საქართველოს პარლამენტში დღეს მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაციის აკრძალვასთან დაკავშირებით შსს-ს მიერ ინიცირებულ კანონპროექტს გაეცნენ. როგორც ცნობილია, კანონპროექტთან დაკავშირებით დეპუტატებს გარკვეული შენიშვნები აქვთ.
აღნიშნულის გამო კანონმდებლების ინფორმაციით, კანონის ამოქმედება სავარაუდოდ, გადაიწევს. მიზეზად კი კანონპროექტის გაჟღერებისთანავე ავტოიმპორტიორებისათვის გარკვეული ზიანის მიყენება დასახელდა.
კანონი ძალში სავარაუდოდ, არა მარტიდან, არამედ წლის მეორე ნახევრიდან შევა. შსს-ში აცხადებენ, რომ კანონის ამოქმედების ვადა დამოკიდებულია იმაზე, თუ რა პერიოდში განიხილავს კანონპროექტს პარლამენტი. კანონპროექტს პარლამენტი საჯაროდ განიხილავს.
შეგახსენებთ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროში სამთავრობო უწყებებთან ერთად შემუშავებული პროექტის მიხედვით 2016 წლის მარტიდან მარჯვენასაჭიანი ავტომობილების იმპორტი უნდა შეიზღუდოს.