შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ თეიმურაზ კალანდაძე აღნიშნულ თანამდებობაზე მუშაობას კვლავ აგრძელებს. მისი დანიშვნის შესახებ ბრძანება დღეს დაიწერა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მასშტაბით, რეგიონების პოლიციის დეპარტამენტების დირექტორებმა სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადებები 15 იანვარს დაწერეს. ამავე დღეს დაწერა განცხადება სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა თეიმურაზ კალანდაძემაც.
შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სპეციალისტი ტელეკომპანია "ბორჯომთან" აცხადებს, რომ რეგიონების პოლიციის დეპარტამენტების ხელმძღვანელების უმეტესობამ თანამდებობა შეინარჩუნა. მათივე განცხადებით, აღნიშნული საკადრო ცვლილებაში უწყებაში მიმდინარე რეორგანიზაციას უკავშირდებოდა.
დღესვე შინაგან საქმეთა მინისტრი რეგიონების პოლიციის დეპარტამენტების ახლადდანიშნულ დირექტორებს შეხვდა. გიორგი მღებრიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას კიდევ უფრო ამკაცრებს. შეხვედრაზე შს მინისტრმა ყურადღება გაამახვილა რეგიონების პოლიციის დეპარტამენტების კოორდინირებულ მუშაობაზე და დეპარტამენტების ხელმძღვანელებს სამუშაო პროცესთან დაკავშირებით ახალი დავალებები მისცა.