საქართველოს პარლამენტი განიხილავს საქართველოს პარლამენტის წევრის იოსებ ჯაჭვლიანის საკანონმდებლო ინიციატივას „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“, რომელიც ითვალისწინებს ახალი 1661 მუხლის დამატებას. აღნიშნული მუხლი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად აცხადებს და ჯარიმას აწესებს პირის რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისთვის.
მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმა, რომ კანონპროექტი კრძალავს:
აღსანიშნავია, რომ 2 თებერვალს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა განიხილა მოცემული კანონპროექტი და მისი ზოგადი შინაარსისა და ბუნდოვანების გამო, ინიციატორს მუხლის ფორმულირების შეცვლა შესთავაზა. თუმცა, პრინციპის დონეზე კომიტეტმა მხარი დაუჭირა პირის რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად მიჩნევის საკითხს.
საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივა, როგორც შინაარსობრივად, ისე ფორმის თვალსაზრისით, ცალსახად წინააღმდეგობაში მოდის გამოხატვის თავისუფლებასთან, ეწინააღმდეგება სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპიდან გამომდინარე კანონის განჭვრეტადობის მოთხოვნას და საბოლოო ჯამში, განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ განვითარებას.
შემოთავაზებული ფორმულირებებით გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ერთადერთი კრიტერიუმია „მორწმუნეთა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა“, რაც სრულიად მოკლებულია ობიექტური შეფასების შესაძლებლობას და ერთი ადამიანის გამოხატვას მთლიანად მეორე ადამიანის – მორწმუნის კონტროლის ქვეშ აქცევს, რასაც პრაქტიკულად აქვს მორწმუნეებისთვის პრივილეგიის მინიჭების ეფექტი. ამასთან, შესაბამისმა სახელმწიფო უწყებებმა ამ ნორმის საფუძველზე კანონის აღსრულებისას უნდა შეაფასონ რა შეიძლება იყოს „შეურაცხმყოფელი მორწმუნის გრძნობებისთვის“, რაც ამ ორგანოებს თვითნებობის ფართო შესაძლებლობას მიანიჭებს.
გარდა ამისა, „გრძნობების შეურაცხყოფა“ თავისთავად არ გამოდგება ფუნდამენტური უფლების შეზღუდვის საფუძვლად. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განაცხადა, რომ „პოზიციის, ფასეულობების, იდეების მიუღებლობა არ შეიძლება გახდეს ... გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საფუძველი. სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას ობიექტურად იდენტიფიცირებადი ინტერესები, მაგრამ არა სუბიექტური გრძნობები.“ (საქართველოს მოქალაქეები – გიორგი ყიფიანი და ავთანდილ უნგიაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 1/3/421,422, 10 ნოემბერი, 2009, პარ. II.7).
იმის გათვალისწინებით, რომ შემოთავაზებული ნორმით მიღებული სიკეთე ძალიან საეჭვოა, გამოხატვის თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის მიყენებული ზიანი კი ერთმნიშვნელოვანი, ნორმა წარმოადგენს გამოხატვის თავისუფლების არაპროპორციულ შეზღუდვას და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის, აგრეთვე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და ადამიანის უფლებათა სხვა საერთაშორისო აქტებით დადგენილ გარანტიებს. შესაბამისად, აღნიშნული საფრთხეების გამო საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტს მიმართავს უარი თქვას ამ ფორმისა და შინაარსის მქონე კანონპროექტის მიღებაზე.