იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დისტანციური სერვისებით სარგებლობის არხები კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდა. მობილური აპლიკაცია NAPR, რომელიც საჯარო რეესტრში შეიქმნა, მომხმარებლებს მობილური ტელეფონით ან პლანშეტური კომპიუტერით უძრავი ქონების რეესტრის სერვისებით სარგებლობის საშუალებას აძლევს.
ამჟამად მობილური აპლიკაციით მსურველებს სასურველი უძრავი ქონების სარეგისტრაციო განაცხადის მოძებნა შეუძლიათ. ძიების განხორციელება ყველა იმ პარამეტრითაა შესაძლებელი, რაც ვებპროგრამაში მოქმედებს. კერძოდ, განაცხადის ნომერი, პიროვნების სახელი და გვარი ან პირადი ნომერი, ორგანიზაციის საიდენტიფიკაციო კოდი, უძრავი ქონების მისამართი და საკადასტრო კოდი. მობილური აპლიკაცია მუდმივად განახლებადი იქნება და მომდევნო ვერსიებს ეტაპობრივად უძრავი ქონების რეესტრის სხვა სერვისებიც დაემატება.
„საჯარო რეესტრისთვის დისტანციური სერვისების განვითარება და მოქალაქეებისთვის ჩვენი მომსახურებების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვნი პრიორიტეტია. მობილურ აპლკაციებს სულ უფრო მეტი ადამიანი იყენებს. ვვარაუდობთ, რომ საჯარო რეესტრის მობილურ აპლიკაციასაც, რომელიც ახალ-ახალი სერვისებით მუდმივად შეივსება, საკმაოდ ბევრი მომხამრებელი ეყოლება“,-აცხადებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე პაპუნა უგრეხელიძე.
ამჟამად აპლიკაცია უკვე ხელმისაწვდომია ანდროიდის მომხმარებლებისთვის, უახლოეს მომავალში კი მის გამოყენებას iOS-ის მომხმარებლებიც შეძლებენ. ანალოგიური აპლიკაციის შექმნა ბიზნესის რეესტრის სერვისებით სარგებლობისთვისაცაა დაგეგმილი.