90-იან წლებში შექმნილმა მძიმე სოციალურმა პირობებმა ქალების ცხოვრება
სამუდამოდ შეცვალა. უმუშევრად დარჩენილმა ქალებმა ოჯახის გადასარჩენად
და ლუკმაპურის საშოვნელად გარევაჭრობა გადაწყვიტეს.
ისინი წლებია საკვები პროდუქტებით ვაჭრობენ და უმკლავდებიან მძიმე
სამუშაო პირობებს. მთელი დღის განმავლობაში უწევთ დგომა სიცხეში,
ყინვასა თუ წვიმაში. უხდებათ სიმძიმის აწევა. თუმცა ეს ყველაფერი მათი
ცხოვრების ნაწილად იქცა.
ჩვენს მულტიმედია მასალაში გაგაცნობთ ქალებს, რომლებმაც ოჯახის რჩენის
ტვირთი საკუთარ თავზე ორი ათეული წლის წინ აიღეს. მათ ერთი მიზანი და
ერთი ისტორია აერთიანებთ.
ირინა ზაზაძე უკვე 24 წელია რაც ვაჭრობს. 90-იან წლებში, მაშინ როცა
ყველაზე გაჭირვებული პერიოდი იყო შვილების გადასარჩენად გამოვიდა.
საქმეში მეუღლესთან ერთად ჩაერთო. ორ მცირეწლოვან შვილს მამამთილს
უტოვებდა. პატარა 6 თვის იყო.
„იმ წლებში შიმშილის ზღვარი და მასიური გაჭირვება იყო. ყველას
უჭირდა, რომ არ გამეკეთებინა არაფრით არ შეიძლებოდა. ქალისთვის ძალიან
რთულია. მეუღლე რომ გვერდში არ დამდგომოდა ალბათ რა იქნებოდა არ ვიცი.
მეუღლე ძალიან მეხმარება. დამილაგებს, მომიტანს, მომიწესრიგებს, წავა
და მერე მე. ფიზიკურადაც კი მიწევს შრომა, როგორ არა . ტომრების
აწევა-დაწევა. მაინც მიწევს სიმძიმის აწევა. ძალიან რთულია მაგრამ რა
ვქნათ, უნდა გავართვათ თავი“.
ირინა ზაზაძე
მძიმე სამუშაოსთან ერთად ზამთარში სიცივესა და ყინვასთან უწევს
გამკლავება, მაგრამ უძლებს. მადლობელია რომ ამდენი შეძლო და
ჯანმრთელები არიან. იმედი აქვს, რომ უხილავ მტერს, კორონავირუსს
გადაურჩება და ჯანმრთელად იქნება.
პანდემიამ სხვების მსგავსად მისი მუშაობის სტილიც შეცვალა. ხალხთან
ურთიერთობა დისტანციურად, წესების დაცვით უწევს. მომხმარებლებს
მაღაზიიდან ემსახურება.
სამსახური არასოდეს ჰქონია. შეკითხვაზე - სამსახური რომ გამოჩნდეს
იმუშავებდით თუ არა? ამბობს: „ახლა რომ ვიყავით რამდენიმე დღე
დაკეტილები ჩემი ტელეფონი არ გაჩერებულა. ვერ მოვწყდები იმიტომ რომ
ხალხს ვჭირდები. ძალიან ვჭირდები. მაინც გავაგრძელებდი“.
მზია მიქელაძე უკვე 25 წელია რაც ვაჭრობს.
თავდაპირველად ბორჯომის ცენტრში მდებარე აგრარულ ბაზარში
პარფიუმერიას ყიდდა. ბაზარი რომ დაიკეტა ქალაქის ცენტრში ნაქირავებ
ფართში გადავიდა, თუმცა არ გაუმართლა და ხილ-ბოსტნეულით ვაჭრობა
დაიწყო.
კორონავირუსის პანდემიის შემდეგ ქვეყნის მასშტაბით აგრარული
ბაზრები დაიხურა. მათ შორის აიკრძალა გარევაჭრობა. ბორჯომის
მერიამ გარემოვაჭრეებს ჩარხისწყლის ბაზარში გადასვლა შესთავაზა. თუმცა
მოვაჭრეები არ წავიდნენ. ორ დღეში აღნიშნული ბაზარიც დაიკეტა.
