28 წლის სნოუბორდისტი, ნუგზარ დიაკონაშვილი, უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა.
სპორტსმენი ბაკურიანში მთიდან წამოსულ მცირე ზვავში მოჰყვა და ადგილზე გარდაიცვალა.
დიაკონაშვილი ზვავის ჩამოწოლის დროს თხილამურებით სრიალებდა. უბედური შემთხვევა კოხტა გორასა და დიდველს შორის მოხდა. მაშველებმა რამდენიმესაათიანი ძებნის შედეგად სნოუბორდისტი გარდაცვლილი იპოვნეს. ის წარმოშობით ბაკურიანიდან იყო. სნოუბორდისტის ახლობლები, მეგობრები და ფედერაციის წარმომადგენლები გარდაცვლილის სახლთან დღეს დილიდან მიდიან.
ნუგზარ დიაკონაშვილი სნოუბორდის ფედერაციის ბაკურიანის ჯგუფს ხელმძღვანელობდა. ის 2015 წლის საქართველოს სნოუბორდ-კროსის ჩემპიონი იყო. დიაკონაშვილი 2018 წლის ზამთრის ოლიმპიადისთვის ემზადებოდა, რომელიც სამხრეთ კორეაში უნდა გამართულიყო.
ნუგზარ დიაკონაშვილი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და პერსპექტიული სპორტსმენი იყო ამ სახეობაში და 2018 წლის ოლიმპიადის ლიცენზიის მოპოვებას სწორედ მას უწინასწარმეტყველებდნენ.
გარდაცვლილს ოჯახში მშობლები და ერთი და დარჩა. ნუგზარ დიაკონაშვილს ბაკურიანში კვირას დაკრძალავენ.