ქალები პოლიტიკიდან
ბორჯომის მოქმედ საკრებულოში, 33
დეპუტატიდან 9 ქალია. წინა მოწვევის საკრებულოსთან შედარებით, მათი
რაოდენობა ოთხით გაიზარდა, თუმცა გენდერული ბალანსი არც ამ მოწვევის
საკრებულოშია დაცული.
ბორჯომის საკრებულოში, მმართველ გუნდს 6 დეპუტატი ქალი წარმოადგენს.
აქ გამოცდილებთან ერთად, არიან ახალი სახეებიც.
„ქართული ოცნების“ სახელით, ელზა კუჭუხიძე დვირის თემის მაჟორიტარი
დეპუტატია. სხვა ქალებთან შედარებით, მას პოლიტიკაში ყოფნის უფრო მეტი
გამოცდილება აქვს. კუჭუხიძე მესამედაა წარმომადგენლობით ორგანოში.
„ჩემი პოლტიკაში მოსვლის მიზეზი გახდა სოფელში არსებული
პრობლემები. ყოველთვის მინდოდა, რაღაც წვლილი შემეტანა ჩემი სოფლების
განვითარებაში. მესამედ აღარ ვაპირებდი, მაგრამ, ხალხი ვერ მივატოვე,
რადგან ჯერ კიდევ ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი. მინდა რომ
დავამთავრო ყველაფერი, რაც დაგვრჩა მოსაგვარებელი. სულ დეპუტატი ხომ
არ ვიქნები და რომ წავალ აქედან, მინდა რომ დარჩეს ეს ყველაფერი
გაკეთებული. ჩემი ინიციატივები ძირითადად ეხება ხოლმე
ინფრასტრუქტურას. ეს იქნება მისასვლელი გზები, სოფლის ჩიხები, გარე
განათება და ასე შემდეგ... მინდა რომ ეს ყველაფერი
დავასრულო“ - ელზა კუჭუხიძე.
ხათუნა ხარაზიშვილიც მმართველ გუნდს წარმოადგენს. ის პოლიტიკაში ახალი
სახეა. აქამდე საკრებულოს დეპუტატი არ ყოფილა. მას სხვადასხვა სფეროში
მუშაობის გამოცდილება აქვს. პოლიტიკასთან ერთად არის ბორჯომის №3
საჯარო სკოლის დირექტორი.
„ქალის როლი პოლიტიკაში უმნიშვნელოვანესია და ვფიქრობ, ამ
დროს სქესი არ არსებობს. საქმე, როგორც კაცს შეუძლია გააკეთოს
პოლიტიკაში, ზუსტად იგივენაირად შეუძლია გააკეთოს ქალმაც. სამწუხარო
რეალობაა, როდესაც ჩვენი საზოგადოება კაცების მიმართ უფრო ნდობით
არიან განწყობილი და ფიქრობენ, რომ კაცის გაკეთებული საქმე უფრო
ხარისხიანი და კარგი იქნება. სამწუხაროდ, ბევრ სფეროში ქალების
სიმცირეა. მე პირადად, ყველა იმ საკითხს დავუჭერ მხარს, რომელიც
ადამიანის უფლებებს დაიცავს, მიუხედავად გენდერისა“ -
ხათუნა ხარაზიშვილი.
რაც შეეხება ოპოზიციას. მარიამ ხუციშვილიც ახალი სახეა ბორჯომის
საკრებულოში. ის წარმომადგენს ერთიან ნაციონალურ მოძრაობას. მარიამ
ხუციშვილს პოლიტიკაში ყოფნის გამოცდილება 2012 წლიდან აქვს. ის საოლქო
საარჩევნო კომისიის წევრი იყო ნაციონალური მოძრაობიდან.
„ჩემი აზრით, რაც მეტი ქალი იქნება ჩართული
გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, უკეთესი იქნება ქვეყნისთვის. თუ
გავითვალისწინებთ იმას, რომ ჩვენი ქვეყნის 50% ქალები არიან, რა
საკვირველია, მნიშვნელოვანია მათი აზრის გათვალისწინება. ქალები და
კაცები ბევრ საკითხს სხვადასხვა ინტერესის მიხედვით უყურებენ. ამ
ინტერესებს კი მარტო კაცები არ უნდა წარმოადგენდნენ. რიგ საკითხებში
ქალებს განსხვავებული ხედვა და გამოცდილება აქვთ. მაგალითად:
მარტოხელა დედების პრობლემებს ქალები უფრო უკეთესად გრძნობენ.
