საქართველოს მთავრობამ იუსტიციის სამინისტროს მიერ
წარდგენილი ცვლილებათა პაკეტი დაამტკიცა, რომელიც გაერო-ს ადამიანის
უფლებათა კომიტეტის გადაწყვეტილების აღსრულების მექანიზმის შექმნას
ითვალისწინებს. საკანონმდებლო ცვლილებები სისხლის, ადმინისტრაციულ და
სამოქალაქო კოდექსებში იუსტიციის მინისტრმა წარადგინა. ქართულ
სასამართლოს უფლება ენიჭება, განიხილოს იმ პირთა სარჩელი
ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ, რომელთა მიმართაც არსებობს
გაერო-ს ადამიანის უფლებათა კომიტეტის გადაწყვეტილება პირის მიმართ
უფლებების დარღვევისა და სახელმწიფოს მიერ მისთვის კომპენსაციის
გადახდის თაობაზე.
პროექტის თანახმად, თუკი გაერო-ს კომიტეტი სახელმწიფოს პირის
მიმართ კომპენსაციის გადახდას დააკისრებს, პირი უფლებამოსილი
იქნება, მიმართოს ქართულ სასამართლოს კომპენსაციის მიღებასთან
დაკავშირებით. სასამართლო კომპენსაციის ოდენობას განსაზღვრავს
ადამიანის უფლების დარღვევის სიმძიმისა და სხვა ობიექტური ფაქტორების
გათვალისწინებით. ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ სარჩელი
განიხილება „საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით“
დადგენილი წესით.
ცვლილებების თანახმად, გაერო-ს კომიტეტის გადაწყვეტილების
არსებობა ახლად გამოვლენილ გარემოებად ჩაითვლება და
განაჩენის გადასინჯვის საფუძველი გახდება. შესაბამისი ცვლილებები
სისხლის სამართლის კოდექსის 310-ე მუხლში შედის. განაჩენის
გადასინჯვის მოთხოვნით პირმა სასამართლოს უნდა მიმართოს გაერო-ს
კომიტეტის გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 1 წლის
ვადაში.
ახალი წესი გავრცელდება იმ პირებზეც, რომელთა მიმართაც უკვე
არსებობს გაერო-ს ადამიანის უფლებათა კომიტეტის გადაწყვეტილება
მათთვის სახელმწიფოს მიერ კომპენსაციის გაცემის თაობაზე. ისინი
უფლებამოსილნი იქნებიან, ფულადი კომპენსაციის გაცემის მოთხოვნით
მიმართონ ქართულ სასამართლოს. კანონპროექტი ითვალისწინებს დავის
განხილვას ზეპირი მოსმენის გარეშე, თუმცა, ერთ-ერთი მხარის
მოთხოვნით სასამართლო ვალდებულია, საქმე განიხილოს ზეპირი
მოსმენით.
აღსანიშნავია, რომ ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ სარჩელი
სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდება.
დღეს მოქმედი კანონმდებლობით, არ არსებობს მექანიზმი, რომელიც
შესაძლებელს გახდის, ქართულმა სასამართლომ განიხილოს იმ პირთა ფულადი
კომპენსაციის მიღების შესახებ სარჩელი, რომელთა მიმართაც
არსებობს გაერო-ს უფლებათა კომიტეტის გადაწყვეტილება სამოქალაქო
და პოლიტიკურ უფლებათა დარღვევის შესახებ ან სახელმწიფოს მიერ
კომპენსაციის გადახდის თაობაზე. შესაბამისად, ამ პირებს არ აქვთ
სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალებები. ასევე, არ
არსებობს სხვა კომიტეტების გადაწყვეტილებათა აღსრულების სამართლებრივი
საფუძველი, რომლებსაც საქართველოსთან მიმართებით ინდივიდუალური
საჩივრების განხილვის უფლებამოსილება აქვს. ამდენად, აუცილებელია, ამ
პირთა სარჩელების მიღებისა და განხილვის უფლებამოსილება ჰქონდეს
საქართველოში არსებულ სასამართლოს, რომელსაც უშუალოდ
დაზარალებული პირი მიმართავს. იუსტიციის სამინისტროს მიერ წარდგენილი
საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი სწორედ ამ ხარვეზებს
აღმოფხვრის.