მოზარდის ბლოგი ჩვენზე და თქვენზე
როგორ ავირჩევ პროფესიას
გამარჯობა. მე ვარ ელენე დათუნიშვილი ბორჯომიდან, 14 წლის, მე-8კლასის მოსწავლე. როგორც ყველა ჩემი თანატოლი, მეც იმ კითხვის წინაშე დავდექი, თუ ვინ მინდა გამოვიდე. როგორც ყველა, მეც ბავშვობიდანვე თამაშის დროს ვირჩევდი პროფესიებს, მაგრამ როდესაც მაღალ კლასებში გადავდივარ, მომავალ პროფესიაზე ვიწყებ სერიოზულად ფიქრს. ერთ-ერთი პროფესია რომელზეც მიფიქრია ჟურნალისტობაა.



ელენე დათუნიშვილი





ამიტომ, გადავწყვიტე სანამ პროფესიულ არჩევანს გავაკეთებდი, გამერკვია ჟურნალისტების მოსაზრება, რამდენად რთული პროფესიაა, რა სირთულეები ახლავს მას და როგორ უთავსებენ ჟურნალისტები ერთმანეთს ოჯახს და სამსახურს.

ნატო მელიქიძე გაზეთ „ბორჯომის“ ჟურნალისტია. ჰყავს მეუღლე და სამი მცირეწლოვანი შვილი.


ნატო მელიქიძის შვილები




ნატომ პროფესიული არჩევანი ბავშვობაში გააკეთა. ჯერ კიდევ მაშინ მოიხიბლა ამ პროფესიით, როდესაც საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო გამოშვება ,,მოამბის’’ წამყვანი გახლდათ დავით სოკოლოვი. პატარა ნატო მისმა ხმის ტემბრმა, წამყვანისთვის დამახასიათებელმა უნარებმა დააინტერესა და მას შემდეგ გადაწყვიტა, რომ თვითონაც ჟურნალისტი უნდა გამხდარიყო.

ნატო ჯერ კიდევ მე-8 კლასში იყო, ანუ ჩემი ასაკის, როცა მისი პირველი სტატია დაიბეჭდა საბავშვო გაზეთ „ცისარტყელაში“. გაზეთის ფურცლებზე საკუთარი სახელის და გვარის ამოკითხვამ კი ძალიან გააბედნიერა. შემდეგ იყო ტელეკომპანია „ბორჯომში“ ახალგაზრდული გადაცემა ,,თინეიჯერის’’ ერთ-ერთი თანაწამყვანი. სკოლის დამთავრების შემდეგ, დაუფიქრებლადვე ჩააბარა ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე. უნივერსიტეტის პარალელურად კი მუშაობდა სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთში. სწავლის დასრულების შემდეგ გულმა ისევ ბორჯომისკენ გამოუწია და აქ დაბრუნების მერე მალევე დაოჯახდა. ცოტა ხნით მოწყდა ჟურნალისტურ საქმიანობას. თუმცა, 2018 წლიდან მუშაობა დაიწყო გაზეთ „ბორჯომში“. ახლა ერთმანეთს უთავსებს სამსახურს და ოჯახს. თუმცა, ისევ არის პროფესიულ ძიებაში.





ნატოს აზრით ყველა პროფესიას ახლავს სირთულეები. თუმცა, ჟურნალისტიკის სფეროში მომუშავე ადამიანისათვის კიდევ უფრო რთულია საკუთარ რაიონში იმუშავო, სადაც სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ყველა ყველას იცნობს. აქედან გამომდინარე, რთულია ისეთი რამ თქვა, დაწერო, ან გააშუქო რომ ყველა მადლიერი გყავდეს. ასევე, ის თვლის რომ ჟურნალისტიკა ერთ-ერთ ყველაზე დაუფასებელ პროფესიად ითვლება და როგორც თვითონ ამბობს, ცდილობს გააშუქოს ის რაც დაფუძნებულია რეალურ ამბავზე და გადამოწმებულიც არის.


