თუ თქვენ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში მოგზაურობას გადაწყვეტთ,
აუცილებლად მოგიწევთ პირველ რიგში ესტუმროთ ვიზიტორთა მომსახურების
ცენტრს,სადაც სპეციალისტებთან გასაუბრების
შემდეგ გაეცნობით ინფორმაციას პარკის შესახებ, თუ რომელი ბილიკი
მოინახულოთ და დალაშქროთ.
ნინო ავეტისიანი უკვე მეექვსე წელია ვიზიტორებს პარკის შესახებ აწვდის
ინფორმაციას და სხვადასხვა სერვისს სთავაზობს. სამცხე-ჯავახეთის
სახელმწიფო უნივერსიტეტში საინფორმაციო ტექნოლოგიების ბაკალავრიატი და
ასტროფიზიკის მაგისტრატურა დაამთავრა. მაგისტრატურის პირველი კურსის
სტუდენტი იყო როდესაც ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში დაიწყო
მუშაობა. მას შემდეგ ვიზიტორთა მომსახურების უფროსი სპეციალისტის
პოზიციაზეა. მისი მოვალეობაა ვიზიტორთა ინფორმირება და არსებული
შეთავაზებების გაცნობა. მათთვის საინტერესო და სასარგებლო
ინფორმაციის, უსაფრთხოების ზომების მიწოდება. ნინო ამბობს, რომ:
„აქ მოსული ტურისტებისთვის შთაბეჭდილების შექმნა ზოგადად
ქალაქზე, ეროვნულ პარკზე, რეგიონსა და ქვეყანაზე, იმაზეა
დამოკიდებული, მსგავსი დაწესებულებებიდან რა ინფორმაციით გავა. ჩვენ
ვქმნით სახეს და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო.
ინფორმაცია არის ძალიან დიდი და ბევრი, მაგრამ უნდა შეგეძლოს უცებ
გამონახო მისთვის საჭირო. თუნდაც არ დააყოვნო, დააინტერესო, იმისთვის
რომ მეორედ მოვიდეს“.
კორონავირუსის პანდემიამ ნინოს ცხოვრების და მუშაობის სტილიც შეცვალა.
ამბობს, რომ ახალი რეალობის წინაშე დადგა. რთული აღმოჩნდა
განსხვავებულ პირობებში ცხოვრება და მუშაობა. სამსახურში ვიზიტორთა
ნაკადი საკმაოდ შემცირდა. ითვალისწინებენ დაწესებულ შეზღუდვებს.
თანამშრომლობენ სასწავლო დაწესებულებებთან. აქამდე თუ სხვადასხვა
აქტივობებს დაცული ტერიტორიის ადმინისტრაციაში ან ველზე ასრულებდნენ,
ახლა დისტანციურად უწევთ, რაც სირთულეს წარმოადგენს.
„როდესაც საქმე გვაქვს
ბავშვებთან და ახალგაზრდებთან, უფრო მეტი სიფრთხილეა საჭირო, როგორც
ჩვენი ასევე სხვადასხვა პროექტის ორგანიზატორების მხრიდან. ამიტომ
გადავწყვიტეთ, რომ უმრავლესობა აქტივობისა ყოფილიყო დისტანციურად.
რამაც ნამდვილად შეცვალა ის რეალობა.
როცა მათთან ერთად ხარ სხვანაირი ემოციით უყვები ყველაფერს,
სხვანაირედ ხვდები მათ ემოციებს და შთაბეჭდილებებს. აქედანაც
ვცდილობთ, მაგრამ ისე არ არის როგორც აქამდე იყო
რასაკვირველია“.
ლექციები
უნივერსიტეტში
მიმდინარე წლის ახალი სასწავლო წლიდან ნინო სამცხე-ჯავახეთის
სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომელია. იქ სადაც სწავლობდა ახლა
ლექციებს კითხულობს. პირველი კურსის სტუდენტებს საკუთარ პროფესიას
უზიარებს, საინფორმაციო ტექნოლოგიებს ასწავლის.
„როდესაც სამსახურს გთავაზობს დაწესებულება რომელმაც
გაგზარდა, გასწავლა და ახლა ნდობას გიცხადებს, ეს უკვე ორმაგი
პასუხისმგებლობაა. უნივერსიტეტი განდობს თავის პირველკურსელებს და ეს
ყველაფერი ხდება იმიტომ, რომ გიცნობენ როგორც მის კურსდამთთავრებულს.
ნამდვილად ემოციური იყო, ძალიან გამიხარდა, და შემეშინდა კიდეც
თავიდან. საკუთარ თავს ვუყურებდი ეჭვის თვალით შეძლებ თუ არა თქო,
მაგრამ ძალიან საინტერესოა. გამოცდილება მქონდა სტუდენტებთან
ურთიერთობის და ამიტომ უფრო გავბედე . თან დავუბრუნდი, გავიხსენე
პროფესია“.
პანდემიის გამო უნივერსიტეტში მხოლოდ ხუთი ლექციის ჩატარება მოასწრო.
შემდეგ დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ. ნინო ამბობს, რომ
პირველკურსელებთან ურთიერთობა იმდენად საინტერესოა, მომავალში თუ
მსგავსი შესაძლებლობა იქნება ყოველთვის დათანხმდება.
„მას შემდეგ რაც დისტანციურ სწავლებაზე გადავედით ძალიან
ბევრი სტუდენტი მწერს, რომ ჩემი ლექციები მოენატრათ. ვერ აგიღწერთ ეს
რა ემოციაა. ის ხუთი ლექცია ღირდა ამ ყველაფრად ასე
მგონია“.
