ქალის ბლოგი
სწავლა/მუშაობა დისტანციურად და ქალები ინტერნეტის გარეშე
37 წლის ნონა გოგოლაძე დასაქმებულია. სამსახურეობრივი საქმეების შესრულება გარკვეულწილად დისტანციურად უწევს, თუმცა, ამაში ხელს უშლის სოფელში ინტერნეტის არარსებობა. ინტერნეტზე მოთხოვნა პანდემიის დროს კიდევ უფრო გაიზარდა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გახდა, თუმცა, მათ ოჯახში ლეპტოპს ჩვეულებრივი ნივთის ფასი აქვს. ჭობისხევში, სადაც 300-მდე კომპლი ცხოვრობს და მოსახლეობის სიმცირეს არ უჩივის სოფელი, არცერთი ინტერნეტ პროვაიდერი აქ არ მუშაობს.



ლეპტოპი ჩვეულებრივი „სუვენირია“ თეონა ჯიქიძისთვისაც. სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, რომელიც ამავე ოჯახში ცხოვრობს, ამბობს რომ ონლაინ ლექციებზე ჩართვას ინტერნეტის პრობლემის გამო ხშირად ვერ ახერხებს. იმისათვის, რომ სასწავლო პროგრამას არ ჩამორჩეს და განათლების მიღებაში ხელი არ შეეშალოს, ინტერნეტს ყოველდღიურად ყიდულობს.



ოჯახში, სადაც ინტერნეტი თითქმის ყველას სჭირდება, უწევთ ყოველდღიურად მეგაბაიტების ყიდვა, რაც დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული. თითქმის ასეა ამ სოფლის მოსახლეობის 90%.




როგორც გვეუბნებიან, ჭობისხევში მხოლოდ რამდენიმე ოჯახია, ვინც მეგაბაიტებს ყოველდღიურად არ ყიდულობს და სხვა ინტერნეტ საშუალებით სარგებლობს. ერთ-ერთია ია ქოზაშვილიც, რომელიც ამავე სოფლის სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელია. პედაგოგად 29 წელია მუშაობს და იმისათვის, რომ კორონავირუსის პანდემიის დროს, მოსწავლეებისთვის დისტანციურ რეჟიმში უპრობლემოდ ესწავლებინა, სახლში ინტერნეტის ქონაზე თავად იზრუნა.




„მე პირადად, SkyTel-ის ინტერნეტი მაქვს ჩართული და ტელეფონით ვსარგებლობ ჯეოსელის ინტერნეტით. ვეძებთ უამრავ ინფორმაციას, ვაკეთებთ ელექტრონულ მასალებს, მოსამზადებელია ელექტრონული წიგნები, რესურსები, თუკი არ შევალ ინტერნეტში, ისე ვერ გავაკეთებ. ამიტომ ვფიქრობდი, რომ მქონდა ამის საჭიროება და ჩავრთეთ ეს ინტერნეტი, თუმცა ხარისხი აქვს ძალიან დაბალი“ - ამბობს ია ქოზაშვილი.

იმის გამო, რომ ინტერნეტის პრობლემა მთელ სოფელშია, ია ქოზაშვილი ამბობს, რომ მის მოსწავლეებს ონლაინ სწავლების პროცესში ჩართვა მობილური ტელეფონით და შეძენილი ინტერნეტით უწევდათ, რაც რა თქმა უნდა ძვირი უჯდებოდათ.

„ვასწავლი პირველ კლასს, მყავს 7 მოსწავლე. ძირითადად, ტელეფონებით სარგებლობენ. მიუხედავად იმისა, რომ ალბათ ხარჯიც მეტი ჰქონდათ, უმრავლესობა სარგებლობდა მობილური ტელეფონით. მაგრამ, ტელეფონებში ვერ ნახულობდნენ იმ ფუნქციებს, რითიც უნდოდათ დავალებების შექმნა, გაკეთება და კარგი იყო ის, რომ TV სკოლის ტესტირებებში ჩაერთნენ. ამ ტესტებს ვუზიარებდი, ბმულებს ვუგზავნიდი და გადმოჰქონდათ და იქიდანაც მიიღეს სიგელები და მოტივაცია გაუჩნდათ“ - გვიყვება ია ქოზაშვილი.




ია ქოზაშვილი, ჩვენთან იმასაც ყვება, რომ სოფელში ინტერნეტის შეყვანის თხოვნით მოსახლეობამ ხელმოწერებიც შეაგროვა და კომპანია „მაგთი“-ს მიმართა, თუმცა უშედეგოდ. ჭობისხევში ინტერნეტმა დღემდე ვერ შეაღწია.

