სტერეოტიპები პროფესიებში
სტერეოტიპები გვხვდება ყველგან,
ყოველ ფეხის ნაბიჯზე. სტერეოტიპები ძირითადად გავრცელებულია
პროფესიებში და განსაკუთრებით ფესვგადგმულია ისეთ დასახლებებში, სადაც
ინფორმაციაზე ხელი ნაკლებად მიუწვდებათ, ენობრივი ბარიერის
გამო.
გაგაცნობთ ახალგაზრდებს
სამცხე-ჯავახეთიდან, კერძოდ ახალქალაქისა და ნინოწმინდის
მუნიციპალიტეტებიდან, რომლებიც სტერეოტიპებს, პროფესიების არჩევისას
შეხვდნენ და მათ წინააღმდეგ ბრძოლა გადაწყვიტეს.
„მე ელიზაბეტ სარაული ვარ სამცხე-ჯავახეთიდან.
ნინოწმინდა, ეს ის ადგილია, სადაც მოსახლეობის 95% ეთნიკურად სომეხია.
ქალაქი გამოირჩევა ბევრი რამით. აქვს კარგი და ცუდი მხარეებიც...
მაგრამ, ამ მუნიციპალიტეტში ყველაზე მეტად თვალში მოსახვედრია აქაური
აზროვნება და მენტალიტეტი. გავრცელებულია ე.წ. სტერეოტიპები, რომელიც
ხშირად ხელს გვიშლის ახალგაზრდებს განვითარებაში, საკუთარი მიზნების
და ოცნებების ახდენაში. რა თქმა უნდა, მეც შემხვედრია ბევრი
სტერეოტიპი... თუნდაც იმაზე, რომ ამ ასაკში ტელევიზიაში ვმუშაობ და
ზედმეტად „გახსნილი“ ადამიანი ვარ“ - ამბობს
ელიზაბეტი.
ასეა ნინოწმინდელი მზისა ხმალაძის შემთხვევაშიც, რომელიც სტუდენტია.
სწავლობს კინორეჟისურის ფაკულტეტზე და დაკავებულია სამოქალაქო
აქტივიზმით, ასევე მოხალისეობრივი საქმიანობით. მზიას ყველაზე მეტად,
პროფესიასთან დაკავშირებული სტერეოტიპები ხვდება.
„როდესაც ვამბობ, რომ დოკუმენტური ფილმების რეჟისორობას
ვაპირებ, საზოგადოება ამას არასერიოზულ პროფესიად აღიქვამს. ხშირად
ერევათ ერთმანეთში რეჟისორობა და ჟურნალისტიკა. ხშირად ჩნდება კითხვა,
თუ სად უნდა ვიმუშაო შემდგომ? პირადად მე, ეს სტერეოტიპი ხელს არ
მიშლის კარიერულ წინსვლაში. ჩვენს რეგიონში, უფროსი ასაკის
ადამიანებში უფრო გავრცელებულია სტერეოტიპები, გარკვეული ტრადიციებისა
თუ წეს-ჩვეულებების გამო, რის გამოც, ჩვენი თაობა მათი ზეგავლენის
ქვეშ ექცევა. ამიტომ, სტერეოტიპები არ ქრებიან. თუმცა, აღსანიშნავია,
რომ არიან ახალგაზრდები, რომლებიც სტერეოტიპების აღმოსაფხვრელად
აქტიურად იბრძვიან“ - ამბობს მზია.
ნინოწმინდის მსგავსად, იდენტური მდგომარეობაა მის მეზობელ ქალაქში -
ახალქალაქშიც. აღავნ მოსოიანი სოფელ დილისკაში ცხოვრობს. სწავლობს
ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ფაკულტეტი,
მოდის დიზაინის მიმართულებით - სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება
აირჩია. აღავნს ხატვა უყვარს და როდესაც მეცადინეობას ამთავრებს,
თავისუფალ დროს ხატავს. სტერეოტიპები მასაც ხელს უშლის და აღიზიანებს.
ბრაზდება, როდესაც მის არჩეულ პროფესიას გარშემომყოფები არასერიოზულად
აღიქვამენ.