ისტორიის ფაკულტეტის პირველკურსელებთან მუშაობას ამჯერად დისტანციურად
აგრძელებს, რაც რეალობა გახდა დღევანდელი დღის. ერთადერთი პრობლემა,
რაც პროცესს დროში აფერხებს ტექნიკური ხარვეზები ან ტექნიკის
არქონაა.
„თუ აქამდე სამუშაოს უთმობდი 1-2 საათს ან 2 დღეს, ახლა
ცდილობ მთელი კვირა მისცე, რომ გამონახოს შესაძლებლობა რაღაც
გააკეთოს, არ ჩამორჩეს კურსს და მიიღოს მისთვის შესაფერისი ქულა.
რასაკვირველია ტექნიკური სირთულეები არის“.
ტრენინგები ახალგაზრდებთან
სტუდენტობის პირველი კურსიდან ა.ო. „დემოკრატ მესხთა კავშირთან“
თანამშრომლობს, სადაც შესაძლებლობა ჰქონდა არაფორმალური განათლება
მიეღო. იყო რამდენიმე პროექტის მონაწილე. მიღებულ გამოცდილებას ახლა
ბავშვებს უზიარებს. ტრენინგებს სხვადასხვა თემაზე ატარებს. პანდემიის
გამო მუშაობას აქაც დისტანციურად აგრძელებს. ისვენებს როდესაც
ბავშვებთან მუშაობს.
გზა
წარმატებისკენ
მიუხედავად იმისა, რომ სამ ორგანიზაციასთან თანამშრომლობს და
დატვირთული რეჟიმი აქვს, დროის განაწილებას მიეჩვია. ამბობს, რომ
წარმატება დაკავშირებულია მონდომებასა და სწავლასთან. მიზნის მიღწევის
დროს არ უნდა გაჩერდე. ყოველთვის უნდა ეცადო განვითარდე და ისწავლო
ყველასგან.
„მნიშვნელობა არა აქვს შენი სტუდენტი იქნება, მოსწავლე,
მასწავლებელი თუ უბრალოდ გამვლელი. ყველაფრისგან და ყველასგან ცდილობ
რაღაცის სწავლას, რომ უფრო მეტად განვითარდე და ხვალ უფრო მეტი
მოგეკითხებოდეს ვიდრე დღეს ხარ. ეს ყველაფერი მოიტანა ხელშეწყობამ და
იმ გარემომ სადაც ვმუშაობ. ყოველთვის თითქოს სადაც მიდიხარ გხვდება
გარემო სადაც იზრდები და ეს შეიძლება ითქვას მუშაობასთან და
სწავლასთან ერთად არის გამართლებაც მემგონი“.
მტკივნეული თემა
მიუხედავად იმისა, რომ სამუშაოს დიდ ნაწილს დისტანციურად ასრულებს
თავისუფალი დრო ცოტა აქვს და ცდილობს სახლში იყოს. კარანტინის
პერიოდში, როდესაც 3-4 თვე სახლში ყოფნა მოუწია, აღმოაჩინა, რომ
სოფლის მეურნეობასა და ბაღთან დაკავშირებული საქმე სასარგებლო და
საინტერესოა. ოჯახს ბაღის დამუშავებასა და მოვლაში დაეხმარა და
ბოსტნეული დათესეს. დროც აქტიურად გადიოდა. გიორგიწმინდაში ცხოვრობს.
უყვარს სოფელი. სწორედ ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ რეგიონში
დარჩენილიოყო. უნივერსიტეტიშიც აქ ისწავლა, სამსახურიც შორს არ
უძებნია, მიუხედავად იმისა, რომ სხვა შესაძლებლობებიც ჰქონდა.
„ყოველთვის ძალიან ვცდილობ, რომ გამოვძებნო მიზეზები და
დავრჩე რეგიონში, არ წავიდე და ამაში მეხმარება ალბათ ის გარემო
რომელიც სახლში, ჩემთან სოფელში მაქვს და მოწყენის და თავისუფალი
დროის ქონის საშუალებას არ მაძლევს“.
რეგიონისა და სოფლის დატოვება მისთვის მტკივნეული თემაა. ყოველთვის
ცდილობდა უფროს თაობასთან ყოფილიყო და მათგან ბევრი ესწავლა. გული
წყდება ადამიანები რომ მიდიან და სოფლები რესურსისგან იცლება.
„თუ ისე მოხდება, რომ ყველა ახალი იდეა, ახალი ძალა და
შესაძლებლობა ადგება და წავა, სოფელში არ რჩება არაფერი და ეს ძალიან
ცუდია. ბევრი ორგანიზაციაა სამთავრობო თუ არასამთავრობო და ესეც რომ
არ იყოს, შენ თვითონ შეგიძლია რაღაც გააკეთო. ამის შესაძლებლობა
ნამდვილად არის. უბრალოდ მონდომებაა და ცოტა მეტად უნდა გიყვარდეს ის
გარემო, რომელშიც გაიზარდე და არ იყო გაქცევაზე.
როცა გარბიხარ თან მიგაქვს ყველაფერი რისი კეთებაც და დატოვებაც აქ
შეგეძლო. ამის ყურება რომ იყო მტკივნეული ალბათ იმიტომ გადავწყვიტე,
რომ მე არ უნდა წავსულიყავი. იმედია რომ გამოვა მიზნები რომელიც მაქვს
სამომავლოდ და აქვე განხორციელდება“.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.