აგრეთვე, უკეთესად იციან, რატომ არის მნიშვნელოვანი ქალების
ეკონომიკური გაძლიერება. თუნდაც ის, რომ რამდენად მნიშვნელოვანია
სახელმწიფოს ჩართულობა ოჯახში ძალადობის დროს, დაზარალებული პირების
მიმართ. სულ ელემენტარულია და ქალმა უკეთესად იცის რამდენად
მნიშვნელოვანია საბავშვო ბაღების, ბავშვთა მოვლის სერვისების
გაძლიერება და გაუმჯობესება. მე რა საკვირველია, სოციალურ
პროგრამებით, მარტოხელა დედების პრობლემებით და ოჯახში ძალადობის
საკითხებით დავინტერესდები. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ქალაქშიც ბევრი
იქნება ესეთი, ბევრი შეიძლება დუმს კიდეც და არ ვიცით მათი
პრობლემები.... ვიცით, დაგროვილი პრობლემები რა სავალალო შედეგებამდე
მიგვიყვანს. ჩემი ინტერესია, დაზარალებულების გვერდით
ვიდგე“ - მარიამ ხუციშვილი.
ტატიანა მარტინენკო კი, რომელიც უკვე მეორედ არის შესული ბორჯომის
საკრებულოში, პატრიოტთა ალიანსის წარმომადგენელია. პარტიიდან ის
ერთადერთია წარმომადგენლობით ორგანოში.
„ჩემი ინიციატივა და ნაყოფიერი მუშაობა არის ის, რომ
ყოველთვის ვცდილობდი და ვცდილობ დავეხმარო ჩვენს მოქალაქეებს.
ადვოკატირებას ვუწევ სხვადასხვა საკითხს. ჩემი მუშაობა მოქალაქეებმა
უნდა შეაფასონ.... და ალბათ ამ შეფასების შედეგია, რომ მე მეორედ
მოვხვდი ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოში. მე ვარ რიგითი
დეპუტატი და ჩემი ინიციატივები დამოკიდებულია იმაზე, თუ რა კუთხით
წავა მუშაობა. ბევრ სახელმწიფოში, ქალების ჩართულობით, საკანონმდებლო
ცვლილებები იქნება ბევრად უფრო წარმატებული. მე ვფიქრობ, რომ ქალების
ჩართულობით დაიხვეწება განათლების სისტემა, ჯანდაცვის სისტემა და
სამშვიდობო პროცესების განვითარება მოხდება“ - ტატიანა
მარტინენკო.
გენდერის საკითხებში სპეციალისტები ამბობენ, რომ პოლიტიკური პარტიები
ქალებს პროპორციულ სიებში წამახალისებელი ნორმის გამო სვამენ. იღებენ
დაფინანსებას, თუმცა ქალებს არ სვამენ მოწინავე პოზიციებზე.
ქალების სიებში ჩასმა რომ ფორმალურად ხდება, ეს კარგად შესამჩნევია
ქართულ პოლიტიკაში. ვითარება არც კვოტირებამ და არც სიებში ქალების
გადანაწილების პრინციპმა შეცვალა. წარმომადგენლობით ორგანოებში,
უმრავლესობას მაინც კაცები წარმოადგენენ. რაც შეეხება აღმასრულებელ
ორგანოს, მდგომარეობა არც აქ არის სახარბიელო. ბორჯომის შემთხვევაში,
მერიც და მისი მოადგილეც კაცია. გასულ წლებშიც კაცები იყვნენ ქალაქის
პირველი პირები. რაც შეეხება სამცხე-ჯავახეთს. რეგიონის ექვსი
მუნიციპალიტეტიდან, ქალი მერი მხოლოდ ნინოწმინდას ჰყავს. დანარჩენ ხუთ
მუნიციპალიტეტს კაცები მართავენ.