„აქედან ხელმოწერები წავიღეთ, ჩავიტანეთ სათაო ოფისშიც, იმისათვის, რომ სოფელში შემოსულიყო ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტი. ძალიან ახლოს ჩვენთან, აგერ ჩითახევის ელექტროსადგურში შემოყვანილია და მიზეზი არის ის, რომ ლიანდაგის გადმოლახვა იყო პრობლემა. მაგრამ, არის გვირაბები, სადაც შესაძლებელია გვირაბის ქვეშ გადმოიაროს და სოფელი იყოს ხარისხიანი ინტერნეტით უზრუნველყოფილი“ - ია ქოზაშვილი. 




აღსანიშნავია ის, რომ ჭობისხევი არ არის ერთადერთი სოფელი, რომელიც 21-ე საუკუნეში კვლავ ინტერნეტის გარეშეა დარჩენილი. საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროგრამა, რომელიც სახელმწიფომ 2016 წელს, ქვეყნის მასშტაბით დაიწყო, ბორჯომის მუნიციპალიტეტში 14 სოფელს არ შეეხო. განსხვავებული მდგომარეობაა ქალაქად მცხოვრებლებისთვის. უინტერნეტო სოფლებში თუ ქალებს ის აწუხებთ, რომ დისტანციურად ვერ ახერხებენ სწავლას ან მუშაობას, შედარებით სხვა რეალობაა იქ სადაც ინტერნეტი აქვთ. მათ უფრო მეტად ის გაუჭირდათ, რომ საქმიანი თუ გასართობი ურთიერთობები ონლაინ რეჟიმში გადავიდა.

ანი დავიდიანი, რომელიც თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტია, პანდემიის დროს მშობლიურ მხარეს დაუბრუნდა. უკვე 2 თვეზე მეტია, ლექციები არა აუდიტორიაში, არამედ სახლში ონლაინ რეჟიმში უტარდება. მისი სწავლების მეთოდი მთლიანად შეიცვალა. ანი, ბორჯომის ერთ-ერთ უბანში ცხოვრობს და ინტერნეტის პრობლემა ნაკლებად აქვს, თუმცა ხანდახან ხდება ისეც, რომ პროგრამა იტვირთება და იჭედება.

ინტერნეტით სწავლებას ალღო მალევე აუღო და დიდად არ გასჭირვებია, თუმცა ამბობს, რომ ასეთი ფორმატით სწავლებამ სტუდენტები ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა. განსაკუთრებულად გამოჰყოფს იმას, რომ ლექტორთან კომუნიკაცია აუდიტორიაში პირისპირ ერჩივნა, ვიდრე მონიტორს მიღმა.

"შიგადაშიგ არის ხოლმე ტექნიკური პრობლება, ზოგჯერ პროგრამა იტვირთება და ამიტომ შეიძლება გაჭედოს. მერე, თავიდან გვიწევს ჩართვა და ამას გარკვეული დრო მიაქვს. სირთულეები ის არის, რომ ლექტორს ისე კარგად ვერ ეკონტაქტები, ამდენი ბავშვია. აუდიტორიაში უფრო თავისუფლად ხარ, აქ კი პირიქით, არ გინდა შეაწყვეტინო და მერე შენს გამო, რამე პრობლემა წარმოიქმნას“ - გვიყვება ანი დავიდიანი.



ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ჯავახიშვილის უნივერსიტეტში შეიცვალა საგამოცდო სისტემაც. გაუქმდა შუალედურები, ხოლო მის ნაცვლად ფინალურებზე ქულების რაოდენობა გაიზარდა. ანი ფიქრობს, რომ ამ ფორმატმა შესაძლოა ზოგიერთ სტუდენტს გაურთულოს გამოცდის ჩაბარება. სტუდენტების მსგავსად, არანაკლებ ნერვიულობენ აბიტურიენტებიც, რომლებსაც წინ ერთიანი ეროვნული გამოცდები ელით. თუმცა, სანამ საგამოცდო ციებ-ცხელებაში ჩაერთვებოდნენ, კორონავირუსის პანდემიამ მე-12 კლასელებს ის ემოციაც წაართვა, რაც „ბოლო ზარს“ უნდა მოჰყოლოდა. წელს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მასშტაბით სკოლას 266 კურსდამთავრებული დაემშვიდობა, თუმცა სკოლაში ბოლო დღე ერთად ვერ გაატარეს, კეთილი სურვილები ერთმანეთს ვერც მაისურებზე დაუწერეს. პირისპირ ურთიერთობები ინტერნეტმა ჩაანაცვლა და მათი „ბოლო ზარიც“ ონლაინ რეჟიმში „დაირეკა“. მე-12 კლასელების ყველა გეგმა დროებით დაპაუზდა. ასე ონლაინ რეჟიმში წარიმართა ანა რაზმაძისთვისაც "ბოლო ზარი". თანაკლასელებმა ერთმანეთს სკოლის დამთავრება არა პირადად, არამედ მონიტორს მიღმა მიულოცეს.





