ქალის ბლოგი
ახლადგახსნილი ავტობანი და ხაშურელი ქალების ჩავარდნილი ბიზნესი
მაკა ბიჭიკაშვილი ხაშურში 25 წელია საოჯახო ბიზნესითაა დაკავებული. ჰამაკებს, საქანელებს, ჩიტის სახლებს, საკუთარი საცხოვრებლის მიმდებარე ტერიტორიაზე ყიდის. აქამდე მსურველიც ბევრი იყო. უფრო მეტად უცხოელი ტურისტები ინტერესდებოდნენ ხელნაკეთი პროდუქციით და ყიდულობდნენ. თუმცა, წელს მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა. ახალი ავტობანის გახსნის შემდეგ, გზას მიმართულება შეეცვალა და თბილისიდან დასავლეთისკენ მიმავალი ტრანსპორტი ხაშურს აღარ გაივლის, სანაცვლოდ მგზავრები იგებენ დროს და მანძილს. ხაშურელი ქალები კი ამით დაზარალდნენ.

42 წლის ქალი, თავის ხელნაკეთ პროდუქციას ისევ საკუთარი სახლის მიმდებარედ ყიდის, თუმცა რეალიზებას ისე ვეღარ ახდენს, როგორც აქამდე. მაკას თქმით, გარდა ავტობანისა, ხელი ამ ბიზნესს კორონავირუსის პანდემიამაც შეუშალა. საზღვრები ჩაიკეტა, უცხოელი ტურისტები საქართველოში ვერ შემოვიდნენ და მათი მცირე ბიზნესი ადგილზე „გაიყინა“

„ტურისტი რომ არ არის, საქართველოში მაცხოვრებელიც რამდენი იყიდის, შესაბამისად ეს ყველაფერი ჩვენზეც აისახა. მაგალითად, დღეს საერთოდ არაფერი გამიყიდია გარდა ჩიტის სახლისა, ეგ იყო და ეგ. ამ ეტაპზე, ჩემ სახლთან სიახლოვეს დარჩენა ვამჯობინე. ოჯახთან ერთად როცა ვარ ამხელა გზაზე ვერ წავალ, პარალელურად სხვა ბევრი საქმე მაქვს. მოხუცები კი მითუმეტეს ვერ წავლენ, ტრანსპორტი სჭირდებათ“
- ამბობს მაკა ბიჭიკაშვილი.



მაკასგან განსხვავებით, 57 წლის ლია ჯიოშვილმა ხელნაკეთი პროდუქციის გასაყიდად ტერიტორია შეიცვალა. ხაშურის ახალი შემოვლითი გზის გახსნის შემდეგ, ლიამაც გადაწყვიტა იქ გაეყიდა ჰამაკები, სადაც მეტი ხალხი იმოძრავებდა. ყოველდღიურად, ხაშურიდან რიკოთის უღელტეხილამდე მიდის თავისი ტრანსპორტით და იქვე ცენტრალურ გზაზე, ყველასთვის თვალსაჩინოდ გამოფინა ყველაფერი. მიუხედავად ამხელა ხარჯისა, ამბობს რომ მსურველთა დიდი რაოდენობა არც აქეთ ჩანს.

„ყოველდღიურად, ხაშურიდან აქამდე მიწევს 8 კილომეტრის გამოვლა და იგივე გზის გავლა უკან დასაბრუნებლად. ეს ყველაფერი მოგვაქვს და მიგვაქვს თან, ვალაგებ ისევ მანქანაში. ძალიან გვინდოდა შემოსულიყო ტურისტი, რადგან მოთხოვნა ძალიან შემცირებულია. წელს, ნახევარი მასალის ფულიც კი ვერ ამოვიღეთ. თუ ეს მასალა არ შევიძინეთ, არ მოვქსოვეთ ჩვენი ხელით, არ ვიცი რა იქნება მომავალში. ძალიან უიმედოდ ვართ. ხაშურში როცა ვიყავი, იქ ჩემ სახლთან ვიყავი და ტრანსპორტში თანხა არ მეხარჯებოდა. შემოსავალი აქ გადმოსვლის შემდეგ, ძალიან შეგვიმცირდა. ახლა აქ ორი ადამიანი ვდგავართ და ფაქტობრივად, ორივე ვცდებით. დღეს, ამ დრომდე გავყიდეთ ოთხი რაღაც, აქედან ორი არის 3-3 ლარის მოგებით, მესამე და მეოთხე 5 და 7 ლარის მოგებით. ახლა თქვენ მითხარით ამით რა უნდა გავაკეთო, საწვავი ჩავასხა თუ მასალის თანხა დავზოგო?“ - ყვება ლია ჯიოშვილი.



