კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიოში ადამიანების ცხოვრება შეცვალა. შეიცვალა იმ ქალების დღის წესრიგიც, რომლებიც დროებით უმუშევრები დარჩნენ,
ბავშვები სკოლასა თუ საბავშვო ბაღში აღარ დადიან და მშობლებს შვილებთან ერთად დისტანციურად უწევთ სასწავლო პროცესში ჩართვა. გადატვირთული გრაფიკისა და დაძაბული ყოველდღიურობისგან განსხვავებით, მშობლები შვილებთან გაცილებით მეტ დროს ატარებენ ვიდრე აქამდე იყო.„საკმაოდ სტრესული იყო
გარემო, მაგრამ მშობელს გადასარევად შეუძლია შვილის ემოციურ მხარეზე
საუბარი. ჩემი შვილები ასეთი ბედნიერები არასოდეს ყოფილან. დღეს აქვთ
ის ფუფუნება, რასაც თავიდან ბოლომდე მშობლების გარემოცვაში ყოფნა
ჰქვია. ძალიან აქტიურად არიან ჩართულები და ძალიან ბედნიერები არიან.
მაქვს შეგრძნება, რომ ის დანაკლისი, რასაც მშობლებთან ურთიერთობა
ქვია, სრულად შეივსეს ამ პერიოდის განმავლობაში“.
ერთად გატარებული დრო სასარგებლო აღმოჩნდა მშობლებისა და
შვილებისთვის. ამ პერიოდში მარიამმა ბავშვებში სხვადასხვა სურვილები,
მიდრეკილებები და ინტერესები დაინახა.
„აღმოვაჩინე, რომ უმცროს შვილს ძალიან ხიბლავს ცეკვა და ძალიან კარგ
მოძრაობებს ფლობს, რაც ჩემთვის მოულოდნელი იყო. განსხვავებული
ინტერესი აღმოვაჩინე უფროს შვილზე ასტრონომიით არის გატაცებული,
რისთვისაც ახლა უფრო მეტი დრო აქვს, რომ წაიკითხოს, ინტერნეტრესურსი
მოიძიოს, ტელევიზიას უყუროს“.
ბავშვების გასართობად მარიამი აქტიურად იყენებს ინტერნეტ რესურსს.
ოჯახის ოთხივე წევრი ერთვება ახალ თამაშებში, სადაც გამარჯვებულები
ბავშვები არიან. მის პირად ფეისბუქ გვერდზე მრავალი აქტივობა დევს
ბავშვებთან ერთად შესრულებული-ეს იქნება გასართობი, შემეცნებითი,
კულინარიული თუ სხვა.
მრავალი აქტივობის პარალელურად
მუშაობას დისტანციურად აგრძელებდა. მარიამი სამცხე-ჯავახეთის
პრობაციის ბიუროში პრობაციის ოფიცერია. ამბობს, რომ გარემო სტრესული
იყო, ჩვეულებრივ ყოფით ცხოვრებას ერთბაშად მოწყდა, აღარ უწევდა
სოციალური ურთიერთობები. ყველაზე მეტად კი მეგობრები ენატრებოდა.
მიუხედავად იმისა რომ მათთან ონლაინ კონტაქტი არ შეუწყვეტია.
დანაკლისი ადამიანებთან ურთიერთობა იყო.
ამბობს, რომ ერთადერთი დადებითი მხარე პანდემიის დროს ის იყო, რომ
ოჯახის წევრებმა ერთმანეთს მეტი დრო დაუთმეს და მოსიყვარულება შეძლეს,
შეივსეს დანაკლისი, შეიცნეს ერთმანეთის სურვილები და ინტერესები.
„დარწმუნებული ვარ ყველა მშობელს უჭირს ახლა ბავშვების უწყვეტ
რეჟიმში სახლში ყოფნა, თუმცა არსებობს უამრავი შესაძლებლობა იმისთვის
რომ რუტინული სახე არ ჰქონდეს ამ ყველაფერს და პოზიტიური ელფერი
შევძინოთ. პირველ რიგში საკუთარ თავზე უნდა იმუშაოს მშობელმა. თუ
მშობელი არის სტრესული და ემოციურად დათრგუნული გამორიცხულია, რომ მან
ეს ყველაფერი ქვეცნობიერად ბავშვს არ გადასცეს. უნდა შეძლოს და
პოზიტიური კუთხით შეხედოს. დავკავდეთ სხვადასხვა აქტივობებით, ხშირად
ვესაუბროთ ბავშვებს, რისი დროც ალბათ არ გვქონდა დასაქმებულ მშობლებს
და მუდმივად გვქონდა დანაკლისი“ .
