ქალის ბლოგი
ბარიდან მთაში - ორი ნინოს ამბავი ბალანთიდან



ამ მასალაში 2 ახალგაზრდა ქალი უნდა გაგაცნოთ. მოგიყვებით ორ ნინოზე,

რომლებმაც თავისდაუნებურად ბარი მიატოვეს და ბორჯომის მუნიციპალიტეტში, მაღალმთიან სოფელ ბალანთაში, უკვე 10 წელია ცხოვრობენ. ყველაფერი კი განათლების სამინისტროს პროგრამით „ასწავლე საქართველოსთვის“ დაიწყო. ამ პროგრამით  მოხვდა ორი ახალგაზრდა პედაგოგი, ბალანთის სკოლაში.

 

„მე მარტყოფში ვცხოვრობდი, 2010 წლის ზაფხული იყო, იმ პერიოდში არ ვმუშაობდი, ძალიან ბევრ ადგილზე მქონდა განაცხადი შეტანილი და პასუხს ველოდებოდი. ერთ საღამოს ტელევიზორს ვუყურებდი მამასთან ერთად და რეპორტაჟი გადიოდა ამ პროგრამაზე, რაღაცნაირად მომინდა მონაწილეობა და მამას ვუთხარი ხო არ მესინჯა მეთქი,  მოლოდინი მქონდა, რომ პასუხი უარყოფითი იქნებოდა, შორს ჩემი გაშვება გაუჭირდებოდა, მაგრამ მშვიდად მითხრა, თუ გინდა წადიო“

ასე მოხვდა პროგრამის  მოსამზადებელ ტრენინგზე ნინო ახალკაციშვილი, პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“ მთის სოფლებში,  პედაგოგების ბარიდან გაგაზავნას და ხელშეწყობას გულისხმობდა. ამ ტრენინგზე შეხვდა და გაიცნო ნინო ვასაძეც.

„ამ პროგრამაში მე ნინოსავით გააზრებულად არ მიმიღია მონაწილეობა, ეს იყო ჩემთვის მორიგი კონკურსი, რომელმაც შემიტყუა. საბოლოო ჯამში კონტრაქტს ისე მოვაწერე ხელი, რომ არ ვიცოდი სად მივდიოდი.“ -ამბობს გურული ნინო ვასაძე.




ნინო ახალკაციშვილის პირველი მგზავრობა ბალანთაში


არცერთმა მათგანმა ზუსტად არ იცოდა სად მიდიოდა და რა პირობებში მოუწევდათ ცხოვრება და მუშაობა. როდესაც განაწილების დროს უთხრეს, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბალანთაში უშვებდნენ, არ გაუპროტესტებიათ, არ ეგონათ ბორჯომიდან ასე მოშორებულ სოფელში თუ აღმოჩნდებოდნენ.

ნინოები იმ პირველ შთაბეჭდილებას იხსენებენ, რაც ბალანთას უკავშირდება.

 


ბალანთის პედაგოგობიდან, სოფლის პატარძლობამდე

ზღვის დონიდან 1860 მეტრზე მდებარე სოფელი ბალანთა, ბორჯომიდან 70 კილომეტრით არის დაშორებული. პატარა მთის სოფლამდე მისასვლელად ცხრაწყაროს უღალტეხილია გასავლელი. ბალანთა ძირითადად ეთნიკური ქართველებით დასახლებული სოფელია, მის მიმდებარე სოფლებში ტაბაწყურში, მოლითში და ჭიხარულაში კი ეთნიკური სომხები ცხოვრობენ.



სოფელი ბალანთა

ახალი გარემო, ადამიანები, სკოლა, მოსწავლეები, კლიმატი, სახლი - ნინოებისთვის ბალანთაში ყველაფერი ახალი იყო.

ასე დაიწყო ნინო ახალკაციშვილის და ნინო ვასაძის გამოწვევებით სავსე დღეები ბალანთაში. მაშინ ვერცერთი მათგანი ვერ წარმოიდგენდა, რომ ბალანთის ძალიან პატარა სკოლაში, ერთწლიანი სამუშაო ხელშეკრულება  გაგრძელდებოდა. ვერც იმას წარმოიდგენდნენ, რომ იქ, ბალანთაში, პედაგოგებად მივლენილები, სულ მალე სოფლის პატარძლები აღმოჩნდებოდნენ.



პირველი დღეები ბალანთაში


ბინა ერთად იქირავეს, ერთ-ერთი ადგილობრივის ოჯახში.

„ძალიან თბილად მიგვიღეს, გვეხმარებოდნენ, შვილებივით გვექცეოდნენ, ოჯახშიც და სოფელშიც“ - გვიყვება ნინო ახალკაციშვილი

„ისე მოხდა, რომ ბინა, ჩემი მომავალი მეუღლის ოჯახში ვიქირავეთ, იმ დროს ჩემი მეუღლე სავალდებულო სამსახურს იხდიდა და სახლში არ იყო, მე ფაქტობრივად სახლში დავხვდი, იცოდა რომ სახლში პედაგოგები დახვდებოდნენ, მაგრამ ეგონა რომ ხანდაზმულები იქნებოდნენ. გაკვირვებას ვერ მალავდა მე და ნინო, რომ გაგვიცნო. მალევე დაიწყო  ჩვენი ურთიერთობა, ოქტომბერში ჩამოვიდა და დეკემბერში უკვე დავოჯახდით“ – ამბობს ნინო ვასაძე.



