წარმოვიდგინოთ, რომ სახლში გვაქვს
შავ-თეთრი ტელევიზორი და მის გადასართავად აუცილებლად უნდა ავდგეთ და
მივიდეთ ახლოს...
ან კიდევ იმისათვის, რომ სატელეფონო ზარი განვახორციელოთ ან
მეზობელთან უნდა გავიდეთ, ვისაც საქალაქთაშორისო ტელეფონი აქვს ან
კიდევ ფოსტას უნდა ვესტუმროთ, რომ სადმე სხვა ქალაქში
დავრეკოთ....
რა თქმა უნდა დღეს ეს და კიდევ ბევრი რამე უკვე რთული წარმოსადგენია,
რადგან ცხოვრება განვითარდა, დაიხვეწა ტექნოლოგიები და გაჩნდა
ახალ-ახალი მოთხოვნილებები, თუმცა თუ დღევანდელ სკოლის მოდელს იმ
წლებს შევადარებთ, როცა ზემოთ მოყვანილი მაგალითები ჩვეულებრივი
მოვლენა იყო, მივხვდებით რომ ცვლილება მას ნაკლებად შეეხო, არადა
გარეთ 21-ე საუკუნეა ახალი გამოწვევებით, ახალი თაობებით, ახალი
შესაძლებლობებით და სრულიად ახალი ინტერესებით.
ვეკითხები უფროს თაობას და ვხვდები, რომ სკოლა ისევ შავ-თეთრი
ტელევიზორებისა და შნურიანი ტელეფონების წლებშია, რადგან მპასუხობენ,
რომ დაახლოებით 80% საგაკვეთილო პროცესი ისეთივეა, როგორიც ათეული
წლების წინ.
არადა ახალ თაობას ნამდვილად გვიჭირს 45 წუთი მერხზე გაუნძრევლად
გაჩერება, ჩვენ ხომ ჰიპერ აქტიური თაობა ვართ. მობილიზება შესაძლოა
მაშინ უფრო შეუძლია ბევრ ჩემ თანატოლს, როცა თავისუფლად იქცევა
გაკვეთილზე, თუმცა არც სხვებს შეუშალოს ხელი რა თქმა უნდა. არადა ეს
მასწავლებლების წყრომას იწვევს და ზოგჯერ ხმასაც უწევენ, რომ
დისციპლინა დაამყარონ კლასში.
ვუყურებ ამ ყველაფერს და მერე ჩემს თანაკლასელებს თუ ახლო მეგობრებს
ვეკითხები თუ რა პროფესია აქვთ არჩეული სამომავლოდ. გასაკვირია და
თითქმის არავინ არ მპასუხობს, რომ პედაგოგობა უნდა. თითქოს აღარაა
მოდური და მოთხოვნადი დღეს მასწავლებლობა, არადა სწორედ მათგან იწყება
ყველა სხვა პროფესია და რაც მთავარია ყველა ჩვენგანის პიროვნებად
ჩამოყალიბება.
და თუკი წარმოვიდგენ, თუ როგორი გაკვეთილები მინდა რომ იყოს, რომ
სწავლა მოსაწყენი არ გახდეს, ყველა კლასში აუცილებლად 20 ბავშვზე მეტი
არ უნდა იყოს. ასე სწავლაც და დისციპლინაც უფრო ადვილია. ყველა კლასი
იყოს თანამედროვედ მოწყობილი, უამრავი თვალსაჩინოებით და
ტექნოლოგიებით აღჭურვილი. ასე ერთ გაკვეთილზე შეიძლება ერთი საათიც კი
გაძლო, რომ მასწავლებელმა მოასწროს ახალი მასალის ახსნაც და ყველა
ბავშვის ყოველდღიურად შემოწმებაც.
ჩემი აზრით სჯობს ერთი დღე 3 ან 4 საგანს დაეთმოს და უფრო
საფუძვლიანად, ვიდრე 6 და 7 გაკვეთილი ჩატარდეს და უხარისხოდ. ასევე
ვისურვებდი, რომ დასვენებაც ცოტა ხანგრძლივი იყოს, თუნდაც 15-20 ან
სულაც 30 წუთიანი და ამ დროს უამრავი განტვირთვის საშუალება იყოს
სკოლაში. თუნდაც მუსიკა ისმოდეს დერეფანში ან სკოლის რადიო
გვამცნობდეს ბევრ საინტერესო ამბავს, ხოლო ვისაც ფიზიკური განტვირთვაც
უნდა, იყოს მოწყობილი სპორტული კუთხეები და ვმეგობრობდეთ არა მარტო
ჩვენ კლასთან, არამედ ჩვენი სკოლის სხვა ბავშვებთანაც. პატარები
ჩვენგან სწავლობდნენ, ჩვენ კი უფროსკლასელებთან ერთად შეგვეძლოს დროის
შინაარსიანად გატარება.
ასევე ვისურვებდი, რომ არა მარტო სპორტის მასწავლებელი, არამედ სხვა
საგნის მასწავლებლებიც იყვნენ ჩართული სხვადასხვა აქტივობაში და
იყვნენ უფრო ხალისიანები და მხიარულები. ტარდებოდეს უამრავი
მიმართულებით შიდა სასკოლო ტურნირები, რომ ყველა ბავშვს შეეძლოს
წარმოაჩინოს თავისი შესაძლებლობები და გაეჯიბრონ ერთმანეთს. ჩვენ
ყველას ხომ სხვადასხვა ინტერესი გვაქვს და სკოლა ამ ინტერესების
გაღრმავებაში უნდა გვეხმარებოდეს.
აი, მაშინ იქნება სკოლა ის ადგილი, რომელიც ყველა ბავშვისთვის
ძვირფასი ადგილი იქნება. ხალისით დაესწრებიან ყველა გაკვეთილს და
განავითარებენ საკუთარ შესაძლებლობებს.
ადგილი, სადაც ჩვენი ცხოვრების ყველაზე ლამაზ წლებს და თანაც 12 წელს
ვატარებთ, მინდა იყოს იდეალური. თუმცა ვიცი, რომ ეს ყველაფერი არა
მარტო მე, არამედ შეიძლება ჩვენს მომავალ თაობასაც ისევ სანატრელი და
საოცნებო ჰქონდეს.
თამთა სტეფნაძე
ბორჯომი. მე-8-ე კლასი.