ინციდენტი ბორჯომში რამდენიმე საათის წინ "გალფის" ბენზინგასამართი სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. ურთიერთშელაპარაკება ორ ახალგაზრდა მამაკაცს შორის მოხდა, რის შემდეგაც თბილისში მცხოვრები 1999 წელს დაბადებული მოქალაქე დაჭრეს. დაზარალებულს ჭრილობა თავის და კისრის არეში ჰქონდა მიყენებული. მისი გადაყვანა ჯეო-ჰოსპიტალსის ბორჯომის სამედიცინო ცენტრში მოხდა, დაახლოებით 2 საათის წინ კი ის საავადმყოფოდან გაწერეს.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცავები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა. სამართალდამცავებმა დანაშაული ცხელ ფაქტზე გახსნეს. შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებული უკვე დაკავებულია, გამოძიება კი სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.