კლიმატ ამბები
სამცხე-ჯავახეთის დაცული ტერიტორიების მოწყვლადობა კლიმატის ცვლილებასთან
კლიმატის ცვლილების მიმართ მოწყვლადობა შეფასდა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში არსებული ბორჯომ-ხარაგაულისა და ჯავახეთის დაცული ტერიტორიებისთვის. აღნიშნული დაცული ტერიტორიების შერჩევა მოხდა სადემონსტრაციოდ. ორივე დაცული ტერიტორია მოიცავს მაღალმთას, რაც ყველაზე სენსიტიური ბიომია კლიმატის ცვლილების მიმართ. ორივე დაცული ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი ხანძარსაშიში ტერიტორიებია; ამასთან, ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების შემთხვევაში, იქ გავრცელებული მავნებლები კიდევ უფრო მეტად მოწყვლადს ხდის ამ დაცულ ტერიტორიებს კლიმატის ცვლილებისადმი.

ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიები 206,523 ჰა-ს მოიცავს, აქედან დიდი ნაწილი, ეროვნული პარკის თითქმის ნახევარი, ბორჯომის ნაკრძალი თითქმის მთლიანად და ნეძვისა და ტაბაწყურის აღკვეთილები, მდებარეობს ადიგენის, ახალციხის, ასპინძის და ბორჯომის მუნიციპალიტეტებში. 2007 წელს ეროვნული პარკი აღიარებულ იქნა PAN Park-ის ორგანიზაციის მიერ და მისი ქსელის ნაწილი გახდა. 




ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის დიდი ნაწილი შედარებით ნაკლებადაა სახეცვლილი ანთროპოგენული ზემოქმედების შედეგად. მის მთავარ ფასეულობას ტყე წარმოადგენს, რომელიც ფარავს ტერიტორიის 75%-ს. ტყე და მაღალმთა გამოირჩევა მდიდარი რელიქტური, ენდემური, იშვიათი და მოწყვლადი ფლორისა და ფაუნის სახეობებით. აქ გვხვდება იშვიათი, რელიქტური კოლხური ტყეების ფრაგმენტებიც. საქართველოს წითელ ნუსხაში შეტანილი მცენარეული სახეობებიდან გვხვდება წაბლი, უხრავი, ჯონჯოლი, აღმოსავლური მუხა, შიშველი თელადუმა. აქ წარმოდგენილი 64 ძუძუმწოვრიდან 11 კავკასიის ენდემია და 8 სახეობა წითელ ნუსხაშია (კეთილშობილი ირემი, არჩვი, ფოცხვერი, წავი, მურა დათვი და სხვ.), 217 გადამფრენი და მობუდარი ფრინველიდან კი 13 საქართველოს წითელ ნუსხაშია (კავკასიური როჭო, მთის არწივი, შავი გარიელა და სხვ.). რეპტილიებიდან ვხვდებით ენდემურ სახეობებს (კავკასიურ სალამანდრას, კავკასიურ ჯვარულას, აჭარულ ხვლიკს, კავკასიურ გველგესლას და სხვ.).

როგორც უკვე აღინიშნა, მნიშვნლოვან საფრთხეს ბორჯომ-ხარაგაულის ნაკრძალსა და ეროვნულ პარკში წარმოადგენენ ტყის მავნებლები, მათ შორის დომინირებს მბეჭდავი ქერქიჭამია, რომელიც მნიშვნელოვან ზიანს აყენებს წიწვოვან ტყეებს. მონიტორინგის შედეგებიდან გამომდინარე, სავარაუდოა, რომ ეს მავნებელი უკვე მეორე თაობას იძლევა და მისი ზემოქმედება გაძლიერებულია.


