მოზარდის ბლოგი ჩვენზე და თქვენზე
შორ მანძილს + მგზავრობის ხარჯი = პრობლემებს ჩვენს ცხოვრებაში - სტიოპა დუმოიანის ბლოგი
მე ვარ სტიოპა დუმოიანი, 17 წლის.
ვცხოვრობ სოფელ ჟდანოვში. ჩემი სოფელი მდებარეობს ნინოწმინდაში,
საქართველო-სომხეთის საზღვართან.
ნინოწმინდიდან დაახლოებით 20
კილომეტრით არის დაშორებული.
მე ძალიან მიყვარს, როდესაც ვსაუბრობ აქტუალურ საკითხებზე, ეს
გვაძლევს საშუალებას ვიმსჯელოთ და ვეძებოთ გამოსავალი.
დღევანდელი განსახილველი თემა, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია,
განსაკუთრებით მათთვის, ვინც ჩემსავით ქალაქიდან მოშორებულ სოფელში
ცხოვრობს. ყველაფერი, რაც მე, როგორც აბიტურიენტს, მჭირდება -
ნინოწმინდაშია, ნებისმიერი საქმის გასაკეთებლად სოფლიდან ნინოწმინდაში
მიწევს წასვლა.
საშუალოდ კვირის განმავლობაში 4-ჯერ მიწევს ნინოწმინდაში წასვლა და
უკან დაბრუნება. ძირითადად ნინოწმინდაში გაკვეთილების შემდეგ
მივდივარ. აბიტურიენტი ვარ და რამდენიმე საგანში კერძო რეპეტიტორებთან
დამატებით ვმეცადინეობ. ხანდახან ტრენინგებს ვესწრები და სხვა
აქტივობებს.
ჩემს სოფლამდე მისასვლელი გზა 2 წელია რაც მოასფალტდა, ეს კარგია,
მაგრამ სხვა ბევრი პრობლემაა.
ტრანსპორტი თითქმის ყოველთვის გადატვირთულია. დღეში ორჯერ მიდის
ნინოწმინდაში და უკან ბრუნდება. მე ძირითადად ამ ტრანსპორტით მიწევს
მგზავრობა. ერთხელ ნინოწმინდაში ჩასვლა და უკან დაბრუნება 10 ლარი
მიჯდება. თუ მთელი თვის თანხას დავითვლი, 160-180 ლარი მჭირდება
მხოლოდ მგზავრობისთვის. ხანდახან, თუ მარშუტკას ვერ მივუსწარით,
ერთადერთი იმედი ტაქსია, რაც კიდევ უფრო ზრდის ჩვენს ყოველდღიურ
ხარჯს.
ჩემს კლასში 8 მოსწავლე ვართ, აქედან მხოლოდ ოთხი ვახერხებთ სიარულს
ნინოწმინდაში, დამატებით აქტივობებზე დასასწრებად და განათლების
მისაღებად.
ჩემი თანატოლები, რომელთა ოჯახებსაც არ აქვთ საშუალება, ვერ დადიან და
ვერ ახერხებენ სწავლას, არაფორმალური განათლების მიღებას. ამის გამო,
ვფიქრობ სოფლებში მცხოვრები ახალგაზრდები ვიჩაგრებით და შეიძლება
ითქვას „უკანა პლანზე“ ვართ. არადა, ჩემს ირგვლივ ბევრი ძალიან
ჭკვიანი ახალგაზრდაა, რომლებსაც განვითარებაში ხელი
ეშლებათ.
ასევე არიან უფროსებიც, ისინი, ვინც ჟდანოვში ცხოვრობენ და
ნინოწმინდაში არიან დასაქმებულნი, შემოსავლის ნახევარს გზაში იხდიან
ან უარს ამბობენ დასაქმებაზე.
პანდემიის გამო ბევრი პროექტი ონლაინ დაიგეგმა და განხორციელდა. ეს
ჩვენთვის იყო შესაძლებლობა, ჩვენი დასახლებიდან გაუსვლელად მიგვეღო
მონაწილეობა საინტერესო პროექტებში და აქტივობებში. ბევრი მეგობარიც
შევიძინე, საინტერესო ადამიანები გავიცანი.
მინდა რომ ისე დაიგეგმოს პროექტები, რომ ჩვენ სოფლად მცხოვრებ
ახალგაზრდებს შეგვეძლოს მასში მონაწილეობა. გვქონდეს ყველა პირობა,
რომ არ ჩამოვრჩეთ ჩვენს თანატოლებს და იყოს დაცული ჩვენი უფლებები.
უფლებები ხომ ყველას თანაბარი გვაქვს.
სტიოპა დუმოიანი, ნინოწმინდა
მე-12 კლასი
გააზიარეთ :