ინვენტარი.
ევროპის თასის ეტაპები საქართველოსთვის 2022 წლის ზამთრის სეზონის
ერთ-ერთი მთავარი ღონისძიებაა. მარტში კი ისტორიული ბაკურიანი
ფრისკიში და სნოუბორდში მსოფლიო თასის გათამაშების ეტაპებს
უმასპინძლებს.