მოხალისე მეხანძრე ქალები და პასუხისმგებლობა ტყის დასაცავად
18:33 / 29.08.2020
ბორჯომში უკვე მესამე წელია,
მოხალისე მეხანძრეთა ჯგუფი არსებობს.ეს არის პირველი პრეცენდენტი
საქართველოში, რომელიც ერთ პატარა საკურორტო ქალაქში ჩამოყალიბდა.
ზუსტად, სამი წლის წინ, სამოქალაქო ორგანიზაციების ინიციატივით,
სხვადასხვა პროფესიის ადამიანები ერთი იდეის გარშემო გაერთიანდნენ და
ერთად გადაწყვიტეს ეზრუნათ ბორჯომის ტყეზე, სადაც ორჯერ იყო
(2008-2017 წწ) მასშტაბური ხანძარი და დაიწვა 1000 ჰექტარზე მეტი.
სწორედ ამ ფაქტებმა, წარუშლელი კვალი დატოვა ადგილობრივების
მეხსიერებაში და მათი სამოქალაქო პასუხისმგებლობა იყო მთავარი მოტივი,
რის გამოც ისინი ბორჯომის მოხალისე მეხანძრეთა რიგებს
შეუერთდნენ.
ეს ყველაფერი სამი წლის წინ,
პროექტის ფარგლებში დაიწყო, რომელსაც ორი არასამთავრობო ორგანიზაცია,“
Nacres/ნაკრესი“ და „სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრი SJMC“ ერთობლივად
ახორციელებენ. მათი მთავარი მიზანი ტყის ხანძრების პრევენცია,
სამოქალაქო პასუხისმგებლობის გამოჩენა და საზოგადოებაში
გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებაა. საქართველოში ჩატარებული
ტრენინგების გარდა, შერჩეული 10 მოხალისე მეხანძრე პოლონეთშიც
გაემგზავრა და სახანრო უსაფრთოების შესახებ საერთაშორისო გამოცდილებაც
მიიღო.
დღემდე, სწორედ პროექტის
ფარგლებში ხორციელდება „მოხალისე მეხანძრეები“. წელს, პროექტს მხარს
უჭერს EWMI Access, USAID/Georgia-ის ფინანსური
დახმარებით.
უნდა ითქვას ისიც, რომ პროექტი
წლიდან წლამდე უფრო მეტ წარმატებას აღწევს და მოხალისეების რიგებს
უფრო მეტი ადგილობრივი უერთდება. ამჟამად, ჯგუფში 25 წევრია და მათგან
უმრავლესობა ქალია. თითოეული მათგანი სხვადასხვა პროფესიისაა.
გაგაცნობთ რამდენიმე მათგანს.
სალომე აბულაძეს ბორჯომში სხვადასხვა
სახის მცირე ბიზნესი აქვს. ჩათვალა რომ როგორც მოქალაქეს, უნდა აეღო
პასუხისმგებლობა და ის ვალდებულება, რაც ტყის დაცვას გულისხმობს.
ამბობს, რომ ამ სამ წელიწადში ბევრი რამ ისწავლა და ასწავლა
სხვებსაც.
„ელემენტარულად კოცონის დანთების წესები არ ვიცოდი.
მეგონა, რომ ყველგან შეიძლებოდა ცეცხლის დანთება, მეგონა რომ ყველგან
გვქონდა უფლება, თუმცა ეს ასე არ არის. მნიშვნელოვანია პრევენციული
ღონისძიებების გათვალისწინება. არ დავანთოთ ცეცხლი იქ სადაც არ არის
საჭირო. თუმცა, ჩვენ ხშირად ვაწყდებით ისეთ ადგილებს, სადაც არ
შეიძლებოდა დაუკვე დანთებული იყო. ძალიან კარგი პროექტია ჩვენი
ცნობიერების ამაღლების კუთხით“ - გვიყვება სალომე
აბულაძე.
ქეთევან ხაჩიძე ბორჯომის #3 საბავშვო ბაღის გამგეა. პროექტი ასევე
ითვალისწინებდა, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებიდან
წარმომადგენლების ჩართვას. ამ ინფორმაციის გაგების შემდეგ კი
გადაწყვიტა რომ ის წარმომადგენელი რომელიც საბავშვო ბაღიდან გახდებოდა
მოხალისე მეხანძრე, თავად ყოფილიყო.