უმუშევრად დარჩენილმა მზია მიქელაძემ გადაწყვიტა სახლში მიტანის
სერვისით ემუშავა.
საქმეში მეუღლე ეხმარება. სახლში მიტანის სერვისსაც მისი დახმარებით
ამუშავებს. მიდიან ყველგან, სადაც შეკვეთა იქნება. მათ შორის
გარეუბნებსა და სოფლებში.
„თუ შეკვეთა იქნება დიდი მანძილზე იქ ცოტას დაამატებენ
ტრანსპორტირების ხარჯს. 10 ლარზე ნაკლები შეკვეთა არ უნდა იყოს.
ყველგან მივდივართ.
ძალიან რთულია და შრომატევადი, მაგრამ რა ვქნათ. სხვა გზა არ გვაქვს.
ერთადერთი შემოსავალია ოჯახის“.
გულნაზ ჩხეტია აფხაზეთიდან დევნილია. ბორჯომში 1993 წელს ჩამოვიდა.
მაშინ 37 წლის იყო. ოჯახი სანატორიუმში, ორ ოთახში შეასახლეს. ამბობს,
რომ ბორჯომელებმა ძალიან კარგად მიიღეს. დღეში სამჯერ საკვებს
ურიგებდნენ. „ჯერ ბავშვებს ვაჭმევდით, თუ რამე დარჩებოდა
ცოლ-ქმარი მივირთმევდით“.
სახლისა და შემოსავლის გარეშე დარჩენილმა ვაჭრობა გადაწყვიტა.
„მეტი გზა რომ არ იყო გარეთ გამოვედი. ბაზრის წინ კიბეზე
ვიჯექი და სიგარეტს ვყიდდი. ერთ ბლოკ სიგარეტს რომ გავყიდდი, ბავშვებს
რაღაცას მივუტანდი. მერე შიგნით შევედით ბაზარში. რასაც კლიენტი
მომთხოვდა ის მოგვქონდა სიხარულით, რომ გაგვეყიდა. არ იყო მაშინ
მაღაზიები. პროდუქტს ვყიდდით. ნელ-ნელა ავაწყეთ . არაგვიშავდა საჭმლის
ფული გვქონდა“.
გულნაზ ჩხეტია
პროდუქტის მოსატანად თბილისში მატარებლით დადიოდა, რომელსაც ფანჯრები
არ ჰქონდა. განსაკუთრებით ყინვაში უჭირდა მგზავრობა. პროდუქტი
ჩანთებით მოჰქონდა. გაყიდდა და შემდეგ ისევ მიდიოდა. ასე გრძელდებოდა
რამდენიმე წელი. მოგვიანებით მატარებელი ავტობუსმა ჩაანაცვლა და ყოველ
შაბათს დაყვებოდა. 1993 წლის შემდეგ გარეთ არის.
ქალაქის ცენტრში აგრარული ბაზარი რომ დაიკეტა მის მიმდებარედ მაღაზია
იქირავეს და ვაჭრობა გააგრძელეს. ისიც რომ დაინგრა ჩარხისწყლის
ბაზარში გადაინაცვლა, მაგრამ უშედეგოდ. ბოლოს ისევ ქალაქის ცენტრში
იქირავა ფართი და უკვე რამდენიმე წელია აქ არის. ახლაც სანატორიუმში
ცხოვრობს მეუღლესთან და შვილებთან ერთად.
- მას შემდეგ რა შეიცვალა?
„ ვმუშაობთ, ოჯახს არ შია. საჭმელს ვყიდულობთ და მიგვაქვს
სახლში. მაღაზია ოჯახის შემოსავლის ერთადერთი წყაროა. ოჯახთან ერთად
ვვაჭრობ“- ამბობს გულნაზ ჩხეტია.
რომ არა 90-იანი წლები, უკიდურესი გაჭირვება და მძიმე სოციალური ფონი,
შესაძლოა მოვაჭრეებს მძიმე სამუშაო პირობებში ცხოვრების გატარება არ
დასჭირვებოდათ, მაგრამ უმუშევრობამ და სოციალურმა მდგომარეობამ მათ
ამის საშუალება არ მისცა.
კორონავირუსის პანდემიამ მოვაჭრეებს 90-იანი წლები გაახსენა. მსგავსი
პრობლემები დაინახეს, რომლის განმეორება და გახსენება აღარავის
უნდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.