ქალის ბლოგი
ქალები ბორჯომის პატარა სოფლიდან, დიდი პრობლემებით
ბორჯომიდან სულ რაღაც 5 კილომეტრში, თქვენ მოხვდებით ლარებში, რომელიც მუნიციპალიტეტის ყველაზე პატარა სოფელია, თუმცა ყველაზე მეტი პრობლემით. პატარა სოფელში 6 ოჯახი ცხოვრობს. მიუხედავად მოსახლეობის სიმცირისა, დასახლებაში პატარების ჟრიამული ისმის. 10-ზე მეტი მცირეწლოვანი ბავშვია აქ. ქალებს შვილების გართობა უჭირთ, რადგან ადგილზე არც სკვერია და არც ბაღი.



ვერა ვაშაკიძე ერთ-ერთია იმ დედებს შორის, რომელიც ყოველდღიურად იმაზე ფიქრობს, თუ როგორ გაართოს მცირეწლოვანი შვილები.



ვერა პარალელურად დასაქმებულია და ყოველ მესამე დღეს მუშაობს. დასვენების დღეებში კი ცდილობს დრო შვილებს დაუთმოს და უყურადღებოდ არ დატოვოს.





26 წლის ანა გაბაიძე-ფანქველაშვილიც სამი მცირეწლოვანი შვილის დედაა. ამბობს რომ მათი ბავშვების ერთადერთი გასართობი ადგილიც სარკინიგზო ლიანდაგია. უყურადღებოდ ვერც ანა ტოვებს პატარებს. მშობელი შიშობს, რომ შვილები როცა ხან გზაზე თამაშობენ და ხან ლიანდაგზე, საფრთხის შემცველია. ისიც, სხვა მშობლების მსგავსად, სოფელში სკვერის მოწყობას ითხოვს.

„თვალის გახელას ვერ მოასწრებ, რომ ხან მატარებელი გაივლის ლიანდაგზე, ხან მსუბუქი ან სატვირთო მანქანა კი გზაზე. ახლა კიდევ დაგვემატა მთავარი პრობლემა და არ ვიცით რა დროს გამოგვიშხუილებენ ბაიკერები, სად მიდიან ან მოდიან არ ვიცით. რამდენჯერმე ჩემმა მეუღლემაც სთხოვა, რომ აქ ბავშვები თამაშობენ და ფრთხილად ყოფილიყვნენ გავლისას, რადგან რთულია პატარების დაჭერა ამ დროს. თუმცა, არანაირი რეაქცია არ ყოფილა. ახლა კიდევ ზაფხულია და ემატება ქვეწარმავლების პრობლემა. ჯერ ის, რომ ლიანდაგზე დადიან და როდის გამოივლის მატარებელი და რა საფრთხის წინაშე დგებიან პატარები და მერეც ამ ბალახ-ბულახში როგორ უნდა იყვნენ პატარები. იყო დაპირება რომ შარშან, შემოდგომაზე უნდა გქვონოდა სკვერი, მაგრამ დაპირება შეუსრულებელი დარჩა. ვართ ასეთ გაწამაწიაში, ყველანაირი პრობლემით, პატარა ბავშვებით“ - ამბობს ანა გაბაიძე ფანქველაშვილი.






შეიძლება ითქვას, რომ სოფელში რამდენი ოჯახიცაა, იმდენივე პრობლემაა. ყველაზე მთავარი გამოწვევა ქალებისთვის სასმელი წყალია. სოფელში წყალი ხან საერთოდ არ მოდის და ხან დაბინძურებული და ტალახიანი. ის რაც მათ ონკანში მოედინება, ძირითადად ტექნიკური მიზნებისთვის იყენებენ. დასალევად კი ეზიდებიან ან ყიდულობენ. კიდევ ერთი საკითხი, რაც ადგილობრივებს აწუხებთ, მოსაწესრიგებელი გზაა. ითხოვენ ამ მონაკვეთის მოასფალტებას. აქაურ ქალებს გარე განათების პრობლემაც აქვთ, ამბობენ რომ საღამოს გარეთ გადაადგილება საფრთხის შემცველია, რადგან ტერიტორია ჩაბნელებულია და გარეული ცხოველების ეშინიათ.

„გარე განათებაზე, სამი ნათურა არის აუცილებლად დასამატებელი, ერთი ბოლოში და ორი ხიდის თავზე. ძალიან ბნელა და მე მაგალითად, ღამე მივდივარ ფეხით სამსახურში და ძალიან საშიშია. რამდენჯერმე შემხვერდია ტურები. პირველად დავინახე ძაღლისხელა ტურები და ძალიან შემეშინდა. ეგენი ადამიანსაც ეტანებიან და ყველაფერსაც. ექვსი წელია გვპირდებიან ამ სამი ნათურის დამატებას და არ ვიცი რა გახდა? გზაც მოსაწესრიგებელია. დაყარეს რაღაცნაირი ხრეში, ისიც გაიფანტა და ფეხს მოიმტვრევ ღამე რომ მოდიხარ. მერე აქ წავა მწერები, კოღოები, ბაყაყები და საშინელი სუნი დგება წვიმის დროს. ვითომ გააკეთეს რაა“ - მარია შირიაევა.