„ხანძრებთან აქამდე შეხება არ მქონია, ძალიან
განსხვავდება ჩემი პროფესია მეხანძრე-მაშველის საქმისგან. 2017 წელს
როცა ბორჯომის ტყეში იყო ხანძარი, შორიდან ვუყურებდი და ამას ძალიან
განვიცდიდი. როდესაც შემოთავაზება მივიღეთ რომ რომელიმე
გავხმდარიყავით მოხალისე მეხანძრე, სწორედ მაშინ გონებაში ის სურათი
ამომიტივტივდა და ამან განაპირობა ის, რომ მოვისურვე მე გავხმდარიყავი
მოხალისე მეხამძრე. მე მინდა, რომ ჩვენი მწვანე ზონა მუდმივად მწვანე
იყოს. ეს უნდა გაითავისოს ყველამ, რომ მოვუფრთხილდეთ ბუნებას და
დავიცვათ ჩვენი ტყე ხანძრისგან“ - იხსენებს ქეთევან
ხაჩიძე.
მაკა კაპანაძე პროფესიით ფსიქოლოგია.
წინა ორი გმირის მსგავსად, მისი პროფესიაც რადიკალურად განსხვავდება
მეხანძრის საქმიანობისგან. გარდა ამისა, მაკა იმ სტერეოტიპებზეც
საუბრობს, რომელიც საზოგადოებაში დღემდე მყარად არის დამკვიდრებული.
კერძოდ ის, რომ ქალისთვის მეხანძრე-მაშველობა არ არის „შესაფერისი
საქმე“. ფსიქოლოგი ამ მოსაზრებას არ ეთანხმება და თვლის, რომ აქ
მთავარი სამოქალაქო პასუხისმგებლობაა გარემოს დასაცავად, რამაც
გააერთიანა ჯგუფში ქალებიც და კაცებიც.
„ხშირად მსმენია და უთქვამთ, რომ მეხანძრეობა ქალისთვის
რა შესაფერისია, თუმცა ჩვენ ჯგუფში სხვა რეალობაა. აქ უმრავლესობა
ქალები ვართ. ბევრი რამის გაკეთება შეგვიძლია ჩვენი ბუნების, ტყის
დასაცავად და ამას ვაკეთებთ კიდეც“ - მაკა
კაპანაძე.
ანა გოგინაშვილი კი
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის თანამშრომელია. მისთვის გარემოს
დაცვა და ტყეზე ზრუნვა სამსახურის სპეციფიკიდან გამომდინარე უცხო არ
იყო, თუმცა მაინც სხვა სტატუსი შეიძინა და დღემდე მოხალისეობრივად
ცდილობს, სხვებსაც გაუზიაროს ის ცოდნა, რაც თავად ისწავლა. ანა იმ
პერიოდსაც იხსენებს, როდესაც პოლონეთში იყო და საუკეთესო გამოცდილება
მიიღო უცხოელი ექსპერტებისგან.
„პოლონეთში ყოფნისას ჩაგვაცვეს ფორმები, მონაწილეობა
მივიღეთ ცეცხლის ქრობის პროცესში, შემდეგ ვიყავით საბავშვო ბაღებსა და
სკოლებში. ბავშვები არიან ძალიან მოტივირებულები, თავიდანვე აქვთ
გაცნობიერებული ბავშვებს თავიანთი პასუხისმგებლობა, რომ თავადაც უნდა
მიიღონ მონაწილეობა ამ პროცესებში. კარგი იქნება, ბავშვებს ჩვენც თუ
იგივე პრინციპით აღვზრდით“ - ამბობს ანა
გოგინაშვილი.
ეს ოთხი ქალი, რომელიც
საკუთარ ისტორიას და გამოცდილებას გვიყვებოდა, შეგიძლიათ უკეთ გაიცნოთ
ვიდეოში. სხვა პროფესიიდან გადანაცვლება სხვა პროფესიაში. გაიგეთ, რას
ნიშნავს მათთვის „მოხალისე მეხანძრის“ სტატუსი.
საერთო ჯამში, მოხალისე მეხანძრეები
არიან: მცირე ბიზნესის, სამედიცინო სამსახურის, საბავშვო ბაღებისა და
სკოლების წარმომადგენლები. ასევე, ფსიქოლოგები, რეინჯერები,
მეხანძრეები, მეტყევეები და სხვადასხვა პროფესიის ადამიანები თუ
რიგითი ადგილობრივები, რომლებსაც გული შესტკივათ ტყესა და
ბუნებაზე.
როგორც მათი პროფესიებია მრავალფეროვანი, ასეთივე მრავალფეროვანი და
განსხვავებულია მათი საქმიანობებიც. მიუხედავად იმისა, რომ მათ
გარკვეულწილად ისაუბრეს თუ რას აკეთებენ, გეტყვით პროექტის ფარგლებში
განხორციელებულ და გათვალისწინებულ აქტივობებზე.
თავდაპირველად, მოწვეული ქართველი და
პოლონელი ექსპერტების მიერ ჩაუტარდათ ტრენინგები ტყის ხანძრების, მისი
პრევენციის, პირველადი სამედიცინო დახმარების შესახებ და ა.შ.
