წვრილფეხა პირუტყვის (ცხვარი, თხა) ჭირის დაავადების გამოვლენისთანავე, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შესაბამისი ვეტერინარული ღონისძიებების განხორციელება დაიწყო. დაავადების გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 1 მლნ დოზა მაღალი ხარისხის ვაქცინა შეისყიდა. წვრილფეხა პირუტყვის მასიური ვაქცინაცია და სერომონიტორინგი (სისხლის ნიმუშების აღება), მიმდინარე კვირიდან დაიწყება.
ჯამში 800 ათასი სული წვრილფეხა პირუტყვის აცრაა დაგეგმილი. დაცემული პირუტყვის ვეტერინარული წესების სრული დაცვით განადგურების შემდეგ, ტერიტორიაზე სადეზინფექციო სამუშაოები ხორციელდება. დაავადების საწინააღმდეგო ღონისძიებების ეფექტიანად განხორციელებისა და დაავადების გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოში იმყოფებიან ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზაციის (OIE) ექსპერტები, რომლებიც ქართველ კოლეგებს გამოცდილებას გაუზიარებენ. 2016 წლის იანვარში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისის შემოგარენში არსებული ფერმიდან მიიღო შეტყობინება პირუტყვის დაავადების და დაცემის შესახებ. სააგენტოს ვეტერინარების მიერ მოხდა ნიმუშების აღება. პირველადი დიაგნოზით სპეციალისტებმა ეჭვი ცხვრის კატარალურ ცხელებაზე (ბლუტანგი) მიიტანეს. ზუსტი დიაგნოსტირების მიზნით, ნიმუშები დიდ ბრიტანეთში არსებულ საერთაშორისო რეფერალურ ლაბორატორიაში გადაიგზავნა. გამოკვლევის შედეგებით ცხვრის კატარალური ცხელება არ დადასტურდა. დამატებითი კვლევებით წვრილფეხა პირუტყვის დაავადება - ჭირი დადგინდა. აღნიშნული დაავადება მეზობელ ქვეყნებში-თურქეთსა და ირანშიც ფიქსირდება. წვრილფეხა პირუტყვის ჭირი ვირუსული დაავდებაა, რომელსაც ახასიათებს სწრაფი გავრცელება არავაქცინირებულ ცხოველებში (ცხვარი, თხა).
სურსათის ეროვნული სააგენტო ცხოველთა მეპატრონეებს მოუწოდებს ითანამშრომლონ სააგენტოს წარმომადგენლებთან, რათა დროულად და ეფექტიანად განხორციელდეს შესაბამისი ვეტერინარული ღონისძიებები.