კლიმატ ამბები
კლიმატის ცვლილება უარესდება
რატომ უნდა გვაინტერესებდეს კლიმატის შეჯამება

თუ გასული წლის COP26-ს მეცნიერები უკანასკნელ საუკეთესო შანსს ეძახდნენ ამ პრობლემასთან საბრძოლველად, 2022 და 2023 წლის კონფერენციებზე იგივეს ნამდვილად ვერავინ იტყვის, რადგან შეუძლებელია საუკეთესო შანსი ასე ნიჰილისტურად გამოიყურებოდეს.

კლიმატის მეცნიერები ყოველწლიურად უფრო და უფრო საგანგაშო პროგნოზებს აქვეყნებენ. ამავდროულად, კლიმატის ცვლილებასთან გასამკლავებლად სახელმწიფოები ყოველ წელს ოდნავ უფრო მეტ ძალისხმევას დებენ. მიუხედავად ამისა, პრობლემა გამწვავებას განაგრძობს და წლის განმავლობაში დაფიქსირებული მოვლენები იმის დასტურს წარმოადგენს, რომ მსოფლიო ლიდერებს ამ გამოწვევის არსი არ ესმით და მინიმალური ცვლილებების ნაცვლად მკვეთრი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო.





სანამ გასული წლის ამბებს განვიხილავთ, 2021-საც გაგახსენებთ. 2021-ში ენერგიასთან დაკავშირებული ნახშირორჟანგის ემისიები 4.8%-ით გაიზარდა, რაც ბოლო ათი წლის განმავლობაში ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო. შარშანდელი ივლისი ოფიციალურად ყველაზე ცხელი თვე იყო მათ შორის, რაც კაცობრიობას აღურიცხავს. ანომალიურმა ტემპერატურებმა მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებში ხანძრები გამოიწვია, კანადაში კი სიცხის შედეგად მთლიანი სოფელი დაიწვა.

საბედნიეროდ 2022 წელი ასეთი ჯოჯოხეთურად ცხელი არ ყოფილა, თუმცა არანორმალური მოვლენები არც წელს ყოფილა იშვიათი და, ბევრი ფიქრი არ სჭირდება იმის მიხვედრას, რომ მომავალ წლებშიც ასე გაგრძელდება. თუმცა, ამ სტატიაში პესიმისტური პროგნოზების გაკეთებისგან შეძლებისდაგვარად თავს შევიკავებ და მხოლოდ იმას მოგიყვებით, რაც უკვე მოხდა.

ნახშირორჟანგის დონე და ატმოსფეროს ტემპერატურა

ოკეანური და ატმოსფერული კვლევების ეროვნული სააგენტოს (NOAA) მიხედვით, 2022 წლის მაისში ატმოსფეროში CO2-ის დონე პრეინდუსტრიულ მაჩვენებელთან შედარებით 50%-ით მაღალი იყო. გასულ წელს თუ რეკორდული მაჩვენებელი — 419 პპმ (ყოველ მილიონ მოლეკულაში 419 მოლეკულა ნახშირორჟანგი) დაფიქსირდა, წელს ახალი რეკორდი დამყარდა და ეს რიცხვი 421 პპმ-მდე გაიზარდა. შედარებისთვის, ინდუსტრიულ რევოლუციამდე ეს მაჩვენებელი 280 პპმ იყო.

ეს დაახლოებით იგივე ნიშნულია, რაც ატმოსფეროში 4.1–4.5 მლნ. წლის წინ — პლიოცენში იყო. ამ პერიოდში ატმოსფეროს საშუალო ტემპერატურა ამჟამინდელთან შედარებით 3.5 გრად ცელსიუსით მეტი, ზღვის დონე კი — 5–25 მეტრით მაღალი იყო.

შეიძლება გაგიკვირდეთ, რატომ იყო ნახშირორჟანგის კონცენტრაციის იმავე მაჩვენებელზე ტემპერატურისა და ოკეანის დონის განსხვავებული მაჩვენებლები. ამის მიზეზი ისაა, რომ წარსულში ნახშირორჟანგის დონე გარემოში ბუნებრივად იზრდებოდა, დღეს კი, ანთროპოგენული გავლენის შედეგად, ეს პროცესი ძალიან სწრაფად მიმდინარეობს. შესაბამისად, ტემპერატურა ნელი ტემპით იმატებდა და ყინულებიც ასწრებდა თანდათან დნობას.

აქვე აღვნიშნავ, რომ NOAA-ის მიხედვით, წლევანდელი აგვისტო რიგით მეექვსე ყველაზე თბილი იყო ბოლო 144 წელში, ანუ მას შემდეგ, რაც ტემპერატურის აღრიცხვა დაიწყო. ჩრდილოეთ ნახევარსფეროსთვის ეს 2021 წლის შემდეგ მეორე ყველაზე ცხელი ზაფხული იყო, სამხრეთ ნახევარსფეროსთვის კი — მეათე.

ჩრდილო ამერიკის დასავლეთ ნაწილში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე ცივი ნოემბერი იყო. თუ წელს ახალ ზელანდიაში ყველაზე თბილი ნოემბერი ჰქონდათ, ეს თვე ოკეანეთისთვის ყველაზე ცივი ნოემბერი იყო, რაც აღურიცხავთ. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, თუ რამდენად არასწორხაზოვანი და კომპლექსური პროცესია კლიმატის ცვლილება.




