ცეცხლსასროლი იარაღის დაკარგვის შესახებ ცრუ შეტყობინების
კრიმინალიზება იგეგმება. ასევე შესაძლოა შეიცვალოს პასუხისმგებლობის
ზომები, რომელიც იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა/შენახვაზეა
დადგენილი.
საკანონმდებლო ინიციატივა შსს-ს ეკუთვნის. პროექტი პარლამენტში
ჯერ ინიცირებული არ არის, თუმცა ასახულია იმ საკანონმდებლო
ინიციატივათა ნუსხაში, რომლის წარდგენას მთავრობა პარლამენტისთვის
საგაზაფხულო სესიის განმავლობაში აპირებს.
კერძოდ, ცეცხლსასროლი იარაღის (გარდა სანადირო ცეცხლსასროლი და
სპორტული ცეცხლსასროლი იარაღისა), საბრძოლო მასალის, ფეთქებადი
ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო
შეძენა/შენახვისათვის სასჯელის ზომა განისაზღვრება თავისუფლების
აღკვეთით ვადით – 4-დან 6-წლამდე, ნაცვლად 4 წლამდე თავისუფლების
აღკვეთისა.
ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების
ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო ტარებისათვის
ნაცვლად 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთისა, დგინდება
თავისუფლების აღკვეთა ვადით 5-დან 7-წლამდე.
ასევე პროექტით, "სისხლის სამართლის კოდექსს" ახალი მუხლი
ემატება, რომლითაც ცეცხლსასროლი იარაღის(გარდა სანადირო ცეცხლსასროლი
და სპორტული ცეცხლსასროლი იარაღისა), დაკარგვის შესახებ ცრუ
შეტყობინების კრიმინალიზაცია ხდება.
"ცვლილებების მომზადება განპირობებულია იმით, რომ ცეცხლსასროლი
იარაღი წარმოადგენს მომეტებული საფრთხის წყაროს დანაშაულის ჩადენის
რისკების თვალსაზრისით", - განმარტავს შინაგან საქმეთა
სამინისტრო.