ქალის ბლოგი
ახალგაზრდებისთვის უპერსპექტივო სოფელი
ბალანთა და ჭიხარულა ბორჯომის მუნიციპალიტეტის ზედა ზონის სოფლებია. ზღვის დონიდან 1860 მეტრზე, ბორჯომიდან კი 70 კილომეტრში მდებარეობს. დაახლოებით ოქტომბრის ბოლოს მთაში მოთოვს, მკაცრი ზამთარი დაიწყება, სოფლებამდე მისასვლელი გზა ჩაიკეტება. სოფელი გარესამყაროს გვიან გაზაფხულამდე მოსწყდება. ბორჯომთან დაკავშირება კი მხოლოდ შემოვლითი გზით, ახალქალაქიდან იქნება შესაძლებელი.

აქ მცხოვრები ახალგაზრდა ქალების ცხოვრება კიდევ უფრო ერთფეროვანი გახდება. თუმცა მრავალფეროვნებით არც სხვა სეზონი გამოირჩევა. სოფელში ახალგაზრდები რთული სანახავია. მათი უმრავლესობა სოფლიდან წასულია.

ბალანთის საჯარო სკოლას ყოველწლიურად მაქსიმუმ 10-მდე კურსდამთავრებული ჰყავს. სკოლის დასრულების შემდეგ ნაწილი ოჯახდება, უმრავლესობა კი სწავლას უმაღლეს სასწავლებელში აგრძელებს. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სამუშაოდ იმავე ქალაქში რჩებიან. იმის გამო, რომ სოფელში სამომავლო პერსპექტივას ვერ ხედავენ ახალგაზრდებისგან თითქმის დაცლილია. საკუთარ სოფელს არდადეგებზე ან შვებულების დროს სტუმრობენ.

ჭიხარულასა და ბალანთაში ერთადერთი დასაქმების ადგილი საჯარო სკოლაა. სოფელ ჭიხარულაში არის რძის გადამამუშავებელი ქარხანა, სადაც ძირითადად უფროსები მუშაობენ.



ჭიხარულა

ბალანთასა და ჭიხარულაში სოფლის მეურნეობას და მეცხოველეობას მისდევენ. ძირითადად კარტოფილი მოჰყავთ. მათი შემოსავლის წყაროც სწორედ ეს არის. მთელი წელი დაუღალავად შრომობენ, იმისთვის რომ მკაცრ ზამთარს მომზადებულები შეხვდნენ.

ბალანთის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო ვასაძე ამბობს, რომ აქაური ახალგაზრდები ძალიან შრომისმოყვარეები არიან. ყველანაირი საქმე იციან. მშობლებს სოფლის მეურნეობაშიც ეხმარებიან და საოჯახო საქმეებშიც. ნინო სამომავლო პერსპექტივებზეც საუბრობს იმისთვის, რომ ახალგაზრდების სოფლიდან გადინება არ მოხდეს და ადგილზე დასაქმდნენ.

„ადგილზე დასაქმების თვალსაზრისით შესაძლებელია მცირე მეწარმეობა ან სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული ბიზნესის წამოწყება. საკმაოდ ნოყიერი და ნაყოფიერი მიწებია. კარგი იქნება თუ ტურიზმის მიმართულებითაც დავფიქრდებით და ამ სექტორსაც ავამუშავებთ. თუმცა ამას სხვა მხარდაჭერაც დასჭირდება და ცალკეული ადამიანების ინიციატივები მხოლოდ ვერ უზრუნველყოფს.

რადგან საგზაო ინფრასტრუქტურა წესრიგდება შესაძლებელია სასტუმროების გახსნაც. მაგალითად სასტუმრო ფუნქციონირებს ტაბაწყურში. შესაძლოა ამ მიმართულებითაც ვიმუშაოთ. თუნდაც გიდები მოვამზადოთ ან მომსახურების სფერო გავააქტიუროთ“
- ამბობს ნინო.

ასია ანტონიანი სწავლის დასრულების შემდეგ საკუთარ სოფელს დაუბრუნდა. სოფელ ჭიხარულაში ცხოვრობს. დაწყებითი სკოლის შემდეგ სწავლა მეზობელი სოფლის, ბალანთის საჯარო სკოლაში გააგრძელა. ყოველდღიურად ფეხით დაახლიებით 2 კილომეტრს გადიოდა. სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაამთავრა, რომლის დასრულების შემდეგაც სოფელში დაბრუნდა და საკუთარ სკოლაში პედაგოგად დაიწყო მუშაობა. ახალციხეში დარჩენის სურვილი არ ჰქონია.



