პარლამენტის წევრის, მანანა კობახიძის საკანონმდებლო ინიციატივა - „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, განიხილა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე.
წარმოდგენილი კანონპროექტი მუნიციპალიტეტის საკრებულოების მიერ მუნიციპალური „გენდერული თანასწორობის საბჭოების“ ჩამოყალიბებას ითვალისწინებს, რომლებიც საქართველოს პარლამენტის გენდერულ საბჭოსთან კოორდინირებულად იმუშავებენ. მანანა კობახიძის თქმით, ეს ადგილობრივ დონეზე დისკრიმინაციის ფაქტებზე დროული რეაგირების მიზნით შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებისათვის ეფექტური საშუალება იქნება. წარმოდგენილი კანონპროექტით გამგეობებისა და მერიების ერთ-ერთ მოსამსახურეს, როგორც მრჩეველს გენდერული თანასწორობის საკითხებში, დაევალება ზემოხსენებული ფუნქციის განხორციელება.
ინიციატორის განმარტებით, ცვლილების მომზადების საჭიროება წარმოიშვა იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს 23-ე მუხლი არ ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის მუდმივმოქმედი საბჭოს ან სამუშაო ჯგუფის ფორმირების შესაძლებლობას, გარდა დროებითი სამუშაო ჯგუფისა.
კანონპროექტით ასევე ხდება ორგანული კანონის „ადგილობრივი
თვითმმართველობის კოდექსის“ და „გენდერული თანასწორობის შესახებ“
საქართველოს კანონის ურთიერთშესაბამისობის უზრუნველყოფა.
კანონპროექტი დღეს პირველი მოსმენით განიხილებოდა. კომიტეტის წევრები
პრინციპების დონეზე დაეთანხმნენ კანონპროექტის არსს. მანანა კობახიძემ
განხილვის პროცესში დასმულ შეკითხვებს უპასუხა. კანონპროექტის
ინიციატორმა წინადადებით მიმართა კომიტეტს, კანონპროექტის საბოლოო
მიღების ეტაპის გადადების თაობაზე, იმის გათვალისწინებით, რომ
გარკვეული საკითხები იურიდიული ტექნიკის თვალსაზრისით გადასახედია
დაკონსულტაციებისთვის ვადის გაგრძელება ითხოვა.