ნინო ვასაძე ოჯახთან ერთად

ნინო ვასაძის შემდეგ, მეორე ნინოს ჯერიც დადგა, მომავალი მეუღლე მანაც ბალანთაში აღმოაჩინა.

„როდესაც ოჯახიდან ხარ წასული, სულ ეძებ ადამიანს, თავშესაფარს, ვისაც ენდობი, ასეთი აღმოჩნდა მამუკა, მალე დავახლოვდით. აპრილი იყო, ბრმა ნაწლავმა შემომიტია და სახლში წავედი, ოპერაციის გაკეთება გადავწყვიტე, სახლში მისულს ტკივილი გამიქრა და უკან ბალანთაში 5 აპრილს ვბრუნდებოდი, მომდევნო დღეს დაბადების დღე მქონდა. დედამ მითხრა, რაღაცეებს გაგიმზადებ და წაიღეო, ნიგვზიანი ისპანახით დაწყებული, ღვინო-არაყით და ნამცხვარით დამთავრებული, ყველაფერი ჩამილაგა.“ - ხალისით იხსენებს ნინო ახალკაციშვილი დაოჯახების ისტორიას.

რისი წამოღებაც შეძლო, ყველაფერი ერთ დიდ ჩანთაში ჩაალაგა და ბალანთისკენ გაეშურა. ბორჯომში მომავალი მეუღლე, მამუკა დახვდა და ბალანთაში მანქანით წაყვანა შესთავაზა. სოფელში წაყვანის ნაცვლად მამიდასთან წაიყვანა.



ცვლილებები, გამოწვევები და „პარიზს დამსგავსებული ბალანთა“

ასე შემორჩა ორივე ნინო მთის პატარა სოფელს. მიზნად ბალანთაში ცვლილებები, საკუთარი და სხვისი შვილებისთვის,  უკეთესი გარემოს შექმნა დაისახეს.

ამბობენ, რომ სოფელს ახალგაზრდები ტოვებენ, ვისაც ამის შესაძლებლობა აქვს მთიდან ბარში გადადის საცხოვრებლად. ნინოებმა კი გადაწყვიტეს, სოფელში დარჩენილიყვნენ და სხვებისთვისაც მოტივაცია შეექმნათ.



ბალანთის სკოლის სპორტული დარბაზი


ნინო ვასაძეს პირველ ეტაპზე, ბალანთაში ცხოვრება გაუჭირდა და წასვლაზეც დაიწყო ფიქრი, ბინაც შეიძინეს ქალაქში, მაგრამ დღემდე ისევ სოფელში რჩება და ამბობს, რომ ეს მისმა სამსახურმაც განაპირობა.  2014  წლიდან სოფლის საჯარო სკოლის დირექტორია.

„ის რომ აქ ვარ და ამ სოფელში ვცხოვრობ არაფერში ხელს არ მიშლის პროფესიული და განვითარების თვალსაზრისით. მაგისტრატურაში ჩავაბარე და თბილისში აქედან დავდიოდი, აქ ცხოვრება უპერსპექტივობის განაჩენი არ არის, ჩემი პროფესიული განვითარება, ისეთი როგორიც აქ არის, შეიძლება ვერ ყოფილიყო სხვაგან.“

სკოლის დირექტორი მეგობართან ერთად ახლა, ახალი  სკოლის მშენებლობაზე ოცნებობს, მაგრამ მხოლოდ ოცნებით რა თქმა უნდა არ შემოიფარგლება. ყველას უკვე შეატყობინა, რომ ბალანთას ახალი სკოლა სჭირდება და დიდი იმედი აქვს, რომ ამ ოცნებასაც, მალე აისრულებს.



ნინო ახალკაციშვილი შვილებთან ერთად

ნინო  ახალკაციშვილი ისევ სკოლაში ასწავლის, მეუღლე ბორჯომის მერის წარმომადგენელია ბალანთაში. ნინო გვიყვება, რომ სოფელზე ახლა მეუღლესთან ერთად ისე ზრუნავს,როგორც საკუთარ ოჯახზე.


„სოფელში ბუნებრივი აირი შემოგვიყვანეს, გარე განათებები დამონტაჟდა, სასმელი წყლის პრობლემა მოგვარდა, ახლა უკვე გზაც მოაფალტდა და პარიზს დაემსგავსა ჩვენი ბალანთა, თუ რამე მჭირდება ყველაფერი მაქვს და რა მნიშვნელობა აქვს სახლი სადაც  ვცხოვრობ და თავს კარგად ვგრძნობ სად  იქნება“ - ხალისით გვიყვება ნინო ახალკაციშვილი.

ახლა უკვე ორივე ნინომ კარგად იცის, რომ ბალანთა  სოფელია სადაც მათი  სახლია, ოჯახია, სკოლაა, მოსწავლეებია, მეგობრები და ადამიანებია. მათთვის ნინოებმა უკეთესი გარემო უნდა შექმნან. წინ კი ბევრი გამოწვევაა, გამოწვევებს ერთად გაუმკლავდებიან.




Print E-mail
FaceBook Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.