კლიმატ ამბები
კლიმატის ცვლილება და მისი ზეგავლენა გარემოზე, ადამიანის ჯანმრთელობაზე
ჩვენი ჯანმრთელობა და კეთილდღეობა
განუყოფლად არის დაკავშირებული ბუნებრივ გარემოსთან, იმდენად, რომ
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კლიმატის ცვლილებას უწოდა
„კაცობრიობის წინაშე მდგარი ერთადერთი საფრთხე“.
თავის მხრივ, IPCC (კლიმატის ცვლილების
მთავრობათაშორისი პანელი) გვაუწყებს, რომ ჩვენი პლანეტა აგრძელებს
დათბობას, რის გამოც მილიონობით ადამიანი განიცდის ფიზიკური თუ
ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუარესებას.
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ
მომდევნო 20 წლის განმავლობაში ტემპერატურა მოიმატებს, თბილი სეზონები
გახანგრძლივდება, ხოლო ცივი შემცირდება. ისინი იმასაც დასძენენ, რომ
ამ შემთხვევაში, გაიზრდება ისეთი დაავადებების რიცხვი, როგორებიცაა:
მალარია, დენგე, ქოლერა და წყლით გადამდები ინფექციები. ყველაზე დიდი
რისკის ქვეშ კი არიან დაბლობ და ქალაქებში მცხოვრებნი.
რამ შეიძლება გამოიწვიოს
კლიმატის ცვლილება?
პლანეტის კლიმატი მუდმივად
იცვლებოდა გეოლოგიურ დროში, თუმცა დათბობის ამჟამინდელი პერიოდი
ბევრად სწრაფია, ვიდრე წარსულში. თანამედროვე ყოფამ პროცესები აშკარად
დააჩქარა. წიაღისეულის საწვავის მოხმარებით, სოფლის მეურნეობა და
მიწათსარგებლობის სხვა აქტივობები კლიმატის ცვლილებას განაპირობებს.
სათბურის აირები ახლა ყველაზე მაღალ დონეზეა, რაც კი ოდესმე ყოფილა
ბოლო 800 000 წლის განმავლობაში. ეს სწრაფი აწევა პრობლემაა, რადგან
ის ცვლის ჩვენს კლიმატს ისეთი ტემპით, რაც ცოცხალი არსებების
ადაპტაციისთვის ძალიან სწრაფია.
კლიმატის ცვლილება მოიცავს არა
მხოლოდ ტემპერატურის ზრდას, არამედ ექსტრემალურ ამინდს, ზღვის დონის
აწევას, ველური ბუნების პოპულაციის, ჰაბიტატების შეცვლას და სხვა
ზემოქმედებას.
კლიმატოლოგები ერთხმად თანხმდებიან,
რომ გლობალური დათბობა ძირითადად ადამიანის მიერ არის გამოწვეული.
ერთ-ერთი ყველაზე დიდი მამოძრავებელი ფაქტორია წიაღისეული საწვავის –
ქვანახშირის, გაზისა და ნავთობის წვა – რამაც გაზარდა ისეთი სათბურის
გაზების კონცენტრაცია, როგორიცაა ნახშირორჟანგი ჩვენს ატმოსფეროში.
ამასთან, სხვადასხვა აქტივობა, რომელსაც სოფლის მეურნეობაში იყენებენ,
მაგალითად, მიწის გაწმენდა, ჩვენი პლანეტის საშუალო ტემპერატურის
ზრდას იწვევს.
მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ
კლიმატის ცვლილების შედეგების არც ერთი სია არ არის ამომწურავი. დიდი
ალბათობაა, რომ სიცხეები უფრო ხშირად და უფრო დიდხანს გაგრძელდეს,
ხოლო ექსტრემალური ნალექი ბევრ რეგიონში უფრო ინტენსიური და ხშირი
გახდება. ოკეანეები გააგრძელებს დათბობას და მჟავიანობას, ხოლო
გლობალური საშუალო ზღვის დონე კვლავ იზრდება. ეს ყველაფერი უარყოფით
გავლენას მოახდენს და უკვე აისახება ადამიანის სიცოცხლეზე.
წარმოგიდგენთ რამდენიმე
მიზეზს, რომელიც ასახავს, თუ როგორ და რა კუთხით მოქმედებს კლიმატის
ცვლილება ადამიანის ჯანმრთელობაზე:
1. მსოფლიოში 10 ადამიანიდან ცხრა
სუნთქავს არაჯანსაღ ჰაერს, რომელიც გამოწვეულია წიაღისეული საწვავის
დაწვით. ჰაერის დაბინძურებას ფატალური შედეგების მოტანა შეუძლია.
სიკვდილის მიზეზებს შორისაა ფილტვის კიბო, გულის დაავადებები და
ინსულტი.
