ქალის ბლოგი
„ჩემი შვილების გამო მაცვია ჯარისკაცის ფორმა“ - სამი შვილის დედა საქართველოდან უკრაინის ომში
სამი მცირეწლოვანი შვილი საქართველოში დატოვა და თავად უკრაინაში წავიდა საბრძოლველად. თამარ სამუშია მანამდე თავდაცვის ძალების რიგებშიც ირიცხებოდა. იქამდე კი ერთ-ერთი ცენტრალური არხის კორესპონდენტი იყო.

მოქმედმა ჯარისკაცმა ქვეყნის დაცვა გადაწყვიტა და 4 აპრილს ბავშვებს დაემშვიდობა. შვილები მამას და ყოფილ მეუღლეს ჩააბარა. თვითონ კი ოკუპანტების წინააღმდეგ საბრძოლველად ომში ჩაება. გმირ დედას ინტერნეტით დავუკავშირდით და ვთხოვეთ, მოეყოლა ომის ამბები ჩვენთვის.

თავს ძალიან ემოციურად გრძნობს. გვეუბნება, რომ მისთვის უსაფრთხო ადგილი არსად არ არის. მიუხედავად ემოციური მდგომარეობისა, ცდილობს ამბავი მოგვიყვეს.

როგორც თავად ამბობს, ის არის ერთადერთი დედა, რომელსაც სამი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს და უკრაინაში საერთო მტრის წინააღმდეგ იბრძვის. ომში წასვლაც შვილების გამო გადაწყვიტა. უნდა რომ შვილებისთვის საამაყო დედა იყოს.


„ჩემს შვილებს დაბადების დღეებიც კი ვერ მივულოცე. რაც უკრაინაში ვარ, მხოლოდ მათ ფოტოებს და ვიდეოებს ვათვალიერებ და ვეფერები. ჩემი შვილებისთვის მაცვია ფორმა. მომავლის გეგმა არ მაქვს. შვილების ხმა არ მესმის, არც ვიცი რა ვთქვა... შეიძლება ვერ დავბრუნდე! ძნელია დედისთვის, სიკვდილის ტოლფასია, ვერ ნახო, ხმა ვერ გაიგო და ვერ ეფერებოდე შვილებს. ამაზე დიდი სიმწარე არ არსებობს. მამშვიდებს ის რომ მე მივაღწევ მიზანს და ნამდვილი მეომარი მერქმევა. ჩემი შვილები კი ჩემით იამაყებენ“ - გვეუბნება უკრაინაში მყოფი თამარ სამუშია.





რუსეთის ჯარი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, ერთი წლის განმავლობაში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა თითქმის 5000 სარაკეტო და დაახლოებით 3500 საავიაციო დარტყმა განახორციელეს. 1100-მდე დარტყმა - უპილოტო საფრენი აპარატებით.

გაეროს თანახმად, რაც სრულ სურათს არ ასახავს, ომის შედეგად 8000-ზე მეტი სამოქალაქო პირი დაიღუპა. საკუთარი საცხოვრებლის იძულებით დატოვება დაახლოებით 14 000 000 ადამიანს მოუწია. უკრაინის ქალაქებსა და სოფლებში განადგურებულია ათიათასობით სახლი, ადმინისტრაციული შენობები, საგანმანათლებლო და სამედიცინო დაწესებულებები და კრიტიკული მნიშვნელობის ობიექტები.

რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართულები არიან საქართველოდანაც. სამწუხაროდ, აქამდე არაერთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა ბრძოლას. სწორედ, საქართველოდან მებრძოლ გმირებს შორისაა თამარ სამუშიაც, რომელმაც მტრის წინააღმდეგ საბრძოლველად საკუთარი სიცოცხლეც კი სასწორზე დადო.


„ამბობენ, სანამ ომში მოხვდები, მანამდე უნდა ისწავლოო. ზომბებივით არიან აქ, არავის არ აინტერესებს ვინ იყავი ცხოვრებაში მანამდე და რა გაგიკეთებია. ყოფილა მომენტი, პურიც არ ჰქონია ჯარს და ვადაგასული საჭმელი გვიჭამია. ბომბის და სირენის ხმებს ისე შევეჩვიე, რეაგირება აღარ მაქვს. თვეებია შარვლით ვწევარ და ბათინკი არ გამიხდია ფეხიდან. არც ვიცი ზაფხული როდის იყო. ჩემი ყოველდღიურობა ფორმამ და დარდმა გადაფარა. ჩემი სოცოცხლე საფრთხეში იყო მაგრამ, ძილის დროს დანით ვიწექი და ავტომატები მქონდა ტყვიებით. აქ შეუძლიათ ის მოკლან ვინც უნდათ, არავინ არავის დაიჭერს, ამიტომ მუდმივად შიშში ვცხოვრობ, მუდმივად საფრთხეშია ჩემი სიცოცხლეც. ბევრი დამცირება გადავიტანე, ბევრი წნეხი, ბევრი ფსიქოლოგიური ტრავმა, თმა გამითეთრდა და ძალიან შევიცვალე. „მონა“, როცა დამიძახეს, მაშინ გავმწარდი. მე მონა არ ვარ! მე დედა ვარ, უკრაინაში ომის გულისთვის მოვედი, ომში აქამდე არ მიბრძოლია“ - გვიყვება სამი შვილის დედა საქართველოდან.


რამდენიმე დღეში მიმართულებას იცვლის (მისი უსაფრთხოებიდან გამომდინარე, არ ვაკონკრეტებთ სად იქნება) და ბრძოლის წინა ხაზზე იქნება, საკუთარ დაბადების დღეზე გამარჯვებისთვის იბრძოლებს. ამბობს, რომ ბრძოლის ველზე ყოფნის დროს, დაჭრილებს დაეხმარება.


„კონტრაქტით მივდივარ წინა ხაზზე, გარკვეული გამოცდილება მაქვს მედიცინაში და დაჭრილებს დავეხმარები. სხვადასხვა პროფესია მქონდა, აქ მთავარია იცოდე საქმე და გიყვარდეს ის რასაც აკეთებ. 15 სექტემბერს, ჩემს დაბადების დღეზე, წინა ხაზიდან მომიწევს იუბილის აღნიშვნა. ეს იქნება განსხვავებული დაბადების დღე ჩემთვის. თუმცა, მთავარი გამარჯვებაა. მთავარი - საერთო მტრის დამარცხებაა! იმედი მაქვს, ოდესღაც დავუბრუნდები ჩემს შვილებს, მშობლებს. იმედი მაქვს, აქედან გამარჯვებულები დავბრუნდებით. მე კი უკვე ამაყი ვარ რომ ვარ ომში, ისევ ჩემი შვილების გამო!“ - თამარ სამუშია, უკრაინაში მებრძოლი სამი შვილის დედა საქართველოდან.


Print E-mail
FaceBook Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.