ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ კანონპროექტთა პაკეტზე იმსჯელეს, რომელიც „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანას ითვალისწინებს. მომხსენებლის, საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის, ალექსანდრე ბარამიძის განმარტებით, ცვლილების თანახმად, სოციალურ მუშაკს მიეცემა უფლებამოსილება, რათა ბავშვის, არასრულწლოვნის, მოძალადე მშობლისგან და გარდა ამისა, სხვა კანონიერი წარმომადგენლისგან ან სხვა პირისგან გამოცალკევების შესახებ მიიღოს გადაწყვეტილება. „უნდა დავიცვათ, არა მარტო ის ბავშვები, რომლებსაც აქვთ ოჯახი და იჩაგრებიან მოძალადე მშობლისგან ან სხვა კანონიერი წარმომადგენლისგან, არამედ ის ბავშვებიც, რომლებიც, სამწუხაროდ, იზრდებიან ან მუშაობენ ქუჩაში.
"სოციალურ მუშაკს უნდა მიეცეს უფლებამოსილება ბავშვთა მიმართვიანობის რეფერირების პროცედურებით განსაზღვრულ შემთხვევებში, მიიღოს გადაწყვეტილება ასეთი პირებისგან ბავშვების გამოცალკევების”,- განმარტა ალექსანდრე ბარამიძემ. მომხსენებელმა იმ კანონებზეც ისაუბრა, სადაც შესაბამისი ცვლილებები განხორციელდება. დეპუტატებმა წარმოდგენილ კანონპროექტთა პაკეტს მხარი დაუჭირეს.