გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი და მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულია „ნავთობპროდუქტების მწარმოებელთა იმპორტიორთა და მომხმარებელთა კავშირის“ წარმომადგენლებს შეხვდნენ. სამინისტროს ინიციატივით, ქვეყანაში ნებაყოფლობითი ეკოლოგიური მარკირების სისტემა დაინერგება.
პირველ ეტაპზე დაგეგმილია საავტომობილო საწვავის (ბენზინი, დიზელი) ეკომარკირება, რომლის მიზანია ბაზარზე ეკოლოგიურად სუფთა საწვავის ზრდისა და ნავთობიმპორტიორ კომპანიებს შორის ჯანსაღი კონკურენციის ხელშეწყობა.
ასევე, საზოგადოებისთვის ეკოლოგიურად სუფთა საწვავის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს ამ ინიციატივაში დაინტერესებული მხარეების აქტიურ ჩართულობას საავტომობილო საწვავის ეკო-მარკის კონკრეტული პარამეტრების განსაზღვრის მიზნით, რომელიც ევრო სტანდარტებს დაეფუძნება.
ეკომარკირების პროცესს „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი“ განახორციელებს.