დღეს მოქმედი კანონმდებლობით, არ არის განსაზღვრული, თუ ვინ მიეკუთვნება ქუჩაში მცხოვრები ბავშვების კატეგორიას.
ახალ რეგულაციას შემოაქვს ცნება „მიუსაფარი ბავშვი“, რაც შესაბამის სტრუქტურებს საშუალებას მისცემს, არა მხოლოდ ობოლი, უსახლკარო, არამედ უგულებელყოფილი მსხვერპლი ბავშვიც დაიცვას.
დღეს ქუჩაში მცხოვრები ბავშვებისათვის დოკუმენტების მოწესრიგების უფლება მხოლოდ მშობლებს და მეურვეს აქვთ. ბავშვების უმრავლესობას არ გააჩნია საიდენტიფიკაციო დოკუმენტაცია, რის გამოც ვერ იღებენ განათლებას, არ არიან ჩართულნი სოციალური თუ სამედიცინო სახის სახელმწიფო პროგრამებში.
ახალი რეგულაციით სოციალური მომსახურების სააგენტოს ეძლევა უფლება, მიმართოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიუსაფარი ბავშვებისათვის დოკუმენტაციის გაცემის თხოვნით. დოკუმენტები მათთვის უფასოდ გაიცემა და ბავშვებს მიეცემათ საშუალება, მიიღონ განათლება, შემწეობა და ჩაერთონ ჯანდაცვის პროგრამებში.
მოქმედი კანონმდებლობა ბავშვს იცავს მოძალადე ოჯახის წევრის ან კანონიერი წარმომადგენლისაგან. თუმცა, პრობლემაა ის, რომ ხშირად შეუძლებელია დადგენა, კონკრეტულად, ვინ ძალადობს მიუსაფარ ბავშვზე.
ახალი რეგულაციით შესაძლებელი ხდება არასრულწლოვნის დაცვა გარეშე პირის ძალადობისგანაც. შემოდის „სხვა პირის“ ცნება, რომელიც შესაძლოა, ძალადობდეს მოზარდზე. სოციალურ მუშაკს უფლება ექნება, მიიღოს ბავშვის მოძალადე მშობლისგან, კანონიერი წარმომადგენლისგან ან სხვა პირისგან განცალკევების შესახებ გადაწყვეტილება - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.