კანონპროექტი სპეცუბნების გაუქმებასთან დაკავშირებით
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე სპეცუბნებთან დაკავშირებით საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტი წარადგინა. თინათინ ხიდაშელის განმარტებით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ე.წ. სპეცუბნები აღარ იქნება.
„კანონპროექტი სამ ნაწილად შეიძლება გავყოთ. როგორც შევპირდი მოსახლეობას, სპეცუბნები გაუქმდება, ეს უკვე წერია კანონპროექტში და დარწმუნებული ვარ, პარლამენტი ამას უცვლელად დაამტკიცებს. სამხედრო მოსამსახურეების უდიდესი უმრავლესობა ხმას მისცემს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. კონტინგენტის იმ ნაწილისთვის კი, რომელიც სავალდებულო განაწესში იმყოფება და ვერ დატოვებს სამხედრო ნაწილს, როტაციას უზრუნველვყოფთ, რათა თავდაცვის სამინისტროს კუთვნილ ტერიტორიაზე არ ჩატარდეს არჩევნები. ისინი უახლოეს სამოქალაქო უბანზე მორიგეობით მისცემენ ხმას. ამ კატეგორიის სხვადასხვა სამხედრო ნაწილში სამხედრო მოსამსახურეების დაახლოებით 25-30%-ია“,- განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
თინათინ ხიდაშელის თქმით, წინასწარ გამოქვეყნდება ყველა ინფორმაცია, რომელიც ამა თუ იმ საარჩევნო უბანზე სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობას ეხება. კანონპროექტში გათვალისწინებულია ის შენიშვნები, რომელიც პრემიერ-მინისტრთან არასამთავრობოების შეხვედრის დროს გამოითქვა.
სპეცუბნებთან დაკავშირებით კანონპროექტი თავდაცვის სამინისტრომ მოამზადა, დოკუმენტზე მუშაობა ორი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. სამუშაო ჯგუფს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ბესიკ ლოლაძე ხელმძღვანელობდა.