პანდემიის პერიოდში ერთფეროვანი გახდა მშობლბისა და ბავშვების
ცხოვრება. დედები ცდილობენ შვილების გართობა და დღის რეჟიმი არსებულ
რეალობას მოარგონ.
ფსიქოლოგი მანანა ნადირაძე იმ
შედეგებზე საუბრობს, რომელიც შესაძლოა პანდემიის შემდგომ აისახოს
ადამიანების და განსაკუთრებით ბავშვების ცხოვრებაზე. ის დედებს
გარკვეული რჩევებით მიმართავს.
„საზოგადოების უმრავლესობას ჩაკეტილ სივრცეში, ძირითადად
ოჯახებში მოუწიათ თანაცხოვერბის გაგრძელება. ადვილი არ არის როცა
ჩაკეტილ სივრცეში ოჯახში რამდენიმე თაობის ადამიანი ცხოვრობს, წლების
განმავლობაში გამომუშავებული დღის რეჟიმით გაგრძელდეს ყოველდღიური
რუტინული ცხოვრება. ცხოვრების ზეაქტიურ რიტმში ჩაბმული ოჯახის
წევრები, თითქმის გაუცხოებულები არიან ერთმანეთისთვის. მათ მხოლოდ
ყოფითი პრობლემები აერთიანებთ და ცივილური ურთიერთობები აღარ გამოდით.
ასეთ შემთხვევაში ადამიანები უფრო მეტად გაღიზიანებულები არიან, უჭირთ
ემოციების მართვა და მყარი ფსიქიკური წონასწორობის შენარჩუნება.
შეიძლება თავი იჩინოს სხვადასხვა დაავადებებმა. ჩაკეტილ სივრცეში
ყველა ადამიანი ითრგუნება. საჭიროა პატივი ვცეთ ერთმანეთს და
გავუფრთხილდეთ მის ფიზიკურ თუ ფსიქიკურ ჯანმრთელობას.
სტრესი იმდენად გამჯდარია ადამიანის ფსიქიკაში, რომ გარკვეული
პერიოდის შემდეგ დავინახავთ ჩვენი საზოგადოება ჯანმრთელი ფსიქიკის
მქონეა თუ ტრამვირებული. ეს მოვლენები აუცილენლად თავის დაღს დაასვამს
ადამიანების ქცევას და ურთიერთობებს. ყველაზე მეტად ეს მატრამვირებელი
იქნება ბავშვის ფსიქიკისთვის. ბავშვებში ალბათ თავს იჩენს უფრო მეტი
შფოთვა, აგრესიულობა, მომატებული ზეაქტიურობა, არაჯანსაღი
დამოკიდებულება თანატოლების და უფროსების მიმართ. ბავშვები შიშით
აკვირდებიან ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას. მათ აქვთ გაურკვევლობის
განცდა, უამრავი შეკითხვა, რაც არ უნდა დარჩეს პასუხგაუცემელი.
საზოგადოების უმრავლესობას დაჭირდება ფსიქოლოგების მომსახურება. ეს
სერვისი ჩვენთან არ არის ხელმისაწვდომი და განვითარებული. აუცილებლად
უნდა იყვნენ ფსიქოლოგები ყველა სასწავლო და სააღმზრდელო
დაწესებულებაში.
პანდემიამ ცუდ შედეგებთან ერთად დადებითი შედეგებიც მოიტანა. მოგვცა
თავისუფალი დრო ფიქრისათვის, ცხოვრების გადასაფასებლად. უკეთ
გავიცანით ჩვენი ოჯახის წევრები და რაც მთავარია ჩვენი შვილები.
გავიგეთ რა აკლიათ მათ, რაზე ოცნებობენ, რას მოითხოვენ
ერთმანეთისაგან. ეს პროცესი გაცილებით მშვიდად ჩაივლის და თუ
შევინარჩუნებთ სიმშვიდეს, ვიქნებით მეტად პოზიტიურები, დავნერგოთ
ოჯახში თანამედროვე ან თუნდაც მივიწყებული თამაშები, ვიყოთ უფრო
კრეატიულები, ერთად დავგეგმოთ ყოველი დღე, ჩავრთოთ ჩვენი პატარები,
დღის ბოლოს შევაჯამოთ განვლილი დღე, წავახალისოთ ბავშვები რაც არა
მარტო მათ, უფროსებსაც სიამოვნებთ.
სტრესის დაძლევის საუკეთესო საშუალებებსაც უნდა მივაგნოთ. ეს არის
ფიზიკური ვარჯიშები, მუსიკა, ცეკვა. ინტერნეტი და ტელევიზია გვაძლევს
უამრავ მასალას, რომ ყოველდღიური უფერული დღეები განსხვავდებოდეს
ერთმანეთისაგან და უფრო მეტად ხალისიანები და სიცოცხლისუნარიანები
ვიყოთ“.