ბორჯომ-ხარაგაულის დაცულ ტერიტორიებში არსებული წიწვოვანი და შერეული ტყეები გამოირჩევა ბუნებრივი ხანძრების შემთხვევებით, თუმცა ხშირია ასევე ანთროპოგენული მიზეზით წარმოქმნილი ხანძრები. მავნებლებით გამოწვეული ზიანი კიდევ უფრო ზრდის ხანძარსაშიშროებას დაცული ტერიტორიის ტყეებში. თითქმის ყოველწლიურად გაჩენილი ხანძრები მნიშვნელოვან ზიანს აყენებს სამიგრაციო დერეფნებსა და წითელი ნუსხის სახეობების (დათვი, ფოცხვერი, ირემი, არჩვი, წავი, კავკასიური როჭო, თეთრკუდა არწივი, კავკასიური გველგესლა და კავკასიური სალამანდრა) ჰაბიტატებს.

სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მოქცეული ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების უდიდესი ნაწილი ხანძარსაშიშ ზონას (I და II კლასის) წარმოადგენს. ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციას აქვს ხანძრებთან ბრძოლის საჭირო აღჭურვილობა, ხოლო თანამშრომლებს გავლილი აქვთ შესაბამისი ტრენინგები.

კლიმატის სცენარით მეორე საპროგნოზო პერიოდში (2071–2100 წლები) სამცხე-ჯავახეთში საშუალო წლიური ტემპერატურების 2.80C-ით მატება და ნალექების საშუალო რაოდენობების 12%–ით შემცირება კიდევ უფრო მოწყვლადს გახდის ბორჯო-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების ტყეებს მავნებლებისა და ხანძრების მიმართ და საფრთხეს შეუქმნის იქ არსებულ ბიომრავალფეროვნებას. კლიმატის ცვლილების ფონზე ვერტიკალური კლიმატური ზონები აიწევს მაღლა და ზოგიერთი სახეობა, რომელიც შეგუებულია ამჟამინდელ პირობებთან, შეიძლება საფრთხის წინაშე აღმოჩნდეს. სახეობების ნაწილი დაბალი ზონებიდან შედარებით მაღალ ზონებში გადაინაცვლებს, ისინი რომლებიც მაღალ ზონებშია გავცელებული, შეიძლება გაუჩინარდეს კიდეც. ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობა დამოკიდებულია იქ არსებულ რესურსებზე. წელიწადში საშუალოდ 7000 მ 3 საშეშე მერქნის მოცულობის გაცემა ხდება.

დაახლოებით 150 ოჯახი ალპურ მდელოებს (დაახლოებით 11,000 ჰა) საძოვრებად იყენებს. დაწყებულია აქ არსებული საძოვრების შეფასება და მენეჯმენტის გეგმის მომზადების პროცესი. მნიშვნელოვანია მოხდეს ტყის მართვის გეგმის შემუშავებაც, რომელიც, სხვა ფაქტორებთან ერთად, მოსალოდნელ კლიმატის ცვლილებასაც გაითვალისწინებს.



ჯავახეთის დაცული ტერიტორიები მდებარეობს ნინოწმინდისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტებში, საერთო ფართობით 16 209,42 ჰა. მისი აბსოლუტური სიმაღლე იცვლება 1,500 მ-დან 3,300 მ-მდე. მასში შედის ჯავახეთის ეროვნული პარკი, კარწახისა და სულდის ჭაობების აღკვეთილები, ხანჩალის, ბუღდაშენის და მადატაფის ტბების აღკვეთილები და თეთრობის აღკვეთილი. დაგეგმილია ჯავახეთის დაცული ტერიტორიების გაფართოება, რის შედეგადაც დაცულ ტერიტორიებს დაემატება აბულის, საღამოს და ფარავნის ტბები (დაახლოებით 5000 ჰა).





ჯავახეთის დაცულ ტერიტორიებზე ძირითადად წარმოდგენილია მაღალმთის მდელოები და სტეპები და მაღალმთის ვულკანური წარმოშობის ტბები და წყალჭარბი ტერიტორიები. მცენარეულობიდან წარმოდგენილი მთის ველები და მათი ნაირსახეობები, სუბალპური და ალპური მდელოები, წყალჭარბი მცენარეულობა, არყნარ-დეკიანები და ხელოვნური ფიჭვნარები. საქართველოს წითელი ნუსხის სახეობებიდან აქ გავრცელებულია ნაცრისფერი ზაზუნელა, ბრანდტის ზაზუნა, რუხი მგელი, წავი და ქრცვინი. ჯავახეთის დაცული ტერიტორიები ცნობილია ფრინველთა მრავალფეროვნებით. ჯავახეთის ტერიტორიები აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ადგილი გადამფრენი ფრინველებისათვის. აღრიცხულია 140-ზე მეტი სახეობა, რომელთა უმეტესობა დაკავშირებულია აქ მდებარე ტბებთან. მათ შორისაა, გლობალურად მოწყვლადი ხუჭუჭა ვარხვი კარწახის ტბაზე. ვხვდებით რუხ წეროს, რუხ ყანჩას, თეთრ ყარყატს, ფასკუნჯს, სვავს, ორბს, ვარხვებსა და სხვა ფრინველებს. 