ლია ჯიოშვილი, რომელიც 8 წელია მცირე ბიზნესშია ჩართული, ამბობს რომ შესაძლოა ადგილობრივი ქალები და მათი ოჯახები ამ შემოსავლის წყაროს გარეშე დარჩნენ. მისი თქმით, არ იციან რა იქნება საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის შემდეგ, რადგან არც გაფრთხილება და არც არანაირი ინფორმაცია მათთვის მშენებელ კომპანიას არ მიუწოდებია.

„ოჯახის ყველა წევრი, დიდი თუ პატარა ყველა აქ ვართ ჩართული. არც იმხელა შემოსავალი არ გვაქვს აქედან, რომ ხალხმა წლიდან წლამდე თავი ირჩინოს. თუ ეს ბიზნესიც გაჩერდა, ჩათვალეთ რომ მასა შევუერთდებით უმუშევართა რიგებს. ჩვენს უკან კიდევ ოჯახებია. შეგვიძლია თუ არ შეგვიძლია, ძალ-ღონეს არ ვიშურებთ, რომ ეს ოჯახები დავაპუროთ. 12 ადამიანი მყავს ოჯახში და როგორ ვარჩინო? არავის არაფერი უთქვამს და არ გავუფრთხილებივართ. როგორც გავიგე, ნათქვამია, რომ როცა დასრულდება მშენებლობა, იქ გადაიყვანენ ამ ხალხს, მაგრამ წარმოიდგინეთ, ლამის ნახევარი ხაშური ამაზე ვართ დასაქმებული და ამდენს სად შეუშვებენ? თითოეულს შესაბამისი ფართობიც ხომ გვჭირდება რომ თვალშისაცემი იყოს მყიდველისთვის ის რასაც ვყიდით. ხალხის ინტერესები არც გაუთვალისწინებიათ. თუ ასე გაგრძელდა, შესაძლოა ეს ბიზნესი საერთოდ ჩავარდეს და გაქრეს“ - ლია ჯიოშვილი



ახლა ასეთი რეალობაა. ხაშურელი ქალების ნაწილი ისევ თავის ქალაქში, თავის სახლთან ყიდის ჰამაკებს, ნაწილი კი რიკოთის უღელტეხილამდე გადავიდა და იქ აგრძელებს ხელნაკეთი პროდუქციის რეალიზებას. სახარბიელო მდგომარეობაში არც ერთია და არც მეორე.




რაც შეეხება ხაშურის ახალ შემოვლით გზას, რომელმაც ხელი შეუშალა ადგილობრივ ქალებს, მცირე ბიზნესის წარმოებაში. ხაშურის შემოვლითი გზის 13 კმ-იანი მონაკვეთიდან 11.5 კმ-ზე ექსპლუატაციაში შევიდა 4 ზოლიანი გზა, ხოლო დარჩენილი 1.5 კმ-ზე ავტოტრანსპორტი დროებით იმოძრაობს 2 ზოლიან გზაზე. გზის 1.5 კმ-იან მონაკვეთზე დამატებითი 2 ზოლის მშენებლობა ოქტომბერში დასრულდება და ხაშურის შემოვლითი გზის 13-ვე კილომეტრი 4 ზოლიანი იქნება. ხაშურის შემოვლითი გზა აგარა-ზემო ოსიაურის ბოლო მონაკვეთზე იწყება და სურამში მოწყობილ ახალ კვანძთან შეუერთდება არსებულ გზას. ამ მონაკვეთზე აშენდა 420 მეტრიანი ხიდი, რომელიც საქართველოში ყველაზე მაღალი ბურჯებით გამოირჩევა.




