ქალის ბლოგი
მკერავი ვალედან - ხატიას გადადებული გეგმები და პასუხისმგებლობა პანდემიის დროს
ხატია კაკაჩაშვილი, ერთადერთია სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ვინც ბავშვებისთვის კარვებს კერავს. ვალეში, საკუთარ სახლში პატარა სამკერვალო მოაწყო და საქმეს დიდი გეგმებით, ჯერ კიდევ წლების წინ შეუდგა. კარვებთან ერთად კერავს საბავშვო თეთრეულს და გამოსაყვანებსაც, ასევე სადღესასწაულო სუფრებს.





პანდემიის დროს კი ხატიამ ამ ჩამონათვალს პირბადეები დაამატა. ამით მკერავმა საკუთარი პასუხისმგებლობა გამოიჩინა ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე და დაეხმარა მოქალაქეებს.


„პანდემიის პირობებში, მთლიანად მსოფლიო დადგა გამოწვევების წინაშე და არც ჩვენი კომპანია იყო გამონაკლისი. ნამდვილად გაგვიჭირდა შეზღუდვების ფონზე მუშაობა, მაგრამ არცერთი წუთით არ გავჩერებულვართ. როდესაც ქვეყანას ძალიან უჭირდა მაშინ გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი წვლილი შეგვეტანა და დავიწყეთ პირბადეების შეკერვა. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენს გარშემო ბევრი საჯარო თუ კერძო სამსახური კვლავ აგრძელებდა მუშაობას, გადავწყვიტეთ მათი თანამშრომლებისთვისაც დაგვემზადებინა პირბადეები. მოგეხსენებათ, თუ როგორ დეფიციტში იყო პირბადეები. ეს იყო ერთგვარი სოციალური პასუხისმგებლობა მთლიანად ქვეყნისა და მოქალაქეების მიმართ ჩვენი მხრიდან და ვამაყობთ, რომ ჩვენი წვლილი შევიტანეთ ქვეყნის დასახმარებლად ამ მძიმე პერიოდში“
- ხატია კაკაჩაშვილი.




რომ არა კოვიდ 19, აქამდე პირბადებიის შეკერვა არასდროს უფიქრია. ახალგაზრდა მკერავს ძირითადი ხაზი არ შეუცვლია, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ცხოვრება კვლავ პანდემიის პირობებში გრძელდება, პირბადეების შეკერვას საახალწლოდაც აპირებს, რომელიც გაფორმებული იქნება ფიფქებით და სადღესასწაულო ორნამენტებით. მომხმარებელი კი რომელიც კარავს შეიძენს, საჩუქრად პირბადეებსაც მიიღებს.

ამბობს, რომ პანდემიის დროს მინიმალური ჩავარდნები მასაც ჰქონდა, თუმცა მისდა საბედნიეროდ ეს არ იყო სერიოზული ზარალი. პირიქით, ბოლო პერიოდში კარვებზე მოთხოვნა გაიზარდა და ფინანსური დანაკარგები არ ჰქონია. შესაბამისად, სახლის პირობებში მუშაობას აქტიურად აგრძელებდა.






"პანდემიის ფონზე გაიზარდა საბავშვო კარვებზე მომართვიანობა. ალბათ ეს აიხსნება იმით, რომ თითქმის ყოველი მეორე ოჯახი არ გადის გარეთ და დროის უმეტეს ნაწილს სახლში ატარებს. ჩვენი საბავშვო კარვები კი ნამდვილად გამოსადეგი ნივთია ბავშვებისთვის სახლის პირობებში. საბავშო კარავი - ბავშვებისთვის ეს არის დიდ სახლში პატარა მყუდრო სახლი, დიდი შესაძლებლობებისა და აღმოჩენებისათვის. საბავშვო კარვების წარმოებასთან ერთად გავაგრძელებ საახალწლო პირბადეების შეკერვასაც. აღნიშნული პირბადეები მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი იქნება 1 დეკემბრიდან. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ გამოწვევებისთვის და მაქსიმალურად ვცდილობთ მორგებულები ვიყოთ ყოველდღიურ ყოფასთან" - ამბობს ხატია.



ხატია პროფესიით არქიტექტორ-რესტავრატორია. უმაღლესი განათლება თბილისში მიიღო. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, შეეძლო დედაქალაქშივე ემუშავა და მოეწყო კარიერა, თუმცა დიდ ქალაქს, რეგიონი არჩია. გადაწყვიტა მშობლიურ მხარეში დაბრუნება და ბიზნესის აქ დაწყება.





კერვა ბავშვობიდან უყვარდა და ყოველთვის სურდა, ტანსაცმლის მოდელირების ხაზით წასვლა. 2016 წლიდან სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში დაფინანსდა და სამუშაოდ მოტივაცია აუმაღლდა. დაფინანსებული თანხით საკერავი მანქანები შეიძინა. პირველი კარავი 2017 წელს, დიშვილებისთვის შეკერა და სწორედ ამან გადააწყვეტინა, რომ კარვები სხვა ბავშვებისთვისაც უნდა შეეკერა. შემდეგ, სახელმწიფო პროგრამით მეორედაც დაფინანსდა და საკერავი მანქანები დაამატა თავის პატარა სამუშაო ადგილს.



ახდენილ ოცნებას თავისი სახელის და გვარის ინიციალები K&K უწოდა, სოციალურ ქსელში გვერდი შექმნა და შეკვეთების მიღება Facebook-ით დაიწყო. მსურველები საქართველოს მასშტაბით ჰყავს. თავდაპირველად, მკერავიც თვითონ იყო, დირექტორიც და რეალიზატორიც. ბიზნესის განვითარებასთან ერთად გარშემო, დამხმარე ადამიანებიც შემოიკრიბა. დედასთან ერთად კიდევ ორი ადამიანი დაასაქმა.



ხატიას საკმაოდ დიდი გეგმები აქვს სამომავლოდაც. გადაწყვიტილი აქვს ვალეში სამკერავლო გახსნა, სადაც თან შეკერავს და იქვე გამოყოფილ სივრცეში გამოფენა-გაყიდვას მოაწყობს. ახალი ფართი ადრე შეიძინა და ახლა იქ სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, რემონტიც გაჭიანურდა და ჯერ-ჯერობით გახსნასაც არ ჩქარობს. პანდემიამ ხატიას გეგმები დროებით დააპაუზა.



„ჩემი მიზანია, მშობლიურ მხარეში დიდი სამკერვალო გავხსნა და საქმიანობა დიდ სივრცეში გავაგრძელო. ფართი უკვე შეძენილი მაქვს და ახლა სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, თუმცა პანდემიამ ამ მხრივ ცოტა ხელი შეგვიშალა. პროცესი დროში გაჭიანურდა. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე მეც თავს ვიკავებ ახლის წამოწყებისგან და არ ვჩქარობ. სამომავლოდ რა იქნება არ ვიცით, ამიტომ მირჩევნია ჯერ ძველებურად გავაგრძელო საქმიანობა და შემდგომში მივხედო დიდ გეგმებს. მჯერა, როდესაც საქმეს პასუხისმგებლობით უდგები, ყველაფერი გამოვა. ასე რომ რთული პერიოდიც გაივლის და აუცილებლად შევძლებ, ჩემ რეგიონში, მიზანი რეალობად ვაქციო“ - ხატია.






Print E-mail
FaceBook Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.