2. გამომდინარე იქიდან, რომ
კლიმატის ცვლილება იწვევს ექსტრემალურ ამინდის ცვლილებებს, ის დიდ
გავლენას მოახდენს გლობალურ სოფლის მეურნეობასა და სურსათის
წარმოებაზე, რაც შედეგად, დაუცველ საკვებ პროდუქტებსა და არასწორ
კვების მაჩვენებლებს გამოიწვევს.
3. კლიმატის ცვლილება საფრთხეს
უქმნის უსაფრთხო, სუფთა სასმელ წყალზე ხელმისაწვდომობას. ეს შეიძლება
გამოიწვიოს გვალვამაც, წყალდიდობებმაც, ძლიერმა ქარიშხლებმაც. ამჟამად
დაახლოებით 2 მილიარდ ადამიანს არ აქვს წვდომა უსაფრთხო სასმელ
წყალზე, ხოლო 829,000 ადამიანი ყოველწლიურად იღუპება დიარეული
დაავადებებით, დაბინძურებული წყლისა და ცუდი სანიტარული პირობების
გამო.
4. ტემპერატურის მატებასთან ერთად
მრავლდებიან კოღოებიც, რომელთა დაავადებების გადატანის არეალიც უფრო
იზრდება. მეცნიერების ვარაუდით, თუ კლიმატის ცვლილება ამ რეჟიმში
გაგრძელდება, 2070 წლისთვის დამატებით 4,7 მილიარდ ადამიანს შეიძლება
დაემუქროს კოღოებით გადამდები დაავადებები, როგორიცაა მალარია და
დენგეს ცხელება.
5. კლიმატის ცვლილება გავლენას
ჩვენს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზეც ახდენს: IPCC-მ დაადგინა, რომ
ექსტრემალური კლიმატური მოვლენების ტრავმა გავლენას ახდენს
ადამიანების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე მთელ მსოფლიოში. ამინდის
გაუარესებასთან ერთად, მოსალოდნელია, რომ გაიზრდება შფოთვა და სტრესი,
განსაკუთრებით ბავშვებში, მოზარდებსა და მოხუცებში.
კლიმატის ცვლილება ზიანს აყენებს
ყველა ჩვენგანს, ამიტომ აუცილებელია, რომ სახელმწიფოების ლიდერებმა
ყურადღება მიაქციონ ამ ფაქტს. მიუხედავად იმისა, რომ ის მთელი
პლანეტისთვის წარმოადგენს საფრთხეს, სავარაუდოდ, ის ბევრად უფრო
გამოხატული იქნება გარკვეული ჯგუფებისთვის – მაგალითად, მათთვის,
ვისაც სასოფლო-სამეურნეო კულტურასთან აქვს შეხება.
მაგალითები
პატარა კუნძულოვან სახელმწიფოებსა
და ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში უკვე იგრძნობა კლიმატის
ცვლილებები და ამით დაზარალებულებიც არსებობენ. მარშალის კუნძულებზე
ხალხი უკვე რეგულარულად განიცდის დამანგრეველ წყალდიდობასა და
ქარიშხალს, რომელიც ანგრევს მათ სახლებსა და საარსებო წყაროებს. 2021
წელს ჩრდილოეთ ამერიკაში სიცხემ პიკს მიაღწია, მაგრამ გლობალური
დათბობის ყველაზე ცუდი ეფექტი იგრძნობა ისეთ ადგილებში, როგორიცაა
პაკისტანი. იაკობადაში ტემპერატურამ შემაძრწუნებელ 52°C-ს მიაღწია,
რაც იმაზე მეტია, ვიდრე ადამიანის სხეულს შეუძლია გაუძლოს. გამოირთო
ელექტროენერგია, რამაც გაართულა მილიონობით ადამიანის გაჭირვება
კონდიციონერისა და სუფთა წყალზე წვდომის გარეშე.
როგორ უნდა
ავირიდოთ თავიდან გლობალური დათბობა, კლიმატის
ცვლილებები?
პირველ რიგში, აუცილებელია
მთავრობებმა იზრუნონ ამაზე და შეეცადონ მის შეჩერებას. აუცილებელია,
შემცირდეს სათბურის გაზების ემისიები მთელი პლანეტის მასშტაბით.
ისეთმა ქვეყნებმა კი, ვისაც მეტი რესურსი აქვს ამისთვის, ახლავე უნდა
დაიწყონ ამაზე ფიქრი. აუცილებელია, გამონაბოლქვი განახევრდეს. და
ბოლოს აუცილებელია, ვიზრუნოთ იმ ადამიანებზე, ვინც კლიმატის
ცვლილებებით ზარალდება.
წყარო: marketer.ge
ავტორი: მარიამ
გოჩიაშვილი
გააზიარეთ :