ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ხვალ, მორიგი საინფორმაციო შეხვედრები ბორჯომსა და ახალციხეში გაიმართება. ბორჯომში, მოსახლეობა დაწვრილებითი ინფორმაციის მიღებას 13:30 საათიდან შეძლებს. ახალციხეში კი პრეზენტაცია 11:00 საათზეა დაგეგმილი.
მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის ბიზნეს იდეების წარმოდგენის მეორე რაუნდის ფარგლებში, ერთი თვის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები საინფორმაციო ტურის ფარგლებში ესტუმრებიან ყველა რეგიონს და დაინტერესებულ პირებს დაწვრილებით განუმარტავენ პროგრამაში ჩართვისა თუ განხორციელების ყველა დეტალს.
15 თებერვლიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით რეგიონის მოსახლეობას კვლავ შეუძლია წარადგინოს საკუთარი ბიზნეს იდეა ვებ-გვერდის მეშვეობით www.qartuli.ge და ჩაერთოს მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამაში, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან 5 000 დან 15 000 ლარამდე თანადაფინანსების გაცემას გულისხმობს და წარმოადგენს ბიზნესის განვითარების კარგ შესაძლებლობას. ბიზნეს იდეის წარდგენა შესაძლებელია ა.წ 31 მარტამდე.