სოფელი ლარები დვირის თემს ეკუთვნის. პრობლემა ადგილობრივი თვითმმართველობისთვის ცნობილია. როდის მოუგვარდებათ ლარებში მცხოვრებ ქალებს ინფრასტრუქტურული საკითხები, რომლებიც ყველაზე მეტად აწუხებთ, შესაბამის ვადებზე თემის რწმუნებული საუბრობს.

„წელს, სოფლის მხარდაჭერის პროგრამით ვიწყებთ წყლის სათავე ნაგებობის მშენებლობას, რათა მოხდეს სასმელი წყლის გაფილტვრა და ნორმალურად მიწოდება სოფლის მოსახლეობამდე. რაც შეეხება გზას. ვინაიდან რთულად მისადგომი სოფელია, ხიდი არის მცირე მოცულობის და დიდი მანქანები ვერ გადაადგილდებიან, ჩვენ გასულ წელს მოვახერხეთ მცირე ზომის ტექნიკით შეგვეტანა ანაფრეზი. ეს იყო პრობლემის დროებით მოგვარება და ვფიქრობ, ყოველ წელიწადს დასჭირდება ანაფრეზის შეტანა, რადგან იქ მძიმე ტექნიკა ვერ შედის. ახლა მუნიციპალიტეტი მუშაობს იმ საკითხზე, რომ რამენაირად მოვახერხოთ ბეტონის გადატანა სოფლამდე, ისევ მცირე ზომის ტექნიკის საშუალებით, რადგან ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდეს სოფლის შიდა გზის პრობლემა“ - აცხადებს თემის რწმუნებული ლაშა კევლიშვილი.



სოფლის მხარდაჭერის პროგრამით, წყლის სათავე ნაგებობის მშენებლობა უკვე დაწყებულია. პროგრამით გამოყოფილ თანხას დაემატა იმავე რაოდენობის ფინანსები ადგილობრივი ბიუჯეტიდან და ჯამში 20 000 ლარი შეადგენა, თუმცა თემის რწმუნებულის თქმით, ეს თანხაც კი მცირეა პრობლემის სრულად მოსაგვარებლად. სამუშაოების პირველი ეტაპი, რომელიც მიმდინარე წელს განხორციელდება, მოსახლეობას მოუგვარებს იმ საკითხს, რომ მათ მიეწოდებათ სუფთა და გალიტრული წყალი და გაიზრდება დებეტი. ხოლო მოძველებული მილების და სისტემის რეაბილიტაცია მოხდება შემდეგ წელს. თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ მიმდინარე წელსვე ვერ მოხდება გზის ბეტონის საფარის დაგება. ამ ეტაპზე კვლავ ანაფრეზის შეტანა მოხდება სოფელში და პრობლემა კვლავ დროებით მოგვარდება. რაც შეეხება ბავშვებისთვის სკვერს და ატრაქციონს, ამ თემაზე ლაშა კევლიშვილი იმ დაპირებას იხსენებს, რომელიც მოსახლეობას მისცეს.

„დავპირდით სკვერს და სკამებს. გასულ წელს, გარკვეული მიზეზების გამო ვერ მოხერხდა ამის შეტანა. წელს, აუცილებლად ვაპირებთ სკვერის გაკეთებას და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობას. რამდენიმე თვეში ეს საკითხი მოგვარდება. სავარაუდოდ, სოფლის შესასვლელში მოეწყობა მოსახლეობასთან ახლოს, უკვე შერჩეულია ტერიტორია” – ლაშა კევლიშვილი.




დიდი პრობლემებით არსებული პატარა სოფელი მუდმივ უყურადღებობაზე საუბრობს. ამბობენ, რომ მოსახლეობის სიმცირის გამო, ნაკლები ყურადღება ექცევათ მათ. თემის რწმუნებული კი ამ პრინციპით სოფლების გამორჩევას უარყოფს და ამბობს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა ცდილობს თითოეულ სოფელში თუ თემში ეტაპობრივად მოაგვაროს პრიორიტეტული პრობლემები.

აღსანიშნავია ის, რომ პატარა სოფელი, სადაც თითქმის არანაირი ინფრასტრუქტურა არ არსებობს, კორონავირუსის პანდემიის დროს თემი მთლიანად ჩაიკეტა და ფაქტობრივად ქალაქს მოწყვეტილი დარჩა. იმედს იტოვებენ, რომ მათი შვილები შედარებით უკეთეს გარემოში გაიზრდებიან, რადგან თავად ამის შესაძებლობა არ ჰქონდათ.





Print E-mail
FaceBook Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.