საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ხელი მოაწერა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებს, რომელიც პარლამენტის არჩევნებისათვის მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების შექმნის ახალ წესს განსაზღვრავს.
თუმცა, პრეზიდენტმა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებთან დაკავშირებით დღევანდელ ბრიფინგზე, რამდენიმე განმარტება გააკეთა.
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებები არანაირად არ არის ის საარჩევნო რეფორმა, რომელზეც ქართული პოლიტიკური სპექტრი წლებია საუბრობს და განპირობებულია მხოლოდ იმ მოთხოვნებით, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ თავისი გადაწყვეტილებით დაადგინა.
პრეზიდენტის თქმით, ეს სრულიად ტექნიკური ხასიათის ცვლილებებია და არა რეალურად საარჩევნო რეფორმა, რეფორმა რომელიც პოლიტიკურ აქტორებს შორის სრულ თანხმობას და თამაშის წესებზე ერთიან შეხედულებას დაადგენდა, ჯერ არ არსებობს.
„ხაზგასასმელია, რომ 2015 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროცესი წარიმართა. ფაქტობრივად, მთელი პოლიტიკური სპექტრი - ოპოზიციური პარტიები და სამთავრობო კოალიცია, ჩამოყალიბდა იმ შეხედულებაზე, თუ რა არის საუკეთესო ქართული საარჩევნო სისტემის ჩამოსაყალიბებლად.
პასუხი ამ თვალსაზრისით ნათელია, რომ საუკეთესოა - ქვეყნის მაჟორიტარული სისტემიდან უფრო სამართლიან - პროპორციულ სისტემაზე გადაყვანა.
განსხვევება მდგომარეობს მხოლოდ იმაში, რა ვადებია ამ პროექტის განხორციელების თვალსაზრისით - მთელი პოლიტიკური სპექტრი, არასამთავრობო სექტორი, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები და მეტიც, საქართველოს 240 ათასზე მეტი მოქალაქე პეტიციით მხარს უჭერს იმას, რომ ეს განხორციელდეს 2016 წელსვე. ხოლო განსხვევებული პოზიცია აქვს მმართველ კოალიციას, რომელიც ამ ცვლილებას 2020 წლისთვის გეგმავს.
ვფიქრობ, რომ მთლად არგუმენტირებული და გასაგები, თუ რატომ უნდა გადავდოთ საკითხი კიდევ 4 წლით, რომელზეც ვთანხმდებით, რომ კარგია და მისაღებია, ბოლომდე გაუგებარია ჩემთვის.
მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ ძალას, რომ უფრო ინტენსიური კონსულტაციების მეშვეობით, მივიდნენ ერთობლივ თანხმობამდე ამ საკითხთან დაკავშირებით“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.