საქართველოში ვირუსული ინფექციით 16 ადამიანი გარდაიცვალა, -
ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა
ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, გრიპის ვირუსთან დაკავშირებით სიტუაცია
დამშვიდებისკენ მიდის.
"გრიპის ვირუსის პიკი იყო მიმდინარე წლის მეოთხე კვირა, როცა
100 000 მოსახლეზე 357 დადასტურებული შემთხვევა გვქონდა. მეხუთე
კვირაში დაიწია მაჩვენებელმა და უკვე 100 000 მოსახლეზე 310 შემთხვევა
დაფიქსირდა. რაც შეეხება მეექვსე კვირას, უკვე დაფიქსირებულია 284
შემთხვევა. სტაციონარში მიმართვიანობა შემცირებულია, თუმცა ეს არ
გვაძლევს დამშვიდების საფუძველს. თებერვალში გრიპის შემთხვევები კიდევ
იქნება", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის
განმარტებით, H1N1-ის, ე.წ. ღორის გრიპის ვირუსით გარდაიცვალა 15
ადამიანი, ხოლო H3N2-ის ვირუსით - ერთი პირი.
"ყველა გავრცელების შემთხვევა იყო ქრონიკული დაავადების ფონზე.
ძირითადი მიზეზი იყო დაგვიანებული მიმართვიანობა. შეიძლება ითქვას,
რომ პიკი უკვე გადავლილია, თუმცა გრიპის დასაწყის სიმპტომებში
აუცილებლად უნდა მიმართოთ ოჯახის ექიმს, ან სამედიცინო დაწესებულებას.
ადრეულ ეტაპზე დაწყებული მკურნალობა გამოჯანმრთელების გარანტიაა.
ყველა გარდაცვალების შემთხვევა სწორედ დაგვიანებულმა მკურნალობამ
განაპირობა", - განმარტა ამირან გამყრელიძემ.
დაავადებათა კონტროლის რაიონული ცენტრის ხელმძღვანელმა
ორსულებსაც მიმართა და ურჩია, გრიპის სიმპტომების დაწყებისთანავე
მიმართონ სტაციონარებს, სადაც პრეპარატ "ტამიფლუს" მიღება უფასოდ
შეეძლებათ.
"რაც შეეხება რეკომენდაციებს, აუცილებელია პირადი ჰიგიენის
დაცვა, ასევე სამუშაო და საცხოვრებელ ადგილებში სველი წესით
დალაგება", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.