ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივით და "ვესტმისტერის დემოკრატიული ფონდის" მხარდაჭერით 13-14 თებერვალს წამებისა და არაადამიანური მოპყრობის პრობლემებზე საქართველოს კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებების განხილვა მოეწყობა. პარლამენტის ინფორმაციით, მსგავსი შეხვედრა მეორედ ტარდება.
კონფერენციას პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია გახსნის. მსჯელობის მთავარი თემა "წამების კვალიფიკაციასთან დაკავშირებული პრობლემები და პრევენციის მექანიზმების საერთაშორისო პრაქტიკა" იქნება.
კონფერენციას პარლამენტის დეპუტატები და იუსტიციის სამინისტროს, პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სასჯელაღსრულების სამინისტროს, ხელისუფლებისა და აკადემიური წრის წარმომადგენლები დაესწრებიან. კონფერენცია ბორჯომში, სასტუმრო "რიქსოსში" გაიმართება.