კლიმატი განისაზღვრება, როგორც
რეგიონში, ხანგრძლივ პერიოდში, არსებული სხვადასხვა ატმოსფერული
პირობები:
ნალექი, ტემპერატურა, ქარი, ტენიანობა და სხვა
მეტეოროლოგიური ელემენტები. კლიმატის ცვლილებაზე მნიშვნელოვანი
გავლენა აქვს ადამიანის სხვადასხვა საქმიანობას. Მათ შორის, მასზე
მასშტაბური გავლენა აქვს წიაღისეული საწვავის წვას, ტყის
განადგურებას, ფერმერულ მესაქონლეობას.
კლიმატის ცვლილების
მთავრობათაშორისი პანელის (IPCC-ის) 2014 წლის ანგარიშში ხაზგასმულია,
რომ კლიმატის ცვლილება რეალურია და მისი მთავარი გამომწვევი მიზეზი
ადამიანების საქმიანობის შედეგად ატმოსფეროში სათბურის აირების
(ნახშირორჟანგი, მეთანი, აზოტის ოქსიდი და ა.შ.) გაზრდილი
კონცენტრაციაა.
კლიმატის ცვლილების შედეგი უამრავი
მოვლენის ჯაჭვია, რომლებიც ერთმანეთთანაა დაკავშირებული. Მათ შორისაა:
მყინვარების დნობა, ე.წ. „სიცხის ტალღები”, გვალვა, წყალდიდობები,
ღვარცოფები, მეწყერები, ზვავების გახშირება. ამ მოვლენებს კი, თავის
მხრივ სხვა შედეგები მოჰყვება, რომლებიც შეიცავს საფრთხეს ან გავლენა
აქვს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე, მაგალითად, ჯანმრთელობაზე,
საცხოვრებელ გარემოსა და საარსებო რესურსებზე, თუ სხვა სოციალურ და
ეკონომიკურ გარემოებებზე.
„ადაპტაციის საერთაშორისო საბჭოს“
(Global Comission on Adaptation) ანგარიშის მიხედვით, კლიმატის
ცვლილება გამანადგურებელ ზიანს აყენებს ადამიანებს, ეკოსისტემებს და
ეკონომიკას, ეხება მსოფლიოს ყველა ქვეყანასა და ყველა
სოციალურ-ეკონომიკურ დარგს, მათ შორის, ენერგეტიკას, მრეწველობას,
სოფლის მეურნეობას, ტურიზმს; და ამწვავებს გლობალურ და სოციალურ
უთანასწორობას.
კლიმატის ცვლილება დღევანდელი
გლობალური საზოგადოების წინაშე მდგარი მნიშვნელოვანი პრობლემა და
გამოწვევაა. Მასთან ბრძოლისთვის ორ მთავარ მიმართულებას
გამოყოფენ:
მიტიგაცია, ანუ შერბილება, რომელიც
სათბურის აირების გაფრქვევების შემცირებისკენ არის
მიმართული;
ადაპატაცია, რომლებიც კლიმატის
ცვლილებისადმი გამძლეობის გაზრდას გულისხმობს.
„პარიზის შეთანხმება“ და კლიმატის ცვლილებასთან
ადაპტაცია
კლიმატის ცვლილებასთან სადააპტაციო
ღონისძიებების გატარებას მოიცავს გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო
კონვენციაც (UNFCCC). ეს ღონისძიებები მისი მოქმედებებისა და
საერთაშორისო შეთანხმებების ნაწილია, მათ შორის „პარიზის
შეთანხმების“, რომელიც 2015 წელს შეიქმნა და მას 195 ხელმომწერი
ჰყავს, მათ შორის 190-მდე ქვეყანა.
კლიმატის ცვლილებას დედამიწაზე
ტემპერატურის მატება იწვევს. დღესდღეობით დედამიწაზე საშუალო
გლობალური ტემპერატურა წინაინდუსტრიულ დონესთან შედარებით (რომელიც
მოიცავს დაახლოებით 1850-1900 წლებს უკვე 1° C-ზე მეტით არის
გაზრდილი. ზოგიერთი ეკოსისტემა და ადამიანთა ჯგუფი ტემპერატურის ზრდის
გამო უკვე მნიშვნელოვნად ზარალდება. ამიტომ, აუცილებელია ადაპტაციის
ღონისძიებების გატარება.
„პარიზის შეთანხმება“ მიზნად
ისახავს გლობალური საშუალო ტემპერატურის ზრდის შეჩერებას, სანამ ის
წინაინდუსტრიულ დონესთან შედარებით 2° C-მდე გაიზრდება, უკეთეს
შემთხვევაში – 1.5° C-მდე.