ასე შეცვალა რეალობა თითქმის მთელ დედამიწაზე მსოფლიო პანდემიამ. სოციალური ურთიერთობები ინტერნეტმა ჩაანაცვლა, თუმცა, უმრავლესობას რომ დღემდე არ მიუწვდება ხელი ინტერნეტზე, ფაქტია ეს ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება.

IDFI-ს ინფორმაციით, ინტერნეტხელმისაწვდომობის კუთხით დისბალანსი განსაკუთრებით არის რეგიონებსა და დედაქალაქს შორის. სამცხე-ჯავახეთში ინტერნეტის დაფარვის სიმკვრივე 59%-ს შეადგენს და მათი განმარტებით, პრობლემაა ინტერნეტის ხარისხიც. ორგანიზაციის მკვლევარის დავით ერისთავის თქმით, დაბალსიჩქარიანი ინტერნეტია ძირითადად სოფლებში, ხოლო ბორჯომსა და ბაკურიანში, რომლებიც საკურორტო ზონებია და გამოირჩევა სასტუმროების სიმრავლით, დაფარვა აქ შედარებით მაღალია.

„ბორჯომის და ბაკურიანის გარეთ, სოფლებში და პატარა დაბებში გვაქვს საკმაოდ სავალალო მდგომარეობა. დაფარვის სიმკვრივე არ აჭარბებს 60%-ს. ეს არის წმინდა ეკონომიკური მოვლენა. კერძო სატელეკომუნიკაციო კომპანიებს არ უღირთ ისეთ დასახლებებში ინფრასტრუქტურის გაყვანა და ინვესტიციის ჩადება, სადაც მოსახლეობა არის ცოტა. რადგან, ნაკლებად აქვს ამ ინვესტიციის ამოღების იმედი. ამიტომ, ამ მხრივ უნდა ჩაერიოს სახელმწიფო“ - აცხადებს დავით ერისთავი.




IDFI-ში იმ საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტზეც საუბრობენ, რომლის განხორციელებაც სახელმწიფომ 2016 წელს დაიწყო და შეჩერდა. ცენტრალურ მთავრობაში კი ამბობენ, რომ პროგრამა ე.წ. Open Net გრძელდება. ეკონომიკის მინისტრის განმარტებით, ჯერ კიდევ ეპიდემიის გავრცელებამდე ჰქონდათ მომზადებული პროექტის შემდგომი დაჩქარების გეგმა. აღნიშნული პროექტი ორ ეტაპიანია. უწყების ინფორმაციით, პირველი საპილოტე პროექტი მალევე დაიწყება, ხოლო შემდგომი ეტაპი უახლოეს თვეებში განხორციელდება.

„ახლა საუბარი არის იმაზე, რომ ოპტიკურ ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურა, კაბელი და შესაბამისი აპარატურა იქნას დამონტაჟებული იმისათვის, რომ ის სოფლები რომლებიც დღესდღეობით ან ვერ სარგებლობენ ინტერნეტით ან დაბალი ხარისხის ინტერნეტი მიეწოდებათ, მოხდეს მათი ინტერნეტიზაცია. ეს არის დაახლოებით 800 დასახლებული პუნქტი, სადაც მივა ეს კაბელი და თუ ამ პერიოდში გამოვლინდა უფრო მეტის საჭიროება, ჩვენ მზად ვართ რომ გავაფართოვოთ ეს არეალი“ - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ.



საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტს, რომელსაც ეკონომიკის მინისტრი აანონსებს, მსოფლიო ბანკი დააფინანსებს. შევა თუ არა იმ 800 დასახლებულ პუნქტში ბორჯომის 14 სოფელი, რომელიც ერთხელ უკვე დარჩა პროექტის მიღმა, ამ ეტაპზე რთული გასარკვევია. ერთადერთი სურვილი, რაც უინტერნეტო სოფლებში ქალებს აქვთ არის ის, რომ მალე გაქრეს მათი კომპიუტერების ეკრანებიდან წარწერა: „No Intrenet“ და მათაც შეძლონ ისევე თავისუფლად სწავლა, მუშაობა დისტანციურად და ინტერნეტ რესურსებით სარგებლობა, როგორც ქალაქად მცხოვრებლები ახერხებენ.




ინტერნეტით მოსარგებლე ქალების სურვილები კი მათგან განსხვავებულია. მათი ერთადერთი ნატვრა ახლა მხოლოდ ის არის, რომ სოციალური დისტანცია მალე წარსულს ჩაბარდეს და ონლაინ ურთიერთობა, ახლო კომუნიკაციით ჩანაცვლდეს.






Print E-mail
FaceBook Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.