„ზოგადად, ჩემს გარშემომყოფებს და მეგობრებს მე თვითონ
ვირჩევ და ვცდილობ ისეთი ადამიანები ავირჩიო, ვისთანაც თავს კარგად
ვგრძნობ. ყველაზე ძალიან მაღიაიზიანებს, როდესაც ხალხი ჩემს არჩეულ
პროფესიას არასერიოზულად აღიქვამს. უმრავლესობა ირჩევს იმ პროფესიას,
რაც „მოდაშია“ და თუ შენ რაიმე განსხვავებულს ირჩევ, მაშინ ცუდად
აღიქვამენ. სტერეოტიპები ხშირ შემთხვევაში გოგონებზე ვრცელდება,
განსაკუთრებით იმ დროს, როცა ქალაქში გოგო დამოუკიდებლად ცხოვრობს და
მუშაობს. ხალხი ფიქრობს, რომ ეს კარგი არ არის. სტერეოტიპებს ხელი
ბევრისთვის შეუშლია... მეც შემხვედრია ისეთი ადამიანები, რომლებიც
ამბობდნენ, რომ უნდოდათ უნივერსიტეტში ის ფაკულტეტი თუ სპეციალობა
აერჩიათ, რომელზეც მე ვსწავლობ, მაგრამ მოუწიათ სხვა არჩევანის
გაკეთება, რადგან ხალხისთვის ის „მოდური: არ იყო!... ასე
სტერეოტიპულად, ძირითადად უფროს ასაკის ადამიანები ფიქრობენ და
ცდილობენ ახალი თაობა მათი გავლენის ქვეშ მოაქციონ. არასწორია, როცა
ახალგაზრდები სტერეოტიპების მსხვერპლნი ხდებიან და ოცნებებს ვერ
იხდენენ. ჩემი აზრით, თითოეულ ადამიანზეა დამოკიდებული, მივცემთ თუ
არა სტერეოტიპებს ჩვენი მართვის საშუალებას“ - თქვა
აღავნ მოსოიანმა.
ჰასმიკ პეტროსიანი ახალქალაქის სოფელ ხავეთიდანაა. ქალაქიდან
მოშორებით ცხოვრობს და მანძილსი გამო, სხვადასხვა წრეზე სიარულს ვერ
ახერხებს. ცდილობს დანაკლისი ონლაინ პროექტებში ჩართულობით
აინაზღაუროს. განსაკუთრებით უყვარს ხატვა და წერა. სტერეოტიპები არც
მისთვის არის უცხო. ცხოვრობს ისეთ გარემოში, სადაც არაერთხელ სმენია
სტერეოტიპული მიდგომები, განსაკუთრებით გენდერულ ჭრილში.
„აქ ცხოვრობენ ისეთი ადამიანები, რომლებიც სხვისი
ცხოვრებით ცხოვრობენ. სტერეოტიპებს ყოველდღე ვხვდები და ყველაზე
გავრცელებული სტერეოტიპები სქესს უკავშირდება.. მაგალითად: თუ გოგო
ხარ, ამის გაკეთება არ შეგიძლია, გარკვეული შეზღუდვები გაქვს...
ამბობენ, რომ გოგო უნდა იყოს ნაზი, ზედმეტად სერიოზული და მისი ადგილი
მხოლოდ სამზარეულოშია. ყველაზე ხშირად მსმენია სტერეოტიპი: „გოგო ხარ
და არ გიხდება, ეგ რა გოგოს საქმეა“. ერთ მაგალითსაც გავიხსენებ, ჩემს
მეგობარს უნდოდა რომ ევლო კარატეზე და ბოქსზე. მშობლები წინააღმდეგები
იყვნენ მხოლოდ იმის გამო, რომ ის გოგო იყო. უამრავი სტერეოტიპია ჩვენს
ირგვლივ, მაგრამ, ნელ-ნელა იცვლება მდგომარეობაც. მე პირადად,
წინააღმდეგი ვარ სტერეოტიპების რადგან ვფიქრობ, ყველა ადამიანი
დაბადებიდან თავისუფალია განურჩევლად ასაკისა და სქესისა. იმისათვის,
რომ სტერეოტიპები გაქრეს, საჭიროა ადამიანების ინფორმირება და მეტი
განათლება“ - მპასუხობს ჰასმიკ პეტროსიანი.
ელიზაბეტი, მზია, აღავნი და ჰასმიკი - ესენი არიას ის ახალგაზრდები,
რომლებიც სტერეოტიპული გარემოს მიუხედავად, არ ცვლიან პროფესიულ
არჩევანს, ყოველდღიურად ცდილობენ იბრძოლონ საკუთარი მიზნების
მისაღწევად. მათი მთავარი დევიზია „პროფესიას არ აქვს სქესი!“.