შემდგომში, მოხალისე მეხანძრეებმა საკუთარი ცოდნა გაუზიარეს საბავშვო
ბაღის აღსაზრდელებს და სკოლის მოსწავლეებს. გაიმართა იმიტირებული
ევაკუაციაც. როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, პროექტის მონაწილეებს
საშუალება მიეცათ ერთი კვირის განმავლობაში პოლონეთში მიეღოთ იქაური
გამოცდილება.
მოხალისე მეხანძრეები კვლავ აგრძელებენ გარემოსდაცვით საინფორმაციო
კამპანიებს. ფლაერები დაარიგეს ადგილობრივ თემში და დამსვენებლებში,
სადაც დატანილია ინფორმაცია ტყეში კოცონის დასანთები ადგილის შერჩევის
და შემდგომ, მისი სწორად ჩაქრობის შესახებ. ტყეში, საპიკნიკე ზონებში
განათავსეს ბანერები.
ზაფხულის საკურორტო სეზონზე, მათ
ასევე გამოიყენეს შესაძლებლობა და მუსიკალური საღამოების დროს, სცენა
დროებით „დაიპყრეს“. ადგილობრივებს და ბორჯომის სტუმრებს, მოხალისე
მეხანძრეებმა სცენიდან მიმართეს და მოუწოდეს ტყეზე და გარემოზე
ზრუნვა.
აგრეთვე, ინფორმაციის სწრაფად და
დროულად გავრცელების მიზნით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის დახმარებით,
მოხალისე მეხანძრეების სახელით ბორჯომის მუნიციპალიტეტში
მცხოვრებლებს, მოკლე ტექსტური შეტყობინება გაეგზავნათ მობილურ
ტელეფონებზე, მოწოდებით - გავუფრთხილდეთ ტყეს, რომ ჩვენმა
დაუფიქრებელმა ქცევამ, ტყის ხანძრები არ გამოიწვიოს! მათი მთავარი
დევიზია „მხოლოდ შენ შეგიძლია გადაარჩინო ტყე
ხანძრისაგან“.
„მოგეხსენებათ, ტყის
ხანძრების 90%-ზე მეტი გამოწვეულია ადამიანების დაუდევრობით. ტყის
ხანძრები საკმაოდ დიდი გამოწვევაა ბორჯომისთვის. სჯობს, ცეცხლს
წინასწარ ვებრძოლოთ და შევძლოთ მისი პრევენცია, ვიდრე გაჩენის შემდეგ
მივიღოთ მძიმე შედეგი და შემდგომში ვიზრუნოთ მის აღდგენაზე. სწორედ
ამიტომ არის მნიშვნელოვანი და აუცილებელი, საზოგადოებაში
გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება. ჩვენ ვცდილობთ, გავავრცელოთ
ინფორმაცია ადგილობრივ მოსახლეობაში, დამსვენებლებში, მოვიცვათ
სხვადასხვა საგანმანათლებლო სივრცე: საბავშვო ბაღები, სკოლები,
უნივერსიტეტი. ვმუშაობთ პროფესიონალ მეტყევეებთან და მეხანძრეებთან
ერთად, რომ ერთად დავიცვათ ჩვენი ტყეები ხანძრისგან. მეამაყება ის,
რომ საქართველოში ჩვენ ვართ პირველები, რომლებმაც ჩამოაყალიბეს
მოხალისე მეხანძრეთა ჯგუფი. სამოქალაქო ორგანიზაციები ერთად ვცდილობთ
პასუხისმგებლიანი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას და დიახ,
მხოლოდ მე, შენ და ზოგადად, ჩვენ შეგვიძლია გადავარჩინოთ ტყე
ხანძრისაგან“ - ლევან თაბუნიძე, Nacres/ნაკრესი-ს
სამცხე-ჯავახეთის პროექტის დირექტორი.
პროექტი გრძელდება და მოხალისე
მეხანძრე ქალები და კაცები კვლავ აგრძელებენ მუშაობას. სამომავლოდ,
უფროსებთან ერთად შეიქმნება პატარა მოხალისე-მეხანძრეთა ჯგუფიც. მისი
ჩამოყალიბება სკოლებში იგეგმება. უფრო მეტი მასშტაბურობისთვის, ტყის
ხანძრების პრევენციის შესახებ მომზადდება მოკლე სოციალური ვიდეო და
მინი დოკუმენტური ფილმიც, რომლებიც გავრცელდება სხვადასხვა მედია
პლატფორმის საშუალებით. პროექტი წლიდან წლამდე იზრდება და მოხალისე
მეხანძრეთა რიგებს უფრო მეტი ადამიანი უერთდება. მსურველი ნებისმიერი
მოქალაქე შეიძლება გახდეს, ვისაც აქვს სამოქალაქო პასუხისმგებლობა,
სურს იზრუნოს ბუნებაზე და სწამს, რომ „მხოლოდ ადამიანებს
შეუძლიათ დაიცვან ტყე ხანძრისაგან“.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.