მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ, რათა გამჭვირვალედ და ეფექტიანად ჩავატაროთ ის პროცედურები, რომლებიც საჭიროა, რომ ზუსტად ორჯერ გავზარდოთ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების სიჩქარე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბიზნესასოციაციის წევრებთან შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ამის რესურსი არსებობს და შესაბამის პრეზენტაციას მთავრობა უახლოეს ხანში წარადგენს.
„ჩვენ მაქსიმალურად უნდა დავაჩქაროთ ჩვენი ქვეყნის ძირითადი ინფრასტრუქტურის შექმნა, მათ შორისაა - აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალი, სტრატეგიული მნიშვნელობის გზები, რომლებიც ქვეყნის სტრატეგიული განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, ასევე, შიდა გადაადგილებისა და ტურიზმისთვის საჭირო რამდენიმე გზა", - აღნიშნა პრემიერმა.