ასია ანტონიანი

„რამდენიმე წლის წინ სკოლის დასრულების შემდეგ სწავლას აგრძელებდნენ გოგოები. ზოგი სომხეთში მიდიოდა სასწავლებლად, იშვიათად კი საქართველოს უნივერსიტეტებში. ჩემ დროს სამნი ვიყავით. ორმა დავამთავრეთ, ერთი წელს ამთავრებს. ჩვენს შემდეგ არ არიან გოგოები რომლებიც სწავლას აგრძელებენ უმაღლეს სასწავლებლებში. ბევრი გოგოები არც ვართ სოფელში.

სოფლიდან წასვლის მთავარი მიზეზი უმუშევრობაა. ჩვენს სოფელში არ არის ისეთი პირობები, რომ სადმე იმუშაო. წელს საზღვერბის ჩაკეტვის გამო არ არიან არსად წასულები და ეხმარებიან მშობლებს გოგოებიც და ბიჭებიც“.

სოფელში არ არის ადგილი სადაც ახალგაზრდები გასართობად შეიკრიბებიან. ახალგაზრდა ქალები ძირითადად ერთმანეთს სახლში სტუმრობენ.



ლია ქციანი სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეოთხე კურსის სტუდენტია. სოფელ ბალანთაში ცხოვრობს, სადაც ქართველი და ეთნიკურად სომეხი მოსახლეობა ცხოვრობს. ამბობს რომ ქართველი ახალგაზრდები სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლას ახალქალაქში ან ახალციხეში აგრძელებენ. სომხები ძირითადად ოჯახდებიან, რადგან გოგოებს არ უშვებენ, ან არ უქმნიან პირობებს რომ სასწავლებლად წავიდნენ.

იმისთვის რომ ესწავლა და უმაღლესი განათლება მიეღო მშობლებმა ხელი შეუწყეს და სასწავლებლად გაუშვეს. მის ოჯახში განათლება პრიორიტეტია. წელს სტუდენტი გახდა ლიას ძმაც. მომავალ წელს სწავლას დაამთავრებს. უნდა რომ სოფლიდან არ წავიდეს და აქვე დასაქმდეს. სწავლის დამთავრების შემდეგ ზოგი დაბრუნდა და სკოლაში დასაქმდა, მაგრამ სოფელში არ არის ის პირობები რომ მოხვიდე და იმუშაო- ამბობს ლია ქციანი.



ლია ქციანი

„ერთ-ერთი მე ვარ და ვფიქრობ, რომ დავამთავრებ რას გავაკეთებ. არ მინდა სოფლიდან წასვლა, მინდა აქ ვიმუშაო. პროფესიით ფილოლოგი ვიქნები, მასწავლებელი და შემიძლია დავბრუნდე, მაგრამ ვინც სხვა რაღაცას ამთავრებს ვერანაირად ვერ დაბრუნდება აქ. სოფელი არ უქმნის იმ პირობას რომ აქ დაბრუნდეს, ამიტომ ცარიელდება. აქ მხოლოდ მასწავლებლად თუ იმუშავებ, სხვას ვერაფერს იზამ“.

ლია ამბობს, რომ სოფლის მეურნეობას ნასწავლიც მიხედავს და უსწავლელიც. ტურიზმის განვითარების კუთხით კი სახელმწიფომ უნდა იმოქმედოს. „დღევანდელი მდგომარეობით არ გვაქვს ისეთი პირობები, რომ ტურისტი ჩამოვიდეს. ბუნება და რესურსი გვაქვს მაგრამ ამას გამოყენება სჭირდება“.

ლიას ახლა არდადეგები აქვს და სოფელშია. მთელ დღეს სახლში ატარებს. გარეთ არ გადის რადგან თავშეყრის ადგილი და გასართობი არაფერია. უნდა რომ სოფელში სკვერი მაინც გაკეთდეს და პირობები გაუმჯობესდეს, რომ ახალგაზრდებმა სოფელი არ დატოვონ.

„სოფელში საბავშვო ბაღიც კი არ არის. ისეთი პირობები უნდა შეიქმნას რომ ახალგაზრდებს სოფელში დაბრუნების სურვილი გაუჩნდეთ, რადგან ყველას ურჩევნია თავის კუთხეში დასაქმდეს.

ძალიან ბევრია ისეთი ვინც გავიდა სოფლიდან და აღარ დაბრუნდა სამწუდაროდ და ასე იცლება სოფელი“
-ამბობს ლია ქციანი.



Print E-mail
FaceBook Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.