კლიმატ ამბები
5 რამ, რაზეც კლიმატის ცვლილება საქართველოსა და მსოფლიოში ახდენს გავლენას

1. საშუალო ტემპერატურა იმატებს



"დედამიწაზე ზაფხული ადამიანებისთვის აუტანლად ცხელი შეიძლება გახდეს", — ასეთი განცხადება გააკეთეს
მკვლევრებმა გასულ წელს, როდესაც აღმოჩნდა, რომ 2019 წელი წინა ათწლეულის ყველაზე ცხელი წელიწადი იყო. ნავარაუდევია, რომ 2100 წლისათვის საშუალო ტემპერატურა 3,2 გრადუსი ცელსიუსით მოიმატებს, რაც 1,2 მილიარდ ადამიანზე მოახდენს გავლენას. ეს დღევანდელ რიცხვზე ოთხჯერ მეტია. ამასთან, ამ შემთხვევაში, ღია სივრცეში მუშაობა დღისით, სავარაუდოდ, შეუძლებელი გახდება. მეცნიერ ჯეინ ბოლდვინის შეფასებით, სითბური ტალღების სიხშირე გაიზრდება, რის გამოც ადამიანის ორგანიზმს მათი მავნე ზემოქმედებისგან აღდგენა გაუჭირდება.



2. ყინულის საფარი დნება, ოკეანის დონე იზრდება

საშუალო ტემპერატურის მატების პირდაპირპროპორციულად დედამიწაზე ყინულის საფარის დნობის სიჩქარეც იზრდება. შესაბამისად, ოკეანის დონეც, ყოველწლიურად, დაახლოებით, 0,32 სანტიმეტრით იმატებს. ერთი შეხედვით დონის უმნიშვნელო მატების გამომწვევი მიზეზი დედამიწის ყინულოვანი საფარის დნობაა, შედეგი კი — გახშირებული დატბორვები და ეკოსისტემის ცვლილება. მსოფლიოში 400 მილიონი ადამიანი ზღვის დონეზე დაბლა ცხოვრობს, რაც პირდაპირ მიანიშნებს იმ საფრთხის მასშტაბურობაზე, რომელსაც კლიმატის ცვლილების შედეგად ყინულის დნობა უქადის პლანეტას.





3. იცვლება მეტეოროლოგიური პირობები

რაც უფრო ცხელა დედამიწაზე, მით მეტად ტენიანი ხდება ჰაერი. დამთბარ ატმოსფეროში უფრო მეტი წყალიც ორთქლდება ოკეანეებიდან, რის გამოც ნალექების რაოდენობა ყოველწლიურად იცვლება. ბოლო 100 წლის განმავლობაში მსოფლიოში ნალექიანობის საშუალო რაოდენობამ 2 პროცენტით მოიმატა. ცხადია, ეს ცვლილებები რეგიონების მიხედვით განსხვავდება. შესაბამისად, იცვლება კლიმატი, ზიანი ადგება ეკოსისტემას. მაღალი ნალექიანობა უჩვეულოა, როგორც ადგილზე მობინადრე ფაუნის წარმომადგენლებისთვის, ასევე ფლორისთვის.




4. ტყეები და ფაუნა ნადგურდება

ორიოდე წლის წინ მსოფლიო მასშტაბურმა ტყის ხანძრებმა მოიცვა. "დედამიწის ფილტვებად" წოდებულ ამაზონის რეგიონში 900 ათას ჰექტარზე მეტი ტყის ფართობი განადგურდა. ბუნებრივ კატასტროფას 2,3 მილიონი ცხოველის სიცოცხლე შეეწირა, რაც ადგილზე მობინადრე ფაუნის პოპულაციის თითქმის 8 პროცენტს შეადგენდა. ამავე პერიოდში, ავსტრალიაში ხანძრების შედეგად დაიწვა 18 მილიონი ჰექტარი ფართობი, დაიხოცა ან დაშავდა 3 მილიარდი ცხოველი. იყო ადამიანური მსხვერპლიც: დაახლოებით, 500-მდე ადამიანი დაიღუპა, მათი უმრავლესობა — არაპირდაპირი გზით (კვამლით).




5. ჩნდება ახალ-ახალი დაავადებები და საზოგადოებრივი კეთილდღეობა საფრთხის ქვეშ დგება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, გასულ ათწლეულში სითბურმა ტალღებმა 150 ათასი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ამასთან, დამთბარ ატმოსფეროში ხელსაყრელი პირობები შეიქმნა დაავადებების გადამტანი მწერებისათვის, რის გამოც საგრძნობლად იმატა მალარიისა და ტროპიკული ციების შემთხვევებმა.

ამასთან, კლიმატის ცვლილებების შედეგების კვალდაკვალ იმატებს ალერგიები, იზრდება გადასახადები და საკვების ღირებულება, უარესდება სასმელი წყლის ხარისხიც, მთლიანობაში კი, ჯანსაღ გარემოში ცხოვრება სათუო ხდება.

თუმცა, არის სხვა გამოწვევებიც — გაერომ და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გასულ წელს პირდაპირ დაუკავშირეს ფერმერული მეურნეობა და სათბურის აირების ემისიებზე პასუხისმგებელი სხვა ინდუსტრიები ახალ-ახალი დაავადებების გაჩენას — "პანდემიებს ბუნების განადგურება იწვევს". ბუნების მსოფლიო ფონდის ანგარიშის მიხედვით კი, "ახალი [გარეული ცხოველიდან ადამიანზე გადაცემული] დაავადების წარმოშობის რისკი მომავალში იმაზე მაღალი იქნება, ვიდრე ოდესმე ყოფილა, რაც პოტენციურად უდიდესი ზიანის მომტანია საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ეკონომიკისა და მსოფლიო უსაფრთხოებისთვის".

წყარო: on.ge




Print E-mail
FaceBook Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.