ვიცე-პრემიერმა - დიმიტრი ქუმსიშვილმა დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე განხილულ რამდენიმე განკარგულების პროექტზე ისაუბრა.
„ჩვენ დღეს განსახილველად გამოვიტანეთ შენობა-ნაგებობების უსაფრთხოების წესები, რომლებიც ამოქმედდება 2017 წლის 1 იანვრიდან. პრაქტიკულად, ერთი წელია კიდევ დარჩენილი აღნიშნული წესების ამოქმედებისათვის, თუმცა ეს არის ძალიან დიდი დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს ჩვენთვის ყველასთვის ძალიან საჭირბოროტო საკითხებს ხანძართან დაკავშირებით. მაგალითად, ხანძრისგან დამცავ აქტიურ სისტემებს, ხანძრის გავრცელებისა და შედეგების თავიდან აცილების უზრუნველყოფის პასიურ დამცავ საშუალებებს და ა.შ".
გარდა ამისა, ჩვენ განვიხილეთ ქვეყნის პოპულარიზაციის მიმართულებით გასახარჯი ბიუჯეტი - მხოლოდ წლის დასაწყისიდან ჩვენ დავხარჯავთ 14 800 000 ლარს პროექტის პოპულარიზაციაზე, თუმცა ვიმედოვნებთ, რომ წლის მეორე ნახევარში ჩვენ კიდევ შევძლებთ 8 000 000 ლარის დამატებას. ეს იქნება მხოლოდ ტურიზმის ადმინისტრაციის მიმართულება, რომელიც ქვეყნის პოპულარიზაციაზე დაიხარჯება“ - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.