ადაპტაციის საერთაშორისო საბჭოს
ანგარიშის მიხედვით, საერთო ჯამში, კლიმატის ცვლილებამ 2030 წლისთვის
შესაძლოა განვითარებადი ქვეყნების 100 მილიონზე მეტი ადამიანი
სიღარიბის ზღვარს მიღმა დატოვოს. ამის მიზეზები მრავალია. Მაგალითად,
გახშირებულმა სტიქიურმა მოვლენებმა შეიძლება არაერთი გეოგრაფიული
დასახლებული არეალი დააზიანოს და მოსახლეობა საცხოვრებლის გარეშე
დატოვოს. ასევე, გახშირებული გვალვა და სეტყვა დიდი რაოდენობით
სასოფლო-სამეურნეო პროდუქტს აზიანებს – შესაბამისად, ბევრი ადამიანის
შემოსავლის წყაროს.
ვარაუდობენ, რომ ადაპტაციის
აუცილებელი ღონისძიებების გარეშე, მსოფლიოში სოციალური უთანასწორობა
კიდევ უფრო გაიზრდება. აღსანიშნავია, რომ კლიმატის ცვლილების გამო
ყველაზე მეტად სიღარიბის ზღვართან ახლოს მყოფი ადამიანები (მათ შორის
ქალები, უმცირესობების ჯგუფები და ა.შ.) დაზარალდებიან. ასევე, მეტად
დაზარალდებიან ის ქვეყნები, რომლებსაც კლიმატის ცვლილების შედეგებთან
გამკლავების ყველაზე ნაკლები რესურსი აქვთ და ვისაც ყველაზე ნაკლები
წვლილი აქვს შეტანილი მის შეცვლაში (მაგალითად, ღარიბი და კუნძულოვანი
ქვეყნები).
„პარიზის შეთანხმების“ მიხედვით,
განვითარებულმა სახელმწიფოებმა ემისიების შემცირების გარდა, აიღეს
იმისი ვალდებულებაც, რომ დაეხმარონ განვითარებად ქვეყნებს კლიმატის
ცვლილების ზემოქმედების შერბილებასა და ადაპტაციაში. ამიტომ ეს
ქვეყნები გარკვეულ ფინანსურ რესურსებს დებენ კლიმატის საერთაშორისო
ფონდებში, რათა მათი გავლით განვითარებადმა ქვეყნებმა საჭირო
მხარდაჭერა მიიღონ. ამ მიზნით, ყოველწლიურად 100 მილიარდი აშშ დოლარის
მობილიზება უნდა მოხდეს [7]. თუმცა, ეს სამიზნე რიცხვი ჯერ არ
მიღწეულა. 2018 წელს 62.2 მილიარდი აშშ დოლარის მობილიზება შეძლეს
განვითარებულმა ქვეყნებმა, რომლის მხოლოდ 21% დაიხარჯა ადაპტაციაზე
[8]. და, რეალურად, დახარჯული რესურსების მხოლოდ მცირე ნაწილმა
მიაღწია უშუალოდ ადგილობრივ მოსახლეობამდე. საქართველოც იღებს
გარკვეულ ფინანსურ მხარდაჭერას ამ ფონდებიდან, როგორებიცაა მწვანე
კლიმატის ფონდი (Green Climate Fund), ადაპტაციის ფონდი (Adaptation
Fund), გლობალური გარემოს დაცვის ფონდი (Global Environment
Facility).
კლიმატის ცვლილება და მისი შედეგები
საქართველოში
საქართველოც კლიმატის ცვლილების
მიმართ ერთ-ერთი მოწყვლადი ქვეყანაა. ის ხასიათდება კლიმატის ზონების
მრავალფეროვნებით, რაც კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციის სხვადასხვა
მეთოდის გამოყენებას მოითხოვს.
საქართველოში კლიმატის ცვლილებით
გამოწვეულ მნიშვნელოვან საფრთხეებზე მიუთითებს საქართველოს მესამე
ეროვნული შეტყობინება UNFCCC-ის მიმართ. ამ დოკუმენტში საქართველოში
კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით თითქმის ყველა სექტორია
გამოკვლეული. მოგვიანებით გამოიცა მეოთხე ეროვნული
შეტყობინება.
კვლევების მიხედვით, ქვეყანაში
ტემპერატურა მუდმივად იმატებს. აღმოსავლეთ საქართველოში ყველაზე დიდი
მატება დედოფლისწყაროშია (+0.7 0 C), ხოლო დასავლეთში – ფოთში (+0.6 0
C). დასავლეთ საქართველოში ნალექიანობა იზრდება, მაშინ როცა
აღმოსავლეთში ის მცირდება.
კლიმატის ცვლილების მიმართ
საქართველოს ეკონომიკის დარგებიდან განსაკუთრებით მოწყვლადია სოფლის
მეურნეობა. მაგალითად, კახეთში გაზრდილია ცხელი დღეების ხანგრძლივობა,
გახშირებულია გვალვები და სეტყვა, რაც ადგილობრივ კულტურებს
მნიშვნელოვნად აზიანებს.
