მოზარდის ბლოგი ჩვენზე და თქვენზე
1978 წლის 14 აპრილი - აქციის მონაწილე პედაგოგი ბორჯომიდან
იზოლდა ჩილაშვილი დვირის საჯარო სკოლის პედაგოგია. 43 წლის წინ, ის იმ აქციის მონაწილე იყო რომელიც საბჭოთა კონსტიტუციაში შეტანილ ცვლილებას მოჰყვა, რის მიხედვითაც ქართული ენა სახელმწიფო ენის სტატუსს კარგავდა. საპროტესტო ტალღამ კულმინაციას მიაღწია 1978 წლის 14 აპრილს. დემონსტრანტების უმრავლესობა სტუდენტები იყვნენ. იმ დროს, გეპეიში სწავლობდა იზოლდა ჩილაშვილიც, რომელიც ახლა ჩემი სკოლის პედაგოგია. ვთხოვე გაეხსენებინა ის ცნობილი მოვლენები და საჯაროდ მოეყოლა, როგორ შეინარჩუნა ქართულმა ენამ სახელმწიფო ენის სტატუსი. გთავაზობთ ინტერვიუს იზოლდა მასწავლებელთან:

„1978 წლის აპრილში, საქართველოს მაშინდელმა მთავრობამ, ედუარდ შევარდნაძის (კომუნისტური პარტიის პირველი მდივანი) მეთაურობით შეიტანა კონსტიტუციაში ცვლილება, რომ საქართველოს სახელმწიფო ენად უნდა გამოცხადებულიყო რუსული ენა. მე მაშინ სტუდენტი ვიყავი და გავიგე, რომ ქართულ ენას გვართმევდნენ. მაშინ თბილისში ვცხოვრობდი მცხეთის ქუჩაზე და მცხეთის ქუჩიდან ფეხით დავდიოდი ხოლმე გეპეის კორპუსამდე. ვიდრე ეს ამბავი მოხდებოდა, ჩვენ გვერზე ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდნენ გეოლოგი ბიჭები და ძალიან აქტიურად იყვნენ ჩართულნი კონსტიტუციის განხილვაში. მათთან ერთად მოდიოდნენ ხოლმე მუხრან მაჭავარიანი, თამაზ წივწივაძე და ყველა ის გამოჩენილი ადამიანები, რომლებსაც სიტყვა ეთქმოდათ. სწორედ ისინი გვიხსნიდნენ, რა გველოდა შემდეგში, რუსიფიკაციის გავრცელების შემთხვევაში.

14 აპრილს ჩამოვიარე უნივერსიტეტთან. ბევრი ხალხის დანახვის შემდეგ, ჩემ ნაცნობ გეოლოგ ბიჭებთან მივედი და მითხრეს, რომ გამევრცელებინა ამბავი, რომ აქციას ვაწყობთ და უნდა გამოვთქვათ პროტესტი, ენის წართმევასთან დაკავშირებითო. მე, რა თქმა უნდა, წამოვედი გეპეიში და შევედი სააქტო დარბაზში, სადაც ყველა სტუდენტი იყო. გავახმოვანე, რომ უნივერსიტეტთან ასეთი მიტინგი იყო და თუ შეიძლებოდა ჩვენც წავსულიყავით. ამის შემდეგ ჩაგვიკეტეს ყველა კარები. ზოგი სტუდენტი ფანჯრიდან ხტებოდა, ზოგი მეორე გასასვლელიდან გადიოდა. ბოლოს, როგორც იქნა, ყველა გამოვიპარეთ და შევუერთდით ჩვენ მომიტინგეებს. ისეთი პერიოდი იყო, როდესაც ხმის ამოღების უფლება არავის ჰქონდა. ასე ამოიღეს ხმა ქართველებმა 1956 წლის 9 იანვარს მიტინგზე და იქიდან ყველა დახოცეს.

პროტესტის გამოსახატად ყველა მივდიოდით. იყო საშიშროება, რომ შეიძლება ვეღარ დავბრუნებულიყავით და დავერბიეთ, რადგან მოიტანეს ამბავი, სანაპიროზე, მთავრობის სახლის წინ, მე-8 პოლკში რუსეთის ჯარი იდგა მძიმე ტექნიკით შეიარაღებული. ჩვენ არ შეგვეშინდა, გავრისკეთ და მაინც წავედით. წინა ოთხ რიგში მკლავგაყრილები დაგვაყენეს გოგონები, რადგან ფიქრობდნენ რომ გოგონებს არ ესროდნენ. მათ შორის პირველ რიგში, ვიდექით მე და ჩემი და ლია. ამის შემდეგ, ფეხით დავიძარით უნივერსიტეტის კორპუსიდან მთავრობის სახლამდე. აქ, ველისუბნის აბანოდან ამოსასვლელი გზა სავსე იყო მაშინდელი მილიციელებით. ჩვენ მივუახლოვდით და გავჩერდით, რადგან შეგვეშინდა. ისინიც ქართველები იყვნენ და არც მათ უნდოდათ “გარუსება”, გვითხრეს მოგვაწექითო. ჩვენც გადავიარეთ და წავედით... მივედით მთავრობის სახლთან. ამ დროს, მთავრობის სახლში მიმდინარეობდა კონსტიტუციის განხილვა.

დღევანდელი თავისუფლების მოედანი სავსე იყო ახალგაზრდებით. იქ მიმდინარეობდა ლექსების წარმოთქმა, ლოზუნგების დაწერა... მიტინგის მონაწილეებს ჩაგვირთეს პირდაპირი ეთერი. პირდაპირ ეთერში გამოვიდა ედუარდ შევარდნაძე და ყველაფერი თავის თავზე აიღო. მან დიდი როლი ითამაშა ამ დღის მშვიდობიანად დასრულებაში. ედუარდ შევარდნაძემ თქვა: “ მე თქვენ გელარაკებით, როგორც თქვენი მამა. ქართული ენა იყო, არის და იქნება სახელმწიფო ენად.” საბედნიეროდ ეს დღე დასრულდა მსხვერპლის გარეშე“
- გვიყვება იზოლდა ჩილაშვილი, დვირის სკოლის პედაგოგი.


მას შემდეგ 43 წელი გავიდა. ამ მოვლენების აღსანიშნავად, 1990 წლიდან, 14 აპრილი საქართველოში დედაენის დღედ აღინიშნება. მე, ყველას გილოაცავთ ამ დღეს!


ნია ხუციშვილი

13 წლის

New მედია კლუბის წევრი

Print E-mail
FaceBook Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.