ქალის ბლოგი
მეეზოვე ქალების შრომატევადი და დაუფასებელი ყოველდღიურობა
მაშინ როცა შუაღამეა და ქალაქს სძინავს არიან ადამიანები, რომლებიც იღვიძებენ და სამუშაოდ მიდიან იმისათვის, რომ საკუთარი ქალაქი სუფთა და მოწესრიგებული იყოს. გათენებას და მზის ამოსვლას კი უკვე დაღლილები, ყოველდღიურად ქუჩაში ხვდებიან.

ბორჯომის ქუჩების სისუფთავეზე კეთილმოწყობის სამსახურის 35-მდე მეეზოვე ზრუნავს. მათ შორის არის სამი ქალი, რომლებიც დაუღალავად შრომობენ იმისთვის, რომ მათი სამუშაო ტერიტორია სუფთა და სანიმუშო იყოს. რთული და დამღლელი დღე მათი ყოველდღიურობაა. მძიმე საქმესთან შეჭიდება, უმუშევრობის და ოჯახის რჩენის აუცილებლობის გამო გადაწყვიტეს.

ვართუი აკოფოვი 16 წლის იყო მეეზოვედ რომ დაიწყო მუშაობა. გაჭირვების პერიოდი იყო, პურის ფული არ ჰქონდა. ანაზრაურებას 75 ლარს იღებდა. თავიდან გაუჭირდა, შემდეგ მიეჩვია. ოჯახს რომ სჭირდება ყველაფრისთვის მზად არის.

„მერვე კლასში ვიყავი, რომ დავიწყე მუშაობა. თავიდან ცოტას ვმორცხვობდი კლასელებთან, მაგრამ მშიერი სხვას რომ მიაჩერდე ეგ უფრო სირცხვილია. ვიდრე იმუშაო და შენი ლუკმა გქონდეს“.

სამუშაოდ დედასთან ერთად გადის, რომელიც უკვე 30 წელია ამ საქმიანობით არის დაკავებული. დღე დილის შვიდის ნახევარზე იწყება. ვაშლოვანის მიმდებარე ტერიტორიას ასუფთავებს. ცდილობს მოსაწროს, რომ შვილი სკოლაში წაიყვანოს. მალე ოთხი შვილის დედა გახდება.

უნდა რომ მისი ტერიტორია სუფთა და მოწესრიგებული იყოს, თუმცა რაც არ უნდა ასუფთაოს მაინც ყრიან ნარჩენებს.






სამსახურიდან დაღლილი მიდის. ცოტას ისვენებს და სახლის საქმეს აგრძელებს. სხვა სამსახური რომ ჰქონდეს ორივეგან იმუშავებდა. 15 წელია მეეზოვეა. ყველაზე მეტად მუშაობის დროს პრობლემას უპატრონო ძაღლები უქმნის.

„ქუჩის ძაღლები ძალიან ბევრია. ღამე ერთადერთი ძაღლების მეშინია სხვა არაფრის. ჩემსკენ იწევენ. სამი ძაღლი გამომეკიდა და ყვირილი დავიწყე. ზოგჯერ ტირილსაც ვიწყებ. მშველელი არავინ არის“.


- - - - - - - - - - - - - - -- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -


მარია შირიაევა ორი წელია ბორჯომში მეეზოვედ მუშაობს. კოსტავას სახელობის ბაღის ნაწილს და მიმდებარე ქუჩას ასუფთავებს. წლების განმავლობაში ჩითახევჰესში ასისტენტად მუშაობდა. მისი დატოვების შემდეგ დასაქმება დასუფთავების სამსახურში გადაწყვიტა.

„ზოგი თაკილობს ცოცხს როგორ ავიღებ ხელშიო. მე არ ვთაკილობ, ქალაქს წაადგება ჩემი შრომა, სისუფთავეა და უფრო ამიტომ გადავწყვიტე. ასაკიც საპენსიო მაქვს და ტყულიად ხომ არ დავჯდები სახლში“.

შემოდგომაზე სამუშაოდ ღამის სამი საათისთვის მიდის. ფოთოლცვენის გამო ყველაზე შრომატევადი სეზონი სწორედ შემოდგომაა. ტერიტორიის დასუფთავებას 5-6 საათს ანდომებს.

მარია სოფელ ლარებში ცხოვრობს, რომელიც ბორჯომიდან დაახლოებით 6 კილომეტრში მდებარეობს. იმის გამო, რომ მუშაობას ღამე იწყებს და ამ დროს ტრანსპორტი არ მოძრაობს, ქალაქის ცენტრამდე ხშირად ფეხით უწევს ჩამოსვლა, რასაც 1 საათსა და 40 წუთს ანდომებს. იშვიათად თუ გამვლელი მანქანა წამოიყვანს.

„ძალიან დაღლილი ჩამოვდივარ, აღარ ვჩერდები და პირდაპირ ვიწყებ მუშაობას. თუ დავჯექი მერე აღარ შემიძლია. ხან ჩამეძინება, ხან ვითიშები დაღლილობისგან“-ამბობს მარია.



მარია შირიაევა

მისი სამუშაო რთული და შრომატევადია. უწევს სიმძიმის აწევაც რაც მისთვის არც თუ ისე ადვილია. მიუხედავად ამისა სამსახურზე უარს არ ამბობს. ამაყობს რომ მისი სამუშაო მონაკვეთი ყოველთვის სანიმუშოა.

„რომ თენდება ისეთი სილამაზეა, სიწყნარეა, სუფთა ჰაერია, აუღწერელი სილამაზეა. ჩემ ქალაქს ვეხმარები და ვასუფთავებ. რაც უფრო მეტ წვლილს შეიტან უფრო უკეთესია მე ასე მგონია“.

ქალაქის სისუფთავეზე მარიასთან ერთად მისი ოჯახის ორი წევრიც ზრუნავს. შვილი, რომელიც დასუფთავების სამსახურის თანამშრომელია და 17 წლის შვილისშვილი, რომელიც არდადეგების პერიოდში მუშაობს.

ანაზღაურება შრომის ადეკვატური არ არის, თუმცა სხვა გამოსავალი არ აქვს, რადგან შემოსავლის წყაროა.

„საერთოდ არ უფრთხილდებიან. ზაფხულის სეზონზე განსაკუთრებით. რომ ვეტყვით აიღეთ და გადააგდეთ, გვეუბნებიან თქვენ რისთვის ხართო. ზოგი მადლობას გვიხდის, ზოგი ცინიკურად უყურებს ამ საქმეს და არაფრად აგდებს. ადრე ტურისტებს აბრალებდნენ და წელს რომ არ იყო? მზესუმზირა მოფენილია ფარდაგივით ყველა სკამთან“.

ბორჯომელი მეეზოვეები ქალაქის სისუფთავეზე ყოველდღიურად ზრუნავენ. გული წყდებათ, რომ მათი შრომა დაუფასებელია, რადგან მოსახლეობა ქუჩაში ყრის ნარჩენებს. უნდათ რომ თითოეული მოქალაქე უფრთხილდებოდეს მათ შრომას, გარემოს და საკუთარ ქალაქს.



Print E-mail
FaceBook Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.