ის, რაც სამთო რეგულაციებთან დაკავშირებით გვქონდა
მომზადებული, აღმოჩნდა უფრო რბილი, ვიდრე დღეს არსებული
მოთხოვნილებებია საზოგადოებაში, - ამის შესახებ ეკონომიკისა და
მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა
დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"ჩვენ მოვიყვანეთ თუკი ვინმე არის დაინტერესებული და კიდევ
ერთხელ განვიხილეთ ეს საკითხი. ის, რაც ჩვენ გვქონდა მომზადებული,
აღმოჩნდა ცოტა უფრო რბილი, ვიდრე დღეს არსებული მოთხოვნილებებია
საზოგადოებაში. გაჩნდა იდეა იმის შესახებ, რომ ნასვამ
მოთხილამურეს უნდა ჩამოერთვას თხილამურები.
მინისტრის განმარტებით, უწყება შეეცდება, რომ მომდევნო ათი დღის
განმავლობაში შესაბამისი კანონპროექტის შესწორებული ვარიანტი
განსახილველად მთავრობის სხდომაზე გაიტანოს.
"შს მინისტრმა გამოსცა ბრძანება და უკვე ამ შაბათ-კვირას თქვენც
კი დაგვხდებათ პატრული აბსოლუტურად ყველა სამთო კურორტზე", - განმარტა
დიმიტრი ქუმსიშვილმა.
მისივე თქმით, კანონპროექტში შედის სხვადასხვა სახის ცვლილება,
მათ შორის განისაზღვრება, თუ რა არის სასრიალო ტრასა, ვინ არის
მოსრიალე ადამიანი და ა.შ.
"იმისათვის, რომ შემდგომ მათზე მოხდეს ზემოქმედება, უნდა
განისაზღვროს ყველაფერი. კანონპროექტში ძალიან მკაფიოდაა ჩაწერილი,
რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი არის ალკოჰოლის ან
ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ, ასევე არის კონკრეტული აკრძალვები,
რომ თოვლმავლით არ შეიძლება შესვლა იქ, სადაც ადამიანები სრიალებენ.
იგივე უნდა მოქმედებდეს სნოუბორდთან მიმართებაში, რათა ყველა ის
რისკი, რომელიც არსებობს, მეტწილად იყოს გაწერილი.
ჩვენ კანონპროექტი მთავრობის სხდომაზე უკვე გავიტანეთ, თუმცა
აღმოჩნდა, რომ რეგულაციები კიდევ უფრო უნდა გავამკაცროთ. ძირითადი
ტენდენცია იქნება ის, რომ ნასვამმა ადამიანმა არ ისრიალოს ტრასაზე.
რაც შეეხება ფხიზელ ადამიანს, ასევე განსაზვრულია კონკრეტული ცნება,
რომ თუკი მოსრიალე თავისი ქცევით საფრთხეს უმქნის თავის თავს ან
გარშემომყოფებს, მასთან მიდის პატრული და შემდგომ მოხდება რეაგირება.
პირველად იქნება გაფრთხილება, ხოლო შემდეგ უკვე სხვა ქმედებები
გატარდება. პატრულირება უკვე განხორციელდება შაბათიდან", - განაცხადა
ქუმსიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.