პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ხელისუფლების მიზანია, მთავარი ინფრასტრუქტურა, რომელმაც ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის შესრულება უნდა უზრუნველყოს, 2020 წლამდე შეიქმნას.
როგორც მან აღნიშნა, 2020 წლისთვის შესაძლებელი იქნება, სარფიდან დაწყებული, სადახლოს და წითელი ხიდის ჩათვლით, ავტობანის მშენებლობა დასრულდება.
„2020 წელს, შევძლებთ დავასრულოთ მთელი ავტობანი სარფიდან დაწყებული, სადახლოს და წითელი ხიდის ჩათვლით. საერთო ძალისხმევით, მინუმუმ 35-40%-ით შევძლებთ, რომ დავაჩქაროთ ინფრასტურქტურული პროექტები. ჩვენი მიზანია, მთავარი ინფრასტრუქტურა, რომელმაც ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის შესრულება უნდა უზრუნველყოს, 2020 წლამდე შეიქმნას და ამას ჩვენ აუცილებლად მოვახერხებთ იმ გეგმით, რომელზეც ახლა ვმუშაობთ“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, ამავე პერიოდში დასრულდება კახეთის გავლით აზერბაიჯანთან დამაკავშირებელი გზა.
„ამ პერიოდისთვის, დასამთავრებელ პროექტებში უნდა შევიტანოთ კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი გზა. ეს არის მცხეთა-ლარსის მონაკვეთი და ქუთაისი-მესტიის გზა. ასევე, ქუთაისი-აბასთუმანი, რომელიც ქუთაისს მოკლე გზით დააკავშირებს სამცხე-ჯავახეთის რეგიონთან და გომსა და რაჭას შორის შემაერთებელი გზა. ეს იქნება მასშტაბური, კომლექსური ინფრასტრუქტურული პროექტი, რომლის განხორციელებისთვისაც ჩვენ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, მათ შორის, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან აქტიური დიალოგი დაგვჭირდება, რათა უკვე დღეიდან, ყოველწლიურად, დასახარჯი თანხის რაოდენობა გავზარდოთ“, - აცხადებს პრემიერი.
მისივე თქმით, სოციალური მიმართულებით ხარჯებს არანაირი ზიანი არ მიადგება, მაგრამ ნებისმიერი დამატებითი დოლარი, თუ ევრო, რომელიც ინფრასტრუქტურის მიმართულებით დაიხარჯება, მხოლოდ და მხოლოდ კაპიტალურ დანახარჯებზე იქნება განკუთვნილი.
„არ მინდა გამომრჩეს ანაკლიასთან დამაკავშირებელი ახალი ავტობანი, რომელიც აშენდება. ასევე, აშენდება მთიან რეგიონებთან დამაკავშირებელი რამდენიმე გზა. ეს მასშტაბური პროექტი ძალიან დიდ ძალისხმევას, კონსოლიდირებას, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებისგან და საფინანსო ინსტიტუტების მაქსიმალურ ჩართულობას მოითხოვს“, - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.