ხანძრები, ქარიშხლები და ანომალიები

არასწორხაზოვნებაზე საუბრისას პირველ რიგში 2022 წლის მარტი მახსენდება, როდესაც დედამიწის ორივე პოლუსზე გამაოგნებელი სითბური ტალღების შედეგად რეკორდული ტემპერატურები დაფიქსირდა. ანტარქტიდის რამდენიმე სადგურზე ჩვეულებრივზე 40ºC-ით მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა. წლის ამ პერიოდში ანტარქტიდაზე საშუალო ტემპერატურა დაახლოებით -50ºC-ია. ჩრდილოეთ პოლუსზე კი ტემპერატურამ ჩვეულებრივზე 30ºC-ით მეტს მიაღწია.

ამავდროულად, თბილისში, ჩრდილო ამერიკაში და ევრაზიაში ცივი და თოვლიანი ამინდები იყო, რამაც კლიმატის ცვლილების სკეპტიკოსები, ალბათ, კიდევ უფრო დააეჭვა. თუმცა, კლიმატის ცვლილება ყველგან სტაბილურ დათბობას არ ნიშნავს და არც იმას, რომ წლის ყველა სეზონზე იმაზე მაღალი ტემპერატურები ფიქსირდება, ვიდრე გასულ ათწლეულში, ან საუკუნეში. დათბობის შედეგად, ცივი ჰაერის რეაქტიული ნაკადი, რომელიც ჩრდილოეთ პოლუსის ზამთრის ამინდზეა პასუხისმგებელი, სამხრეთისკენ გამოიტყორცნება, ვრცელდება ევრაზიასა და ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე, მათ შორის საქართველოზეც, და ადგილობრივ ამინდზე ახდენს გავლენას. არქტიკული ჰაერის მასები აქ ტემპერატურის მკვეთრ ვარდნას და ექსტრემალურ ზამთრებს განაპირობებს. უჩვეულოდ ცივი ზამთარი კი კლიმატის ცვლილების ერთ-ერთი ეფექტია, როგორიც ზღვის დონის მატება.

გლობალური დათბობის პარალელურად, აგვისტოში ანტარქტიდაზე ოკეანური ყინულის ფართობის რეკორდულად დაბალი მაჩვენებელი — 1981–20210 წლებთან შედარებით 1 209 500 კვადრატული კილომეტრით ნაკლები დაფიქსირდა.

Forbes-ის მიხედვით, 2022 ექსტრემალური ამინდის მოვლენების რეკორდული წელი იყო. ყველა კონტინენტზე კლიმატის ცვლილებამ კიდევ უფრო ხშირი და ინტენსიური ქარიშხლები, სითბური ტალღები და სხვა ექსტრემალური ამინდის მოვლენები გამოიწვია, რამაც ადამიანებზე, ინფრასტრუქტურასა და ეკოსისტემებზე გამანადგურებელი გავლენა იქონია.

მუსონურმა წვიმებმა პაკისტანში წყალდიდობები და მეწყრები გამოიწვია. შედეგად 1.7 მლნ ადამიანის საცხოვრებელი განადგურდა, 31 მლნ იძულებით გადაადგილებულ პირად იქცა, დაიღუპა 1 700 ადამიანი. წყალდიდობამ ქვეყნის 1/3-ზე იქონია გავლენა და საერთო ზარალმა 15 მლრდ დოლარს მიაღწია. ყველა სიკეთესთან ერთად, წყალდიდობამ წყლით გადაცემადი დაავადებების გავრცელება გამოიწვია და 8 მილიონი ადამიანი დააზარალა.

სომალის ნახევარკუნძული ისტორიაში ყველაზე გრძელ და ინტენსიურ გვალვას განიცდის, რაც მილიონობით ადამიანს შიმშილის რისკის ქვეშ აყენებს. მიმდინარე გვალვამ 21 მილიონ ადამიანს რეგიონში სურსათის უსაფრთხოების პრობლემა შეუქმნა. გვალვის შედეგად, სომალში იძულებით გადაადგილება მოუწია 3.7 მილიონ ადამიანს, ეთიოპიაში კი — 4.2 მილიონს.

ევროპაში სითბურმა ტალღებმა, მშრალმა პირობებმა და ქარმა ხანძრისთვის იდეალური პირობები შექმნა. გაერთიანებულ სამეფოში, რომელიც ზომიერი კლიმატით გამოირჩევა, ტემპერატურამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და 40 გრადუსს გადააჭარბა. გაერთიანებულ სამეფოში სახლების დიდი ნაწილი სითბოს შენობაში შენარჩუნებასა და იზოლირებაზეა ორიენტირებული და გამაგრილებელი სისტემა არ აქვს. რეკორდულად მაღალმა სიცხემ London Luton-ის ასაფრენი ბილიკი დაადნო და რკინიგზის რელსებიც მოღუნა. სიცხეს ვერც Google Cloud-ისა და Oracle-ის სერვერებმა გაუძლო და მოულოდნელად მწყობრიდან გამოვიდა. ჯანდაცვის სააგენტოს მიხედვით, ამ პერიოდში, 65 წელს გადაცილებული ადამიანებიდან ნორმალურზე 2 800 ადამიანით მეტი დაიღუპა. ძლიერი ქარიშხლები დაფიქსირდა აშშ-სა და იაპონიაში.


ავტორი: ანანო მჭედლიშვილი, on.ge
Print E-mail
FaceBook Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.