შინაგან საქმეთა მინისტრმა დღეს საგანგებო ბრიფინგი გამართა. როგორც გიორგი მღებრიშვილმა აღნიშნა, განახლებულ გუნდთან ერთად გააგრძელებს და კიდევ უფრო გაამკაცრებს ბრძოლას დანაშაულის წინააღმდეგ:
„შინაგან საქმეთა სამინისტრო და მე, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი, ჩემს განახლებულ გუნდთან ერთად, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ვაგრძელებთ და კიდევ უფრო ვამკაცრებთ ბრძოლას დანაშაულის წინააღმდეგ!
დანაშაული არსებობდა ყოველთვის და არსებობს დღესაც, მაგრამ მთავარია, სახელმწიფო რას უპირისპირებს მას. დანაშაულს ჩვენ ვუპირისპირებთ შეუწყნარებელ პოლიტიკას!
ჩვენი მიზანია დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში უფრო ეფექტური შედეგები და უსაფრთხოების კიდევ უფრო მაღალი სტანდარტების დამკვიდრება.
ხაზგასმით ვაცხადებ: არანაირი შეღავათი, არანაირი მოწოდება და თხოვნა, ვისი მხრიდანაც უნდა იყოს, არ იქნება გათვალისწინებული, როდესაც საქმე გვაქვს სამართალდამრღვევთან და დამნაშავესთან!
მიუხედავად კრიმინალთა დამცველების მხრიდან პოლიციის მიმართ გაჟღერებული პერიოდული ინსინუაციებისა, პოლიცია არც ერთი ნაბიჯით უკან არ დაიხევს! იგი იმოქმედებს კანონის, ადამიანის უფლებების სრული დაცვით და გააგრძელებს უკომპრომისო ბრძოლას დანაშაულთან!
ნებისმიერი პირი, რომელიც არ დაემორჩილება პოლიციელის კანონიერ მოთხოვნას და გამოხატავს უპატივცემულობას პოლიციელისადმი, პასუხს აგებს კანონის სრული სიმკაცრით!
მე, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი, ვაცხადებ:
ბრძოლა დანაშაულთან იქნება შეურიგებელი, შეუვალი და ჩვენ ერთად ამ გზაზე აუცილებლად მივაღწევთ წარმატებას!“