იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა იუსტიციის სამინისტროში
ბრიფინგი გამართა. ბრიფინგის თემა ამნისტიის კანონი იყო, რომელიც
გაყალბებულ დოკუმენტებს ეხება, და, ასევე, მინისტრის მიერ გამოცემული
ბრძანება, რომელიც საბუთებსა და მონაცემთა ბაზებში არსებული შეუსაბამო
მონაცემების გასწორებისათვის შეღავათებს აწესებს.
გაყალბებული დოკუმენტების ამნისტიის ინიციატივა იუსტიციის
სამინისტროს ეკუთვნის. კანონი 2015 წლის 30 დეკემბრიდან ამოქმედდა.
მისი მიზანია საქართველოს მოქალაქეთა მონაცემების დაზუსტება,
მონაცემთა ბაზების გაწმენდა და საარჩევნო სიის სრულყოფა.
ამნისტია ვრცელდება იმ პირებზე, რომელთაც სხვადასხვა მიზეზის
გამო გააყალბეს პირადობის მოწმობა, პასპორტი, სხვა სამგზავრო
დოკუმენტი, დაბადების მოწმობა, დევნილის მოწმობა, ბინადრობის მოწმობა,
სამოქალაქო აქტის ჩანაწერი, სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობა.
ისინი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლდებიან იმ
შემთხვევაში, თუ მიმართავენ სახელმწიფო სერვისების განვითარების
სააგენტოს ფილიალებს, იუსტიციის სახლებს, საზოგადოებრივ ცენტრებს და
თავად განაცხადებენ დოკუმენტის გაყალბების თაობაზე.