„ხაშურის შემოვლითი გზა მნიშვნელოვნად განტვირთავს ქალაქ ხაშურს საცობებისგან, ტრანზიტული მოძრაობა კი, სრულად განხორციელდება ახალ გზაზე. ხაშურის შემოვლითი გზის საშუალებით მგზავრობის დრო 40-50%-ით შემცირდება და 20 წუთის ნაცვლად 10 წუთში იქნება შესაძლებელი. ახალი გზა გვერდს აუვლის ხაშურის ე.წ. „ჰამაკების ბაზრობასაც“. თუმცა, იმისათვის, რომ მიმდებარე სოფლების მოსახლეობამ საკუთარი პროდუქციის რეალიზაცია შეძლოს, გზის შესაბამის მონაკვეთებთან, მოეწყობა სპეციალური, უსაფრთხო სავაჭრო სივრცეები გამართული ინფრასტრუქტურით. ახალი სავაჭრო სივრცეები, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალებას მისცემს კიდევ უფრო განავითარონ ბიზნესი უსაფრთხოების და სხვა აუცილებელი სტანდარტების პირობებში“ - აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.



საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ პროექტის დაწყებამდე მოხდა გარემოზე ზემოქმედების შეფასება და დოკუმენტის შემუშავება, იმისათვის რომ სამუშაოებს ზიანი არ მიეყენებინა როგორც გარემოსთვის, ასევე იქ მცხოვრები მოსახლეობისთვის.



დოკუმენტი იხილეთ ვრცლად:

აღმოსავლეთ-დასავლეთ მაგისტრალის E-60 ზემო ოსიაური- ჩუმათელეთის გზის მონაკვეთის (126კმ- 143კმ) მოდერნიზების სამუშაოების ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასება

რაც შეეხება კომპანიის სოციალურ პასუხისმგებლობას დასაქმებულებთან და ადგილობრივ მაცხოვრებლებთან. ობიექტზე დასაქმებულები, სამუშაო პირობებზე ჩვენთან ღიად არ საუბრობენ. ადგილობრივი მაცხოვრებელი ქალები ამბობენ, რომ მშენებელი კომპანია მათ არ შეხვედრიათ და არანაირი პირობები არ შეუთავაზებიათ. შესაბამისად, მათთვის უცნობია პროექტის დასრულების შემდეგ, რა ბედი ელის მათ საოჯახო ბიზნესს.



საპირისპიროს აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში. მათი ინფორმაციით, პროექტის დაწყებამდე მათ ჰქონდათ შეხვედრები ადგილობრივ მოსახლეობასთან და გააცნეს ის პირობები, რაც სამუშაოების მიმდინარეობისას და მისი დასრულების შემდეგ სთავაზობდნენ.

ურთიერთსაპირისპირო პასუხების ფონზე, ჩვენთვის უცნობია რას გულისხმობს მათი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა (CSR), რადგან დეპარტამენტში გვპასუხობენ, რომ ეს არის კომპანიების შიდა დოკუმენტი და საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის.

„კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა CSR- ყველა საერთაშორისო კომპანიას აქვს შემუშავებული, რომელიც ავტომაგისტრალის მშენებლობაზე მუშაობს. ეს არის მათი შიდა დოკუმენტი და საჯაროდ ხელმისწვდომი არ არის. ამ კომპნიებს აქვთ არამარტო კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის დოკუმენტი, არამედ შემუშავებული აქვთ ქცევის კოდექსი, როგორც თანამშრომლებთან ასევე, მოსახლეობასთან ურთიერთობისთვის“ - გვპასუხობენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.



და მაინც, რას შეცვლის ადგილობრივი თვითდასაქმებული ქალებისთვის მსოფლიო მნიშვნელობის პროექტის განხორციელება მათ რეგიონში, ამ ეტაპზე რთული სათქმელია. გაუმჯობესდება თუ საერთოდ გაქრება „ჰამაკების ბიზნესი“ ამ მხარეში, სავარაუდოდ 2022-2023 წლისთვის გაირკვევა, როდესაც რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობა დასრულდება. საერთო ჯამში 51.6 კმ-მდე სიგრძის გზა აშენდება, რაც 96 ხიდსა და 53 გვირაბს მოიცავს.



Print E-mail
FaceBook Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.