საქართველოს მყინვარული საფარიც
ნელ-ნელა მცირდება. მაგალითად, კავკასიონის უმაღლესი მწვერვალის,
იალბუზის, ყინულის საერთო მოცულობა 1997-2017 წლებში 22.8%-ით
შემცირდა [9]. მყინვარების დნობა კლიმატის ცვლილების მიმართ ყველაზე
სენსიტიური პროცესია, რაც შემდეგ წყლის რესურსების შემცირებას
იწვევს.
საქართველოს დასახლებული პუნქტების
57%-ში მცხოვრები დაახლოებით 400 000 ოჯახი გეოლოგიური საფრთხეების
რისკის ქვეშაა. კლიმატის ცვლილება კიდევ უფრო აჩქარებს და ააქტიურებს
გეოლოგიურ პროცესებს. მეწყერებისა და ღვარცოფების კუთხით ზემო აჭარის
დასახლებები ისედაც მაღალი და ძალიან მაღალი რისკის კატეგორიაში
იმყოფება. ზემო სვანეთიც ამ მხრივ მაღალი რისკის ზონაშია.
აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს მყინვარების 63% ზემო სვანეთშია
წარმოდგენილი.
კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის პროექტები
საქართველოში
Მართალია, კლიმატის ცვლილება
გლობალური გამოწვევაა, თუმცა მის დასაძლევად ყველაზე ეფექტური
აქტივობები ადგილობრივ დონეზე იწყება. „ადაპტაციის საერთაშორისო
კომისიის“ანგარიშის მიხედვით, არ არსებობს უნივერსალური ტექნიკური
გადაწყვეტილებები კლიმატის ცვლილებისადმი ყველა მოწყვლადი უბნისთვის;
მათი მედეგობის, ანუ გამძლეობის უნარის გასაზრდელად ადგილობრივ
სოციალურ და ფიზიკურ გარემოზე მორგებული ღონისძიებებია საჭირო. ხშირად
ადგილობრივ გარემოში ვხვდებით, თუ ადაპტაციის რა მეთოდი იმუშავებს იქ
ყველაზე კარგად, რადგან ეს მეთოდები ადგილობრივების ყოველდღიურობაში
ისედაც ფესვგადგმულია.
ამის მაგალითია, შრი-ლანკაში
საირიგაციო სისტემის განახლებისა და გაფართოების პროექტი. ახალი
რეზერვუარის დამატებით მოსახლეობამ საკმარისი წყალი მიიღო. თუმცა,
ამავდროულად შეინარჩუნეს საირიგაციო სისტემის ძველი, ანტიკური მოდელი,
რომელიც გვალვასთან გამძლეობას უზრუნველყოფს. ეს მაგალითი UNFCCC-ის
ანგარიშშია აღწერილი, რომელიც კლიმატის ცვლილებისადმი გამძლეობაში
ტრადიციული ცოდნის მნიშვნელობას ეხება. ანგარიშის მიხედვით, ეს ცოდნა
შეიძლება ეფექტურად გამოვიყენოთ კლიმატის ცვლილებასთან
გასამკლავებლად.
საქართველოში ადაპტაციის მიზნით
განხორციელებული პირველი ყველაზე მასშტაბური პროექტია „წყალდიდობებისა
და წყალმოვარდნების მართვის კლიმატისადმი მედეგი პრაქტიკის შემუშავება
მოწყვლადი მოსახლეობის დასაცავად საქართველოში“, რომელიც ადაპტაციის
ფონდის მხარდაჭერით, გაეროს განვითარების ფონდის მიერ მდინარე რიონის
აუზში განხორციელდა.
პროექტის ფარგლებში წყალდიდობისგან
მოსახლეობის დასაცავად გამაგრდა მდინარეების სარისკო მონაკვეთების
ნაპირები. ნაპირები გამაგრდა როგორც ჯებირებით, ასევე დარგეს ხეები
ნაპირის ბუნებრივად გამაგრებისთვის. განახლდა და მოეწყო ახალი
ჰიდრო-მეტეოროლოგიური სადგურები, შეიქმნა სტიქიის შესახებ ადრეული
შეტყობინების სისტემა, გეოლოგიური საფრთხეების ზონირებისა და
გეოლოგიური პროცესების კადასტრის რუკები. ჰიდრო-მეტეოროლოგიური
სადგურებიდან მიღებული ინფორმაციის მეშვეობით გარემოს ეროვნულმა
სააგენტომ წინასწარ შეიტყო და გაავრცელა ინფორმაცია რაჭა-ლეჩხუმისა და
ქვემო სვანეთის რეგიონში 2020 წლის 28-30 ივლისს მოსალოდნელი ძლიერი
ნალექების და შესაძლო სტიქიური მოვლენების განვითარების შესახებ. ამ
პროექტის მსგავსი ღონისძიებები საქართველოში უფრო მასშტაბურადაც უნდა
განხორციელდეს “მწვანე კლიმატის ფონდის“ მიერ დაფინანსებული პროექტით,
რომელიც 2025 წლამდე გაგრძელდება.
კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის
მიზნით საქართველოში ასევე უნდა განხორციელდეს: ”რძის პროდუქტების
წარმოების მოდერნიზაცია და ბაზარზე წვდომის გაუმჯობესება: ადაპტაციის
კომპონენტი”. ეს ნიშნავს, რომ იმერეთში, სამცხე-ჯავახეთსა და
სამეგრელო-ზემო სვანეთში უნდა შემუშავდეს საძოვრების მართვის გეგმები,
რაც მოიცავს საძოვრებზე წყლის მართვის გაუმჯობესებას, საძოვრების
აღდგენას, კატასტროფების რისკების შემცირებას და ა.შ. ასევე, პროექტი
ხელს შეუწყობს ფერმერებში ე.წ. “კლიმატგონივრული” (Climate-smart)
ტექნოლოგიების დანერგვასა და სხვა საარსებო წყაროების
გაჩენას.
მნიშვნელოვანია, რომ ადაპტაციის
ღონისძიებები სწორად და სხვადასხვა მხარის, მათ შორის, ადგილობრივი
მოსახლეობისა თუ ექსპერტების ჩართულობით დაიგეგმოს, რაც თავიდან
აგვაცილებს არასწორ ადაპტაციას (ე.წ. maladaptation) და რესურსების
ფუჭ ხარჯვას. მაგალითად, მდინარე რიონის აუზში მდინარის ნაპირებზე
ხეების დარგვამ ერთ მონაკვეთზე არ გაამართლა და ხეები მდინარემ
წარეცხა, რადგან ეს მეთოდი ამ ადგილისთვის შესაძლოა არასწორად იყო
შერჩეული. კარგად და სწორად დაგეგმილ ღონისძიებებს შეუძლიათ როგორც
ბუნებისა და მოსახლეობის დაცვა, ასევე ახალი შესაძლებლობების
შექმნა.
აუცილებელია, რომ ეს ღონისძიებები
მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფის სოციალურ და ეკონომიკურ
საჭიროებებს/გამოწვევებს პასუხობდეს და ისინი მხოლოდ ტექნიკურ
ჩარევებად არ მოგვევლინოს.
2020 წლის იანვარში საქართველოში
შეიქმნა კლიმატის ცვლილების სამთავრობო საბჭო “სათბურის აირების
შემამცირებელი და კლიმატის ცვლილებით გამოწვეული საფრთხეების
პრევენციული ღონისძიებების კოორდინირების მიზნით”. თუმცა, კომისიის
შეხვედრა პირველად 2021 წლის აპრილში გაიმართა. განიხილეს კლიმატის
ეროვნული დოკუმენტები, რომლებიც 2021 წელს Საქართველოს მთავრობამ
დაამტკიცა. ეს დოკუმენტებია: “მეორე განახლებული ეროვნულად
განსაზღვრული წვლილის დოკუმენტი” (Nationally Determined
Contribution), კლიმატის ცვლილების 2030 წლის სტრატეგია და 2021 –
2023 წლების სამოქმედო გეგმა.
Საქართველო ასევე გეგმავს “კლიმატის
ცვლილებისადმი ადაპტაციის ეროვნული სამოქმედო გეგმვის” შემუშავებას,
რომელიც გამოყოფს პრიორიტეტებს და საჭირო საადაპტაციო ღონისძიებებს
პოლიტიკურ დღის წესრიგში დააყენებს.
ქვეყანაში სხვადასხვა პროექტი
მიმდინარეობს კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის თემაზე, თუმცა ისინი
სისტემური დაგეგმვის ნაწილი ჯერ არაა. Მნიშვნელოვანია, რომ ადაპტაციის
ეროვნული სამოქმედო გეგმა დროულად შემუშავდეს და მასზე დაყრდნობით
დაიგეგმოს კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციისკენ გადადგმული
ნაბიჯები.
ასევე მნიშვნელოვანია, კლიმატის
აღნიშნული დოკუმენტები ქმედითი დოკუმენტები გახდეს ქვეყნისთვის. ხოლო
საადაპტაციო ღონისძიებები ეკონომიკის ყველა სექტორსა და
სამინისტროების სამოქმედო გეგმებში ინტეგრირდეს.
წყარო: მწვანე ალტერნატივა
ავტორი: მარიამ დევიძე.