ნატო მელიქიძე



მიუხედავად ამ სირთულეებისა, ნატო ამბობს, რომ მისი ყოველი დღე ერთმანეთს არ ჰგავს, რადგან ჟურნალისტიკა არის განსხვავებული პროფესია. შესაძლოა სამსახურიდან ისეთ ადგილზე მოხვდეს, რომ ეს წინა დღეს დაგეგმილი არც ჰქონდეს. თვლის, რომ თუკი გიყვარს შენი საქმე, ყველანაირ ხერხს და საშუალებას მიმართავ ინფორმაციის მოსაპოვებლად. სწორედ ასე მუშაობს გაზეთის რედაქციაში უკვე ოთხი წელია.



ნატო მელიქიძე





მე გავესაუბრე კიდევ ერთ ჟურნალისტს. ნინო ვართაპეტიანი უკვე 14 წელია ტელეკომპანია „ბორჯომში“ მუშაობს. პროფესიის დადებით და უარყოფით მხარეებზე ნინომაც ისაუბრა, თუმცა მანამდე მოგვიყვა როგორ მუშაობს და რა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება უწევს ტელევიზიაში.


ნინო ვართაპეტიანი





ნინო ვართაპეტიანმა მუშაობა ჟურნალისტად 2008 წლიდან დაიწყო. ამზადებს სიუჟეტებს სხვადასხვა თემაზე. წლების შემდეგ დაიწყო სხვადასხვა ფორმატის მასალების მომზადება. ახლა არის საინფორმაციო გამოშვების წამყვანი და საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი. ყოველკვირეულად, გუნდთან ერთად გეგმავს თემებს, რომლებზეც მომზადდება მასალები. მუშაობს ჟურნალისტებთან და ოპერატორებთან ერთად, საინფორმაციო გამოშვებისთვის მოსამზადებელ მასალებზე. 



ნინო ვართაპეტიანი





ნატოსგან განსხვავებით, ნინო დაოჯახებული არ არის და პროფესიისთვის უფრო მეტი დრო აქვს დათმობილი. ოჯახის წევრები კი ამაში ხელს უწყობენ.
საინტერესოს, დაუგეგმავს და თავგადასავლებით სავსეს უწოდებს ნინო ჟურნალისტიკას. თუმცა, ამბობს იმასაც, რომ ეს პროფესია არის რთული და დაუფასებელი. მისი თქმით, ვინც ამ გზას ირჩევს, კარგად უნდა დაფიქრდეს და გააცნობიეროს საკუთარი წილი პასუხისმგებლობა. გვიყვება იმ დადებით და უარყოფით მხარეებზე რაც ჟურნალისტიკას ახლავს თან.





მე პირადად ჟურნალისტებთან გასაუბრება და მათი გამოცდილების გაზიარება ძალიან დამეხმარება სამომავლოდ იმის გადაწყვეტაში, ავირჩევ თუ არა საბოლოოდ ჟურნალისტიკას, ჩემს პროფესიად. რამდენიმე წელიწადში, როდესაც სკოლას დავამთავრებ, მომიწევს საბოლოო არჩევანის გაკეთება და იქამდე მსურს ჩემი გადაწყვეტილება იყოს გაცნობიერებული. იმედი მაქვს, თქვენც დაგეხმარებათ ნატოს და ნინოს რჩევები, თუ თქვენც ვერ გადაგიწყვეტიათ, აირჩიოთ ჟურნალისტიკა თუ რომელიმე სხვა პროფესია.

და მაინც, რომელი პროფესიაც არ უნდა ავირჩიოთ, ალბათ მთავარია, ვაკეთოთ საქმე სიყვარულით და ის სირთულეები რაც ახლავს თითოეულ პროფესიას, იქნება დაძლევადი. მე გისურვებთ, გააკეთოთ პროფესიული არჩევანი სწორად და იყოთ იმ სფეროში, სადაც თავს ყველაზე კარგად იგრძნობთ. თუ პროფესიას შევიცვლით, ალბათ არც ეგ არის ტრაგედია. სიახლეებიც საჭიროა ცხოვრებაში. ასე რომ წარმატებები ყველას ჩვენს ახლანდელ თუ სამომავლო პროფესიაში.




ავტორი: ელენე დათუნიშვილი
ბორჯომის №1 საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე




Print E-mail
FaceBook Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.