ადგილობრივი ტბებიდან, მხოლოდ მადატაფასა და ხანჩალშია შემორჩენილი საქართველოს წითელ ნუსხაში შესული ნაკადულის კალმახი და ტბის კალმახი. ბუნებრივი რესურსებიდან ხდება საძოვრებისა და ტბების თევზის რესურსების გამოყენება. დაცული ტერიტორიის გარკვეული ნაწილი (8,453 ჰა) პოტენციურ საძოვარს წარმოადგენს. დღეისათვის საძოვრების გამოყენება ხდება როგორც ადგილობრივი, ისე სხვა რეგიონებიდან ჩამოსული ფერმერების მიერ. მნიშვნელოვანია საძოვრების შეფასება და მართვის გეგმების შემუშავება. სულდისა და კარწახის აღკვეთილები I კლასის, ხოლო ეროვნული პარკი სრულად II კლასის ხანძარსაშიშ ზონას მიეკუთვნება. ხანძრები აქ ძირითადად ანთროპოგენული ხასიათისაა, რომელიც მიმდებარე ტერიტორიებიდან შეიძლება გავრცელდეს.

ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების მსგავსად, აქაც ტემპერატურის მატება და ნალექების რაოდენობის შემცირება კიდევ უფრო მგრძნობიარეს გახდის დაცულ ტერიტორიებს ხანძრების მიმართ და საფრთხეს შეუქმნის იქ არსებულ ბიომრავალფეროვნებას. ჯავახეთის ეკოსისტემებზე კლიმატის მოსალოდნელი ცვლილება შესწავლილი არ არის, თუმცა სიმშრალის ამტანი სახეობების არსებობიდან გამომდინარე, კლიმატის მოსალოდნელმა ცვლილებამ შედარებით ნაკლები ზეგავლენა უნდა იქონიოს აქ არსებულ ბალახეულ ეკოსისტემებზე. როგორც ინვაზიური სახეობების კვლევამ აჩვენა, ჯავახეთის დაცულ ტერიტორიებზე ინვაზიური სახეობების ზეგავლენა მცირე უნდა იყოს მოსალოდნელი კლიმატის ცვლილების ფონზე.


კლიმატის ცვლილების ფაქტორი წამოწეულია ჯავახეთის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმაში, კონკრეტულად კი, ხაზგასმით არის მითითებული კლიმატის ცვლილების მოსალოდნელი ზეგავლენის შესწავლის, მოდელირებისა და ადაპტაციის გეგმების შემუშავების აუცილებლობაზე, ასევე, ტრანსსასაზღვრო კონტექსტის გათვალისწინებასა და ტრენინგებზე. გარდა დაცული ტერიტორიებისა, სამცხე ჯავახეთში გამოყოფილია 6 ზურმუხტის ტერიტორია: მადათაფის, ბუღდაშენის და ხანჩალის ტბები, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ფარგლებში ორი და ქცია-ტაბაწყურის ტერიტორიები, რომლებიც ემთხვევა არსებულ დაცულ ტერიტორიებს. იგეგმება მადათაფის, ბუღდაშენის და ხანჩალის ტბების რამსარის ტერიტორიებად დამტკიცებაც.



სამცხე-ჯავახეთის დაცული ტერიტორიების შესახებ აღნიშნული შეფასება ასახულია საქართველოს მეოთხე ეროვნული შეტყობინების დოკუმენტში, რომელიც 2021 წელს მომზადდა. 

Print E-mail
FaceBook Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.